აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობების და რუსეთისთვის შექმნილი ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, პრეზიდენტი პუტინი შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ესკალაციის გზას დაადგეს. ამის შესახებ, როგორც „ამერიკის ხმა“ და BBC წერენ, სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა 8 მარტს განაცხადეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ევრილ ჰეინსი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში წარუმატებლობები, სავარაუდოდ, არ შეაჩერებს. ჰეინსის თანახმად, პუტინი განაწყენებულია, რადგან მიიჩნევს, რომ დასავლეთი სათანადო პატივს არ სცემს, ამიტომ ფიქრობს, რომ ომი არ უნდა წააგოს. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, კონკრეტულად რას ჩათვლის პუტინი გამარჯვებად, ეს შესაძლოა, დროთა განმავლობაში იცვლებოდეს.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, პუტინი გაბრაზებული და აშლილია და შეეცდება უკრაინის არმია გაანადგუროს, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის მიუხედავად. ბერნსის შეფასებით, პუტინი ამბიციების და მისი აზრით, უსამართლობის გამო, ფეთქებადსაშიშ წვენში იხარშება.
უილიამ ბერნსის თანახმად, პუტინზე არნახული ზეწოლის გამო მისი ახლო წრე სულ უფრო ვიწროვდება, თუმცა, ამ წრეში არ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მისი გადაწყვეტილებების კრიტიკულად შეფასება. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თქმით, სააგენტოს ანალიტიკოსები ვერ ხედავენ, როგორ შეუძლია პუტინს მიზნების მიღწევა, კერძოდ, კიევის აღება და ზელენსკის მთავრობის შეცვლა პრორუსული, მარიონეტული ხელისუფლებით.
ასევე ნახეთ „ეს იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში საუკეთესოდ დახარჯული მილიონი“ - ალექს კონანიხინი, კაცი, რომელმაც პუტინის „თავზე“ ჯილდო დააწესარუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 8 მარტისთვის 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.