დანაშაულის პრეზუმფცია

2005 წლის 8 მარტს რუსეთის სპეცსამსახურმა მოკლა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი, ასლან მასხადოვი, რომელზეც მანამდე ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა ეს არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი პოლიტიკური მკვლელობა, რომლის უკანაც, ღიად თუ ფარულად, რუსეთის ხელისუფლება და მისი სპეცსამსახურები იდგნენ. სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღით, ჭურვით, ასაფეთქებელი მოწყობილობითა თუ ქიმიური იარაღით მოკლეს: ბორის ნემცოვი, ანა პოლიტკოვსკაია, სერგეი მაგნიტსკი, სტანისლავ მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა, ნატალია ესტემიროვა, ზელიმხან ხანგოშვილი, ალექსანდრ ლიტვინენკო და სხვ. ბრიტანული The Times-ის მტკიცებით, სულ ახლახან, ეს ჩამონათვალი შეიძლებოდა გაზრდილიყო მორიგი მსხვერპლით. როგორც გამოცემა წერს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმის, სულ ცოტა, სამ მცდელობას.

კიევი. 2022 წლის 2 მარტი

„უკრაინის ლიდერის მოსაკლავად კიევში შეგზავნეს ორი ჯგუფი - „ვაგნერის“ დაქირავებულები და ჩეჩნური სპეცრაზმი, თუმცა მკვლელობის ორივე მცდელობა აღკვეთილ იქნა უკრაინის სპეცსამსახურის მიერ. „ვაგნერის“ მებრძოლები შეძრწუნებული დარჩნენ იმით, თუ რამდენად ზუსტ ინფორმაციას ფლობდნენ უკრაინელები მათი გეგმების შესახებ. როგორც ჯგუფთან დაახლოებული წყარო ამბობს, ზელენსკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულობამ დივერსანტების ჯგუფს თავზარი დასცა. ასევე თავიდან იქნა აცილებული ზელენსკიზე თავდასხმა კიევის გარეუბანში, სადაც ლიკვიდირებულ იქნა ჩეჩენთა ჯგუფი“, - წერს ბრიტანული The Times-ი.

რუსეთის ფედერაციის ისტორიის ბოლო 30-წლიანი მონაკვეთის ზერელე ანალიზიც კი თვალსაჩინოს ხდის იმ მეთოდებისა და საშუალებების სისასტიკეს, რომლებსაც კრემლი ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს. ვოლოდიმირ ზელენსკისაგან განსხვავებით, არ გაუმართლა ასლან მასხადოვს, რომელიც ათზე მეტი წლის განმავლობაში ებრძოდა ჯერ ელცინის, შემდეგ კი პუტინის რუსეთს.

ასლან მასხადოვი - 1997 წელს კანონიერად არჩეული ჩეჩნეთის პრეზიდენტი, მოკლეს 2005 წლის 8 მარტს სოფელ ტოლსტოი-იურტში, სადაც, რუსეთის ფედერალური ძალების მიერ ძებნილი, თავს აფარებდა მიწისქვეშა ბუნკერს, ერთ-ერთი ნათესავის სახლში.

ედუარდ შევარდნაძე თბილისში მასპინძლობს ასლან მასხადოვს. 1997 წ.

„ასლან მასხადოვი ლიკვიდირებულ იქნა ФСБ-ს სპეცოპერაციის შედეგად“, - განაცხადა მაშინ ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციის ოფისის რეგიონული ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ილია შაბალკინმა. სხვა ვერსია გაახმოვანა რამზან კადიროვმა, რომელიც მოსკოვის მიერ შექმნილი ჩეჩნეთის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი იყო.

„მასხადოვი დაიღუპა პირადი მცველის ხელით, იარაღის უყურადღებო მოპყრობის შედეგად“, - განაცხადა მაშინ კადიროვმა.

რუსულმა ტელეკომპანია нтв-მ გაავრცელა ასლან მასხადოვის მკვლელობის ამსახველი კადრები. 2005 წლის 8 მარტი.

8 მარტსვე რუსეთის ყველა ფედერალურმა არხმა აჩვენა მოკლული მასხადოვის კადრები და სამხედროების ანგარიშები ჩრდილოეთ კავკასიაში წარმატებული ოპერაციის შესახებ.

ასლან მასხადოვზე ძებნა 2000 წლის გაზაფხულს გამოცხადდა. დაუსწრებლად ბრალი წაუყენეს შეიარაღებულ აჯანყებაში, უკანონო შეიარაღებული ჯგუფების ორგანიზებაში, ასევე სამართალდამცავების სიცოცხლის ხელყოფაში. 2005 წლის თებერვალში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მასხადოვს დააბრალა ტერორისტული თავდასხმების სერიის ორგანიზება, მათ შორის, 2004 წლის სექტემბერში ბესლანის მძევლების აყვანა, რაც არანაირად არ დასტურდება ფაქტებით.

საზოგადოება „მემორიალის“ წევრის, ალექსანდრ ჩერკასოვის სიტყვებით, „მასხადოვი იყო სეპარატისტი, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ტერორისტი. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ტერორისტულ აქტებში მასხადოვის მონაწილეობის შესახებ არც ბუდენოვსკში, არც კიზლიარში, არც პერვომაისკისში, არც ნორდ-ოსტსა და არც ბესლანში“.

რადიო თავისუფლების არქივში დაცულია ინტერვიუს ჩანაწერი, რომელშიც ასლან მასხადოვი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე საუბრობს მოსკოვსა და ჩეჩნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე:

ასლან მასხადოვი, 2002 წ.

„რამდენჯერმე მივმართეთ რუსეთის ხელისუფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებების წინადადებებით. ჩვენ ვიბრძვით ჩეჩენი ხალხის გაქრობის საფრთხის აღმოსაფხვრელად. ეს საფრთხე რუსეთიდან მოდის. ჩვენ წინააღმდეგ აწარმოებენ ომებს, გვასახლებენ, გვიწოდებენ მოღალატეებს და ტერორისტებს, აფეთქებენ სახლებს მოსკოვსა და ვოლგოდონსკში და მერე ჩვენ გვაბრალებენ ამას. ვიდრე ჩეჩნები დარჩებიან რუსეთის კონსტიტუციის მოქმედების სფეროში, ეს საფრთხე ყოველთვის იქნება. ამიტომ, მხოლოდ საერთაშორისო სამართალს შეუძლია ჩვენი დაცვა. ყველა სხვა კუთხით ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგალითად, მოლაპარაკებებისთვის ეკონომიკის ერთობლივ მართვაზე, ერთობლივ თავდაცვაზე, საერთო ვალუტაზე, საერთო დიპლომატიაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე. სწორედ ამას ვეუბნებით რუსეთს. მაგრამ მათ ეს არ უნდათ. ვხედავ მხოლოდ ერთ მიზეზს - იმპერიულ ამბიციებს. ჩვენ იძულებულნი ვართ, ყველგან ვეძიოთ მეგობრები, რადგან რუსეთს არ სურს იყოს ჩვენი მეგობარი.

ომის შეწყვეტის მეორე გზა - პირობითი დამოუკიდებლობის პრინციპი. სამშვიდობო მოლაპარაკებები საერთაშორისო მონაწილეობით უნდა გაიმართოს. როდესაც ომი დასრულდება, რუსული ჯარები უნდა გაიყვანონ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეიყვანოს სამშვიდობო ძალები ჩეჩნეთში. მოლაპარაკების პროცესს საერთაშორისო ადმინისტრაცია უნდა აკონტროლებდეს“.

ასლან მასხადოვამდე რუსეთის ხელისუფლებამ მოკლა ჩეჩნეთის პირველი და მეორე პრეზიდენტები: ჯოხარ დუდაევი და ზელიმხან იანდარბიევი.

ჯოხარ დუდაევი - ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის და რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში გამარჯვების მთავარი შემოქმედი - მოკლეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 1996 წლის 21 აპრილს სატელეფონო საუბრის დროს, დაახლოებით 20:00 საათზე დასახლება გიხჩუს (გეხი-ჩუ) მახლობლად რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ გადაცემული კოორდინატების მიხედვით, ორმა თვითმფრინავმა დაბომბა ადგილი, სადაც დუდაევი იმყოფებოდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტის მეუღლემ, ალა დუდაევამ 1996 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯოხარი მის თვალწინ დაიღუპა:

ჯოხარ დუდაევი

„ვუთხარით, რომ 100 პროცენტით ჩვენ გვიშენდნენ ცეცხლს, მაგრამ ცდილობდა დროის გათვლას. ისიც კი თქვა, რომ სადღაც 18 წუთი გამოდიოდა. ეგონა, რომ მოასწრებდა. შეგნებულად წავიდა რისკზე მისთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად. რადგან ვიცოდით, რომ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა, ამიტომ ვცდილობდით ჩვენი იქ ყოფნით დაგვეცვა, თუმცა გვესმოდა, რომ ეს დაცვა ვერაფერს შეცვლიდა“.

ალა დუდაევა, ჯოხარ დუდაევის ქვრივი

ჯოხარ დუდაევი - ლიდერი, რომლის გვერდის ავლა შეუძლებელი იყო, - ასე ახასიათებენ იჩქერიის პირველ პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად მოკლეს, თუმცა გამარჯვების ნაცვლად, რუსეთმა მიიღო მეტი წინააღმდეგობა. ბორის ელცინი იძულებული გახდა, კრემლში მიეღო ზელიმხან იანდარბიევი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტი და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო.

ზელიმხან იანდარბიევი - მოკლეს 2004 წლის 13 თებერვალს დოჰაში. ტერაქტის შედეგად (ააფეთქეს ავტომობილი) ასევე დაიღუპა იანდარბიევის დაცვის ორი თანამშრომელი, დაიჭრა იანდარბიევის 13 წლის ვაჟი.

ზელიმხან იანდარბიევი იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჯოხარ დუდაევის შემდეგ, 1996-1997 წლებში.

ზელიმხან იანდარბიევი

ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ დუბაიში დააკავეს რუსული სპეცსამსახურის სამი თანამშრომელი, რომლებსაც კატარის ხელისუფლება ზელიმხან იანდარბიევის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. კატარში იანდარბიევის მანქანის აფეთქებას ქვეყნის ისტორიაში პირველი ტერაქტი უწოდეს. მალევე კატარის ხელისუფლებამ მიიღო კანონი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ.

პოეტი ზელიმხან იანდარბიევი იყო ის ადამიანი, რომელმაც დაარწმუნა ჯოხარ დუდაევი, საბჭოთა ავიაციის გენერალი, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ჩეჩნეთის ეროვნულ მოძრაობას ჩადგომოდა სათავეში. დუდაევის პრეზიდენტად აირჩევის შემდეგ, იანდარბიევი იყო ვიცე-პრეზიდენტი და ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი.

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში მეთაურობდა რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ მებრძოლ რაზმს, მოკლეს ბერლინში 2019 წლის 30 აგვისტოს. მკვლელმა ხანგოშვილს ოთხჯერ ესროლა მაყუჩიანი პისტოლეტიდან: სამჯერ ზურგში, ერთხელ თავში. მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისშიც განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა.

ზელიმხან ხანგოშვილი

ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით დააკავა 49 წლის ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც ევროპაში გამგზავრებამდე მომზადება გაიარა ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმის („ვიმპელის“) ბაზაზე. კრასიკოვი ასევე არაერთხელ ესტუმრა ФСБ-ს ანტიტერორისტულ სამმართველოს და არაერთხელ ელაპარაკა ტელეფონით „ვიმპელის“ მებრძოლებს.

ბორის ნემცოვი - რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და გუბერნატორი, 2015 წელს მოკლეს მოსკოვში, კრემლის მახლობლად.

ბორის ნემცოვი

1990-იან წლებში ნემცოვი იყო პოსტსაბჭოთა რუსეთის „ახალგაზრდა რეფორმატორების“ პოლიტიკური ვარსკვლავი. გარდა იმისა, რომ იყო ვიცე-პრემიერი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა რუსეთის შესაძლო მომავალ პრეზიდენტადაც, მაგრამ 2000 წელს მან კი არა, პუტინმა შეცვალა ყოფილი პრეზიდენტი ბორის ელცინი. ნემცოვმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ამ არჩევანს, მაგრამ მისი კრიტიკა გამწვავდა მას შემდეგ, რაც პუტინმა მკვეთრად შეზღუდა სამოქალაქო თავისუფლებები.

ბორის ნემცოვი ორგანიზებას უკეთებდა ქუჩის მასობრივ აქციებს 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად და წერდა სტატიებს კორუფციის შესახებ.

2015 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის მისაღებად ღია მოწოდებები გაავრცელა, ბორის ნემცოვს უცნობმა თავდამსხმელებმა ზურგში ოთხი ტყვია ესროლეს. ვლადიმირ პუტინმა თავისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება „პირად კონტროლზე“ აიყვანა.

სტანისლავ მარკელოვი და ანასტასია ბაბუროვა - მოკლეს 2009 წელს: ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი, ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, სასამართლოებში წარმოადგენდა ჩეჩნეთის მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს რუსეთის არმიის ძალადობა და სასტიკი მოპყრობა. მარკელოვი ასევე იცავდა პუტინზე დაწერილი კრიტიკული სტატიების ავტორებს, რომლებსაც ძალოვანი სტრუქტურები დევნიდნენ.

ანასტასია ბაბუროვა და სტანისლავ მარკელოვი

სტანისლავ მარკელოვი კრემლის მახლობლად მოკლა ნიღბიანმა პირმა. ანასტასია ბაბუროვა, რომელიც „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი იყო, მაშინ მოკლეს, როდესაც სასიკვდილოდ დაჭრილი მარკელოვის დახმარებას ცდილობდა.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მკვლელობის უკან ნეონაცისტური ჯგუფი იდგა.

ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის ნოემბერში გარდაიცვალა პატიმრობაში, მას შემდეგ, რაც სასტიკად სცემეს და შემდეგ უარი უთხრეს სამედიცინო დახმარებაზე. სერგეი მაგნიტსკი მუშაობდა ბიზნესმენ უილიამ ბრაუდერთან და იძიებდა საგადასახადო თაღლითობის მსხვილ საქმეს.

სერგეი მაგნიტსკი

სავარაუდოდ, მაგნიტსკი დააკავეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ თაღლითობაში პოლიციაც მონაწილეობდა. 2012 წელს, გარდაცვლილი მაგნიტსკი რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო გადასახადებისგან თავის არიდების საქმეში. 2013 წელს აშშ-ის მთავრობამ სპეციალური სანქციები დაუწესა 18 პირს და გამოაქვეყნა მათი ვინაობა, ე.წ. მაგნიტსკის სიის სახით, რომელშიც შედიან მაგნიტსკის საქმესთან კავშირში მყოფი რუსი მოხელეები, მათ შორის - შსს-ს გამომძიებლები ოლეგ სილჩენკო, ნატალია ვინოგრადოვა და საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი ივან პროკოპენკო.

ჟურნალისტი ნატალია ესტემიროვა იძიებდა ჩეჩნეთში გახშირებულ გატაცებებსა და მკვლელობებს. ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მსგავსად, ესტემიროვა ჰყვებოდა სამოქალაქო პირებზე, მათ მძიმე ხვედრსა და თავზე დატეხილ უსამართლობაზე.

ნატალია ესტემიროვა

ნატალია ესტემიროვა საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, რამდენჯერმე ესროლეს (მათ შორის თავში) და შემდეგ მისი სხეული მახლობელ ტყეში გადააგდეს. ნატალია ესტემიროვას მკვლელობის გამო არავინ დასჯილა.


ანა პოლიტკოვსკაიამ, „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტმა, თავის წიგნში „პუტინის რუსეთი“, ბრალი დასდო ვლადიმირ პუტინს იმაში, რომ რუსეთი პოლიციურ სახელმწიფოდ გადააქცია. პოლიტკოვსკაია ბევრს წერდა ჩეჩნეთში გამეფებული ძალადობის შესახებ. ჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს საკუთარი სახლის ლიფტში.

ანა პოლიტკოვსკია

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებული იყო ხუთი ადამიანი, მაგრამ მოსამართლემ დაასკვნა, რომ ეს იყო შეკვეთით ჩადენილი მკვლელობა, რისთვისაც გადახდილ იქნა 150 ათასი დოლარი (თუმცა დამკვეთის ვინაობა არ დადგინდა). ვლადიმირ პუტინმა უარყო კრემლის მონაწილეობა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში და თქვა, რომ „მისი სიკვდილი თავისთავად უფრო მეტ ზიანს აყენებს დღევანდელ ხელისუფლებას როგორც რუსეთში, ასევე ჩეჩნეთში... ვიდრე მისი საქმიანობა“.

ალექსანდრ ლიტვინენკო - კგბ-ს ყოფილი ოფიცერი, რომელიც გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ლონდონის სასტუმროში დალია პოლონიუმ-210-ით გაზავებული ჩაი. ბრიტანულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო მოწამლეს რუსმა აგენტებმა, ანდრეი ლუგოვოიმ და დმიტრი კოვტუნმა, რომლებიც მოქმედებდნენ „სავარაუდოდ პრეზიდენტ პუტინის მიერ დამტკიცებული ბრძანებით“. რუსეთმა ეჭვმიტანილების ექსტრადიციაზე უარი თქვა. მეტიც, 2015 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ლუგოვოის მედალი გადასცა „სამშობლოსათვის გაწეული ღვაწლისთვის“.

ალექსანდრ ლიტვინენკო, 2004 წ. ლონდონი

რუსეთის დაზვერვის ფედერალური სამსახურის (ФСБ) დატოვების შემდეგ, ალექსანდრ ლიტვინენკო ხმამაღლა აკრიტიკებდა ყოფილ სამსახურს - ФСБ-ს, რომელსაც იმ დროს ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ლიტვინენკომ ФСБ ასევე დაადანაშაულა 1999 წელს რუსეთში საცხოვრებელი სახლების აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რასაც იმავე წელსვე მოჰყვა როგორც რუსეთის შეჭრა ჩეჩნეთში, ასევე პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა. ალექსანდრ ლიტვინენკო პუტინს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაშიც ადანაშაულებდა.

იური შჩეკოჩიხინი, ჟურნალისტი, რომელიც წერდა კრიმინალსა და კორუფციაზე ყოფილ საბჭოთა კავშირში, როდესაც ამის გაკეთება ჯერ კიდევ ძალიან რთული იყო. შჩეკოჩიხინი ასევე იძიებდა 1999 წლის სახლების აფეთქებებს „ნოვაია გაზეტასათვის“, როდესაც 2003 წლის ივლისში „იდუმალი ავადმყოფობა შეეყარა“.

იური შჩეკოჩიხინი

იური შჩეკოჩიხინი გარდაიცვალა მოულოდნელად, შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე. ჟურნალისტის სამედიცინო დოკუმენტებსა და პათანატომიურ დასკვნას რუსეთის ხელისუფლებამ გრიფი „საიდუმლო“ დაადო.