“თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს [შევუერთდე], სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს. სამტრედიაში რომ რკინიგზა გააჩერეს*, მე ამ სისტემით ვერ ვიმუშავებ”, - უთხრა “ჯორჯიან ეარვეისის” ქართველმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა რადიო თავისუფლებას და განმარტა, რომ თუკი შეუკვეთენ, რუსეთიდან პირდაპირ რეისებზეც არ იტყვის უარს.
რა არის “Мир”-ი?
“Мир”-ი რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც “Мир”-ი ოფიციალურად გამოიყენება.
"Мир"-ზე მუშაობა რუსეთმა 2014 წელს მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პერსპექტივებზე დაიწყო მსჯელობა. დღეს, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო “VISA”-მ და “Mastercard”-მა რუსეთი დატოვეს, "Мир"-ს უკვე გაცემული აქვს 100 მილიონი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს. "Мир"-ი არ მუშაობს ოკუპირებულ ყირიმში.
2021 წლის ივლისიდან საბიუჯეტო თანხების გასაცემად რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ "Мир"-ს იყენებს, მათ შორის საჯარო მოხელეების ხელფასების, პენსიისა და სტიპენდიის გასაცემად. რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ “Мир”-ი მუშაობს თურქეთში, ვიეტნამში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც რუსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული.
28 თებერვალს, უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან მეოთხე დღეს “Мир”-ის სისტემა დაბლოკა ისრაელის ავიაკომპანია EL AL-მა, რისთვისაც კომპანიას მადლობა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პირადად ტვიტერით გადაუხადა.
“ეს არის უპასუხისმგებლო ქმედება სახელმწიფოსთან მიმართებაში, შეურაცხმყოფელი საქართველოს მოქალაქეებისთვის და აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერი საქციელი უკრაინელების მიმართ. როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ ქართულმა კომპანიამ მხოლოდ მას შემდეგ დაამატა რუსული გადახდის სისტემა ვებსაიტზე, რაც დაწესდა სანქციები, რომლის მიზანიც სწორედაც რომ რუსეთისთვის დისკომფორტის შექმნა და რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმა იყო, არ მგონია კარგი და სწორი. რა გამოდის? რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც სანქციები აქვთ დაწესებული, ვეხმარებით ამ სანქციებიდან თავის დაღწევის გზების პოვნაში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა და პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ის მიიჩნევს, რომ “ჯორჯიან ეარვეისი”, ერთი მხრივ, ქვეყნის იმიჯს აზიანებს, მეორე მხრივ კი, ცუდ პრეცედენტს ქმნის ქართული ბიზნესისთვის და საფუძველს აძლევს რუსულ პროპაგანდას ამტკიცოს, რომ სანქციების პირობებში საქართველო ღია რჩება რუსული ფულისთვის.
“არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავად კომპანიისთვისაც ცუდად დამთავრდეს ეს, თუკი მისი ეს ნაბიჯი დროზე მივა ადრესატამდე. ადრესატში ვგულისხმობ იმ ევროპულ ქვეყნებს, სადაც აირზენა ოპერირებს და რომლებიც სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ემხრობიან”, - ამბობს გიორგი აბაშიშვილი.
ასევე ნახეთ როგორ ჰპირდება ეკლესია "აირზენას” ხელისუფლებასთან 20 მლნ ლარის "ვალის მოგვარებას" - "სუს-ის ფაილები"საქართველოს ავიახაზების ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კომპანიას რუსული “Мир”-ი აირზენას საიტის გადახდის სისტემებში თავად არ ჩაურთავს, მისი ვარაუდით, ეს იმ ბანკების გადაწყვეტილებაა, ვისთანაც ავიაკომპანია თანამშრომლობს.
“მე არ მექნება ასეთი გადახდის სისტემა, ეგენი აქვთ ბანკებს, ვისთანაც ვმუშაობთ. ჩემ საიტზე იმიტომ ჩანს, რომ მაგას ბანკები აკეთებენ. როგორ გგონიათ, საერთაშორისო კომპანიას, რომელიც 30 წელია ბაზარზეა, მარტო საქართველოში აქვს საბანკო ანგარიში? ყველგან გვაქვს, სადაც დავფრინავთ. ადრე რუსეთშიც დავფრინავდით, ბელარუსშიც”, - ასე ხსნის თამაზ გაიაშვილი საქართველოს ავიახაზების ვებსაიტზე “Мир”-ის გამოჩენას.
საქართველოს საბანკო ასოციაციაში გადაჭრით ამბობენ, რომ ქართული ფინანსური ინსტიტუტები დღეს “Мир”-თან ჩართული არ არის და “Мир”-თან პროცესინგი აწყობილი არ აქვთ.
ასევე ნახეთ საქართველო რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში არ მოხვდა*1991 წლის აპრილში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველომ გადაკეტა სამტრედიის რკინიგზა და ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს. სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვა, როგორც აბსურდული ქმედება, სანქციებთან მიმართებით რამდენიმე დღის წინ ახსენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. 2022 წლის 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე დღეს მან სანქციების დაწესებაზე თქვა: “1990 წელს, გახსოვთ, რომ რკინიგზის გადაკეტვით გარკვეულ პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ რუსეთის ბლოკადას მოახდენდნენ. ასეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩვენს თავს ნუ ჩავიგდებთ და ამით ნუ დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს“.