თბილისში ბინების ქირის ფასმა რადიკალურად მოიმატა. მას შემდეგ, რაც რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესეს, რუსეთის ბევრი მოქალაქე დროებით თუ სამუდამოდ სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის ჩამოვიდნენ საქართველოშიც, რამაც ბინის ქირაზე ფასი მინიმუმ გააორმაგა.
„დილა მშვიდობისა, მე, ჩემი მეგობარი და ძაღლი (საშუალო ზომის) ერთ ან ოროთახიან ბინას ვეძებთ. სასურველია მეტროსთან ახლოს, დაახლოებით 300 დოლარად“, - ინგლისურად წერს გოგონა ფეისბუკჯგუფში, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან.
მისი პოსტის ქვეშ კომენტარები არ არის. სავარაუდოდ, წყვილს 300 დოლარად ბინის მოძებნა გაუჭირდება, რადგან ახლა ბინების ფასები, ყიდვა-გაყიდვის საიტებზე განთავსებული განცხადებებით ასე გამოიყურება:
„ქირავდება, ბინა გლდანის მასივში, 75 კვ.მ. ფასი: 3 740 ლარი თვეში“.
„ახალი აშენებული ბინა გლდანის მასივში, 55 კვ.მ. ფასი: 4 080 ლარი“.
„ახალაშენებული ბინა ნაძალადევში, ფასი: 3 060 ლარი“.
„ახალაშენებული ბინა ვაკეში, 120 კვ.მ. ფასი: 6 800 ლარი“.
„ახალაშენებული ბინა ბათუმში, 40 კვ.მ. ფასი: 2 720 ლარი“.
„სახლი ბათუმში, 300 კვ.მ. ფასი: 5 440 ლარი“...
კითხვაზე, ნამდვილად ქირავდება თუ არა ამ ფასად ბინები, უძრავი ქონების აგენტი ნინო ამბობს, რომ კი, ქირავდება, რადგან ქალაქში ბევრი უცხოელი შემოვიდა და ყველა საცხოვრებელს ეძებს. „სხვას ვერაფერს გეტყვით, არ მცალია, ახლა ზუსტად კლიენტებს ველაპარაკებოდი“, - გვითხრა მან.
უძრავი ქონების კიდევ ერთი აგენტი, ნათია ჰყვება, რომ ბინებზე ფასები რუსი და ნაწილობრივ ბელარუსი მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისად გაიზარდა.
„მეპატრონეებმა თავად მოუმატეს ფასები. 300-დოლარიანი ბინები 600-700 დოლარი გახდა. ძირითადად ცენტრალურ უბნებზეა მოთხოვნა, ახალაშენებულ და კეთილმოწყობილ კორპუსებში. ხელშეკრულებას ჩვენი სააგენტო აფორმებს, ბევრი მეპატრონე დეპოზიტს მოითხოვს გარანტიისთვის. როცა იგებენ, რუსია, არ უნდათ მიქირავება, იმის გამო არა, რომ ფული გაუთავდებათ და ვერ გადაიხდიან, უბრალოდ, აგრესორებად მიიჩნევენ. სხვა დამოკიდებულებაა უკრაინელების მიმართ, პირიქით, ფასს უკლებენ. მქონდა ერთი-ორი ასეთი შემთხვევა“, - გვითხრა ნათიამ.
უკრაინაში ომის გამო საქართველოში უკრაინელი დევნილები ბევრმა შეიფარა უსასყიდლოდ. სოციალურ ქსელში დახმარებას უკრაინელებს ახლაც სთავაზობენ.
სერგეი საქართველოში პუტინის რეჟიმს გამოექცა, ის რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშობს, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ციხეში თავი რომ არ ამოეყო, სერგეიმ გადაწყვიტა, დროებით საქართველოში გადმოხვეწილიყო.
„ერთი კვირის წინ დავიწყე ბინის ძებნა, მაგრამ რომ ხედავდნენ, რუსი ვიყავი, არ მპასუხობდნენ. შემდეგ მივუთითე უკრაინელი ვარ-მეთქი. მაშინვე „სლავა უკრაინაო“ მომწერეს და დამთანხმდნენ ბინის მოქირავებაზე“.
სერგეიმ თბილისის ცენტრალურ უბანში ერთოთახიანი, კეთილმოწყობილი ბინა შეარჩია, რომელშიც კვირაში 580 დოლარს იხდის. სანამ ბინაში შევიდოდა, მეპატრონის ლანძღვასაც შეესწრო, ის „უკრაინელ“ კლიენტთან რუსებს თათხავდა.
„პასპორტი არ მოუთხოვიათ და ისე ქართველები რუსებს და უკრაინელებს დიდად ვერ გვარჩევენ“.
უძრავი ქონების სააგენტო „თბილჰაუსის“ წარმომადგენელი კახა ცერცვაძე ამბობს, რომ ფასების ასეთი ავარდნის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ადასტურებს, რომ ქირის ფასმა მართლაც მოიმატა.
„მოთხოვნა არის, პროდუქცია კი არა, ამიტომ ფასი მატულობს. ფიზიკურად აღარაა გასაქირავებელი ბინები, დასაგირავებელი მანამდეც არ იყო. თუ ადრე 300 დოლარი ღირდა, ახლა 400-500 დოლარი ღირს. ძირითადად თბილისზე არის მოთხოვნა. იმის გამო, რომ მაინც ოჯახებით მოდიან, უფრო ოროთახაინი, სამოთახიანი ბინები უნდათ, გარემონტებული, კეთილმოწყობილი. ქირაობენ 3-6 თვით, ან შეიძლება წლითაც“.
კახა ცერცვაძის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ბინების შესყიდვას არ ცდილობენ, ძირითად დაქირავება სურთ.
„ხალხი არის პანიკაში, ყიდულობენ, ასე შვრებიან, ისე შვრებიანო. არავინ ყიდულობს, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი არავინ მინახავს. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, კიდევ უფრო გაიზრდება ქირის ფასი. რაც შეეხება ბინის გასაყიდ ფასს, ახალი წლის შემდეგ სამშენებლო კომპანიებმა ისედაც მოუმატეს ბინებს ფასები და აწი რა იქნება, არ ვიცი, თუ ხალხის შემოდინება ისევ გაგრძელდა, შეიძლება კიდევ გაიზარდოს“.
რამდენი ადამიანია შემოსული რუსეთის ფედერაციიდან? ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მათი რაოდენობა დიდი არაა და რომ წელს საქართველოში 20 000-25 000 რუსი ვიზიტორი შემოვიდა. ეს თითქმის იგივე მაჩვენებელია, რაც 2020 წელს იყო. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას ვერ ხედავს.