უკრაინელი ქალების მარტი - პუტინი შეცდა, ამ ომში ქალებიც იბრძვიან

ერთი ოფისში იჯდა და გვიანობამდე წერდა ანგარიშს. მეორეს რეპეტიციაზე აგვიანდებოდა და გზადაგზა იმეორებდა ტექსტს. მესამე სასამართლო სხდომისთვის ამზადებდა სიტყვას. მეოთხეს შვილი მიჰყავდა საბავშვო ბაღში. მეხუთე დილაადრიან ხსნიდა პატარა კაფეს ქუჩის კუთხეში. მეექვსე დაფას წმენდდა საკლასო ოთახში. მეშვიდეს სტატია ჰქონდა გასაგზავნი რედაქციაში და ბოლო ინტერვიუს შიფრავდა. მერვე ცომს ზელდა ქიშმიშიანი ფუნთუშებისთვის. მეცხრე სავარძელში იჯდა და შვილიშვილის ძილს სდარაჯობდა... ყველა ამ ქალს თავისი საქმე ჰქონდა, თავისი რუტინა, სანამ 13 დღის წინ მათი ცხოვრება თავდაყირა არ დადგა.

დღეს ამ ქალების ნაწილი უკრაინაში შეჭრილი რუსეთის საოკუპაციო ძალების ჭურვებს და ტყვიებს ბომბსაფრებში ემალებიან. საკუთარი ქალაქების დატოვება, მეტროს სადგურებში მშობიარობა, სარდაფებში გადაბარგება უწევთ.

და როცა უკრაინის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა წყდება, გამოდიან ქალები თავშესაფრებიდან და ცდილობენ მოიმარაგონ სასმელი წყალი, საკვები. ან სულაც ყველანი ერთად ამზადებენ აალებად ბომბებს, ან საბრძოლო შაშხანით მხარზე გადაკიდებულები, ისე გადადიან ზებრაზე, როგორც თუნდაც ორი კვირის წინ, ჩანთაგადაკიდებულები მისეირნობდნენ.

კირას ომი

„პუტინმა კარგად ვერ დაგვთვალა. როცა უკრაინაში შემოჭრა გადაწყვიტა, მან მხოლოდ უკრაინელი კაცების რაოდენობა გადაითვალა. ასე რომ შეცდა. ამ ომში ქალებიც იბრძვიან“, - ეს სიტყვები ვერხოვნა რადის დეპუტატს, საპარლამენტო პარტია „ჰოლოსის“ ლიდერს, კირა რუდიკს ეკუთვნის.

კირა 36 წლისაა. უკვე რამდენიმე დღეა მის სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერისა და სხვა საოფისე ნივთების გვერდით, „კალაშნიკოვიც“ დევს.

იარაღის დაშლა-აწყობა რამდენიმე დღის წინ ისწავლა.


ყველა ემოციას, მიმართვას თუ ფოტოს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. მაგალითად, როგორ აფარებს ბომბსაფარს თავს მის საყვარელ თეთრ კატასთან, მიშელთან ერთად და ამის პარალელურად, როგორ ცდილობს შეისწავლოს იარაღის ხელში ჭერა.

„კალაშნიკოვი მძიმეა. ზეთისა და რკინის სუნი აქვს. ის ჩემს მაგიდაზე დევს. ჯერ ადამიანების წინააღმდეგ არ გამომიყენებია, მაგრამ ვიცი, როგორ უნდა გამოვიყენო და გამოვიყენებ“.

კირამ ორი დღის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა The Sun-ს, სადაც იხუმრა: „ვიცი, რომ პუტინის დასახვრეტთა სიაში ვარ. ასევე ვიცი, რომ სხვა სიაშიც ვარ, მაგალითად, უკრაინაში 10 დასაქორწინებელი ქალის სიაში, ასე რომ იმედი მაქვს, ეს ორი სია ერთმანეთს გაათანაბრებს“.

კირას მთავარი გზავნილები სოციალურ ქსელში დაუმორჩილებლობასა და თანასწორობას ეძღვნება: „ჩვენი ქალები ისევე დაიცავენ მიწა-წყალს, როგორც კაცები“...

36 წლის დეპუტატი ამბობს: „ომის დასაწყისში, რუსები ამტკიცებდნენ, რომ ჩვენ ორ დღესაც კი ვერ გავუძლებდით. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენ მედგრად ვატარებთ, სიამაყის მიზეზია. ჩვენ ვამბობთ, ჰეჰ, შენ ცდებოდი, შემოგვხედე“.

ოლენას ომი

42 წლის ჟურნალისტი კიევიდან და ახლა უკვე გამოცდილი სნაიპერი, ლეიტენანტი ოლენა ბილოზერსკა, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში ჯერ კიდევ წლების წინ, 2014 წლიდან ჩაება. მაშინ ის მხოლოდ მოხალისე იყო და შეიძლება ითქვას, რომ პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა, რადგან იმ პერიოდში, ქალების წინა ხაზზე ბრძოლა კანონით იყო აკრძალული (ეს კანონი 2016 წელს შეიცვალა).

იხსენებს, რომ ბრძოლის ველზე, სამხედრო ფორმაში ჩაცმულს რომ ხედავდნენ, მაშინ უმეტესობას მედდა ეგონა და ვერაფრით წარმოედგინათ, რომ ის ომში მოხალისედ წავიდა.

საომარ მოქმედებებში ჩართვამდე, მაიდნის მოვლენების დროს, ოლენას უკრაინაში კარგად იცნობდნენ, როგორც ოპოზიციონერ ჟურნალისტს. დაწერილი აქვს ბესტსელერი „არაკანონიერი ჯარისკაცის დღიური“. საერთაშორისო მედია მას უკრაინულ არმიაში, ქალი ჯარისკაცის სიმბოლურ სახედ მოიხსენიებს.

4 მარტს, France24-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ოლენა ამბობს:

„ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში, ბრძოლის წინა ხაზზე გადავალ. ასეთი იმედი მაქვს. ეს ჩემი ქვეყანაა. ეს ჩემი მიწაა, მე მოვალე ვარ, რომ ის დავიცვა. მჯერა, რომ თითოეულ უკრაინელს, ვისაც კი ამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, უნდა აიღოს იარაღი და იბრძოლოს“.

უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლენას ანგარიშზე დონბასში, ათი მოკლული სამიზნეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოლენამ ვრცელი ინტერვიუ მისცა DailyMail-ს. ინტერვიუში ის სნაიპერის მოვალეობებსა და შეგრძნებებზე ლაპარაკობს:

„შეიარაღებული მტერი ადამიანი არ არის, ის სამიზნეა. როდესაც შენ იღებ ხელში იარაღს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, მორჩა, შენ უკვე მიზანი ხარ...თუკი დროულად არ გაანეიტრალებ მას, მაშინ მისი სამიზნე შესაძლოა შენ ან შენი მეგობარი გახდეს. როდესაც მიზანი განეიტრალებულია, სიამოვნებას ვგრძნობ, ე.ი. საქმე კარგად გავაკეთე. როდესაც მტერი ჩემსკენ მოხოხავს იმისათვის, რომ მომკლას, განა ის ფიქრობს ჩემს მშობლებზე, ჩემს ქმარზე ან შვილებზე? რა თქმა უნდა, არა. ასე რომ არც მე ვიწუხებ ამაზე ფიქრით თავს. ეს ყველაფერი წიგნებსა და კინოებში ხდება“.

ოლენა ლექსებსაც წერს და ამბობს, რომ ამ ორ საქმეს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს: „ხელოვანის ბუნება პერფექციონიზმს მოითხოვს და ეს ჩემს საქმეშიც მეხმარება“.

მშობიარობა ბომბსაფრებში

უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 6 მარტის ჩათვლით, 4311 ბავშვი დაიბადა.

ქალების ნაწილმა ბომბსაფრებში იმშობიარა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ნატყორცნი ჭურვები 13 დღის განმავლობაში არაერთ სამშობიარო სახლს მოხვდა.

ეს გოგო ხარკოვის დაბომბვისას, ერთ-ერთ თავშესაფარში, რამდენიმე დღის წინ დაიბადა.

დახმარება ქალებისგან

ეს ქალი, სახელად მარია, ტერნოპილის რეგიონიდანაა. ყოველ დღე აცხობს პურს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის.

სამხედროებისთვის სადილს ამზადებს უკრაინელი მოდელი დაშა ასტაფიევა.

ომამდე და ომის შემდეგ - სოციალური ქსელი, როგორც ტრანსფორმაციის სარკე

სოციალური ქსელები აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები და ცხადი გადაკვეთის წერტილი ომამდე და ომის შემდგომი ცხოვრებისა. სოციალური ქსელების უკრაინელმა მომხმარებლებმა ეს ტრანსფორმაცია საკუთარ გვერდებზე აღბეჭდეს და კიდევ უფრო ახლოს მოიტანეს ის ტრაგედია, რაც ახლა მათ ქვეყანაში ხდება.

თუკი ორი კვირის წინ, მათი სოციალური ქსელების გვერდები სავსე იყო სხვადასხვა სახალისო თუ რიგითი, ყოველდღიური პოსტებითა და ვიდეოებით, ომმა მათი პირადი გვერდები რეალური ცხოვრების მსგავსად, თავდაყირა დააყენა. შეიცვალა მესიჯები, შეიცვალა გამომეტყველებები.

ახლა ისინი სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ არა საყვარელი ძაღლის, ახალი ტანსაცმლისა თუ მაკიაჟის, ან ე.წ. „ტრენდული“ ცეკვის ვიდეოთი, არამედ ცდილობენ, დაანახონ მსოფლიოს, როგორ შეცვალა პირადად მათი და უკრაინის ცხოვრება ომმა.

ამ 13 დღეში, უკრაინელ ქალებს, სულ მცირე, 40-მდე არასრულწლოვანი შვილი მოუკვდათ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.