აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 9 მარტს პოლონეთში ჩავა და ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გამართავს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის და იმ გავლენის საკითხებზე, რომელსაც ეს ომი რეგიონზე ახდენს.
ჰარისის ტურნე, რომელიც 9-11 მარტს გაიმართება, ასევე მოიცავს ვიზიტს ნატოს წევრ რუმინეთში, რომელიც ალიანსის სამხრეთაღმოსავლეთ ფრონტზე მდებარეობს.
ვარშავასა და ბუქარესტში ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრების დღის წესრიგი კონცენტრირებული იქნება უკრაინისთვის ეკონომიკური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის თემებზე - აცხადებს თეთრი სახლი.
"ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს ასევე განიხილავენ, როგორ შეუძლია აშშ-ს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინის მეზობლებს ძალადობას გამოქცეული ლტოლვილების მიღების საკითხში", - ამბობს ვიცე-პრეზიდენტის პრესსამსახური.
პოლონეთი ეხმარება უკრაინის ომს გამოქცეულ 1,2 მილიონ ადამიანს.
ბოლო კვირებში აშშ-მა ორჯერ და მეტჯერ გაზარდა პოლონეთში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა, რაც ამჟამად 9000 სამხედროს მოიცავს.