სვეტლანა ალექსიევიჩი: „ხომ არ შეიძლება, მსოფლიო ერთი გიჟის სიტყვებზე იყოს დამოკიდებული?“

ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი რადიო თავისუფლების ბელარუსის ბიუროსთან რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ყოფილი სსრკ-ის ფარგლებში კომუნიზმი ჯერ არ დამარცხებულა და ამას მიმდინარე მოვლენებიც ადასტურებს.

- თქვენი მამა ბელარუსია, დედა -უკრაინელი. ბელარუსმა უკრაინაზე თავდასასხმელად რუსეთს საკუთარი ტერიტორია დაუთმო. რა დამოკიდებულება გაქვთ რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ?

- მგონი, რაც ომი დაიწყო, არ მძინებია. ყოველ შემთხვევაში ეს ის ძილი არაა. ორი-სამი საათით მიიძინებ, დილაუთენია ამდგარი კი მაშინვე იმაზე ფიქრობ, იქ რა ხდება. ჩვენ ახალ სამყაროში ამოვყავით თავი, სრულიად სხვა სამყაროში, სადაც არავის უნდოდა ცხოვრება. წარმოდგენაც კი მზარავს. მახსოვს, როდესაც უკრაინელებს ეკითხებოდნენ, ომის თუ გეშინიათო, ამბობდნენ: „ჩვენი ძმები, ბელარუსები არ გვესვრიან“. მაგრამ ტერიტორიის დათმობა, ესეც დანაშაულში მონაწილეობაა.

- ადრე ინტერვიუში თქვით, რომ 30 წელია ბოროტებას სწავლობთ. ეს ბოროტება ახლა ყველაზე ახლოსაა?

- უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ გარდაქმნის დროს ძალიან რომანტიკულები და მიამიტები ვიყავით. გვეგონა, ხალხს კომუნიზმმა იმედები გაუცრუა, რომ ეს მშვიდობიანი რევოლუციაა. ტყუილად გვეგონა, ვაჯობეთ კომუნიზმს, ვერა. რაც დღეს ხდება, ეს ისევ იმ „წითელი კაცის“ გამოვლინებაა. ბოლო ბრძოლაა თუ არა მისი, არ ვიცი, მაგრამ იქიდანაა, წარსულიდან. უკრაინელები ამბობენ: „ბელარუსებო, არ წამოხვიდეთ აქეთ, ჩვენ არ გვინდა თქვენი დახოცვა“. არავის უნდა ვინმე მოკლას. იდეები, რომელიც რუს ჯარისკაცებს, რუსეთის მოსახლეობას ჩაუდეს თავში, კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ომები. ძალიან დიდხანს ვცდილობდი ამომეხსნა ბოროტება ადამიანში. 21-ე საუკუნეში ბოროტება კიდევ უფრო საშიშია, რადგან ხედავ ადამიანს, რომელიც კარგ მანქანაში ზის. ამას წინათ, ერთ რუსს ვესაუბრე ბერლინში, კარგ პიჯაკში გამოწყობილს. უკრაინაზე სიტყვა რომ ჩამოვარდა, ისეთი ზიზღი ჰქონდა. ეს გაცილებით საშიშია, ვიდრე ის, რასაც მეორე მსოფლიო ომზე მიყვებოდნენ.

- მაგრამ კონცენტრაცია სიკეთის, კეთილშობილების, მხნეობის... ალბათ ესეც დიდი რამაა?

- უკრაინელმა ერმა გამაოგნა. მე მიყვარდა ბებია, ჩემი უკრაინელი ნათესავები, მაგრამ არ ვიცოდი, როგორი ძალა იყო მათში, ვერც კი ვხვდებოდი. ეს საშინელი კადრები, როდესაც რუსული ტანკები უკრაინულ სოფელში შედიან და უკრაინელი დედაბრები, ბავშვები მათ ჯოხებით უტევენ. ამბობენ, ახლა ტანკები აღარც უხვევენ, გზას აგრძელებენო. ძალა ამ მყოფნის, ამას ვუყურო. და როგორ ლაპარაკობენ: არ გვინდოდა მოკვლა, არ გვინდოდა მოგვეკლა. მძიმე საქმეა მოკვლა. შეხედეთ ზელენსკის სახეს, თითქოს 20 წელი შეემატა. ამ სახეზე რამდენი ფიქრი, განცდა, თავზარი იკითხება. მის მთავრობაში ყველანი ახალგაზრდები არიან და უკვე აღარც არიან ახალგაზრდები.

- ვინ არის ომში დამნაშავე, მხოლოდ მთავრობა?

- მგონია, რომ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა ასაღები იმაზე, რაც ხდება. ნაცნობებთან გადარეკვამაც კი საგონებელში ჩამაგდო. თითქოს ჭკვიანი, განათლებული ხალხია და ამბობენ: „არ ვიცით სიმართლე, „ხახლებიც“ დამნაშავეები არიან“. და ეს მას შემდეგ, რაც ხარკოვს დამართეს, ულამაზესი ქალაქის ჩონჩხს ვუყურებთ. და სხვა ქალაქებს რა უყვეს, სოფლებს? ან ეს ბავშვები, კნუტებთან ჩახუტებულებს რომ სძინავთ მეტროებსა და სარდაფებში. ამის მერე როგორ უნდა თქვა, რომ „იცი რა, ისინიც დამნაშავეები არიან, პუტინი გააბრაზეს, ხომ გესმის - გაამწარეს პუტინი“? თითქოს არ არსებობს დიპლომატია, დიპლომატები არ არსებობენ, თითქოს ეს 21-ე საუკუნე არაა, როდესაც გმირობა ადამიანის ცოცხლად დატოვებაა და არა მისი მოკვლა.

- ამ ომში ვინ არის თქვენთვის გმირი, ვინ - მსხვერპლი, ვინ - ჯალათი?

- რთული კითხვაა. ის რომ უკრაინელები და უკრაინელების მხარეს მებრძოლი ბელარუსები გმირები არიან, ეს ცალსახაა. ჯალათები? ჯალათი ისაა, ვინც შეგნებულად იქცევა ასე - რუსეთის ჯარისკაცები, თუნდაც არ სურდეთ ეს ომი, მაგრამ მაინც ასე იქცევიან. უკრაინელებს თავი იმდენად ყოჩაღად უჭირავთ, რომ ენა არ მოგიბრუნდება თქვა, მსხვერპლები არიანო. და როგორ ლაპარაკობენ? მიდის კაცი, აჩვენებს სკოლას და ამბობს: „მე აქ ვსწავლობდი, ჩემი შვილები, შვილიშვილებიც და ახლა აღარაა. დაე, კიდევ 20 წელი ვიომოთ, მაგრამ თქვენ წახვალთ ჩვენი მიწიდან, ეს ჩვენი მიწაა“. მას მსხვერპლი როგორ ვუწოდო? ამ ომმა იმდენი რამე შეცვალა. სიტყვა „მსხვერპლის“ შინაარსიც კი შეიცვალა. უკრაინელები, რომლებიც იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ, ბავშვები გადაერჩინათ, გაქცეულიყვნენ, როგორ ჰყვებიან ამ ყველაფერს... ვერც მათზე იტყვი, მსხვერპლიაო. დიახ, ისინი ჰყვებიან, რაც დაემართათ. როგორ იწვოდა სახლი, როგორ აღარ დარჩა მისგან არაფერი, როგორ ისხდნენ მთელი კვირა სარდაფში, ბავშვებს კი საჭმელი არ ჰქონდათ. მაგრამ ამ ყველაფერში რაღაცნაირი ღირსებაა, სრულიად სხვა მისწრაფება. რამდენი წიგნი დავწერე მსხვერპლებსა და ჯალათებზე, მაგრამ მსხვერპლზეც შემეცვალა წარმოდგენა და ჯალათზეც, განსაკუთრებით მსხვერპლზე.

- ეს ომი წითელი კაცის ბოლო იქნება?

- მინდა, ასე ვიფიქრო. როგორც გითხარით, ძალიან მიამიტურად გვეგონა, რომ კომუნიზმი ადვილად დავამარცხეთ, რომ ეს მშვიდობიანი რევოლუცია იყო. იყო ომები, მაგრამ მხოლოდ „დიდი იმპერიის“ კიდეებზე. ახლა კი რამდენი სისხლია. იმპერია იხლიჩება, იმპერიული ცნობიერება. კომუნისტები ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებსაც კომუნისტი მშობლები ზრდიდნენ, საბჭოთა სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ, საბჭოთა მასწავლებლები ასწავლიდნენ. მე შევეცადე წიგნში „სექენდჰენდის დრო“ მონობის რომანტიზმი მეჩვენებინა. როგორ ბუდობს ის იმ ადამიანებში, რომელთაც არაფერი აქვთ და რომლებიც მხოლოდ ტკივილზე გიყვებიან.

- თქვენ გეშინიათ მესამე მსოფლიო ომზე საუბრის? რუსეთსა და დასავლეთს შორის ომზე?

- ყოველ შემთხვევაში ვფრთხები იმაზე, თუ როგორ იოლად იყენებენ ჩვენთან სიტყვებს „ომი“ და „მესამე მსოფლიო ომი“. ამას წინათ საოცარი რამ მოხდა, ნაცნობ გერმანელს ვესაუბრებოდი ბერლინში და უცებ მეუბნება, რომ მანაც გაამზადა „ჩემოდანი განგაშისთვის“. ხვდებით, როგორ უცებ ცოცხლდებიან წარსულის აჩრდილები? როდესაც ცივი ომი იყო, ძალიან დიდხანს მეშინოდა ბირთვული ომის. და ახლა ისევ. ვფიქრობ, გონიერება გაიმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც საერთოდ დაუფიქრებლად საუბრობს ბირთვულ იარაღზე, აშინებს ამით. ეს საერთოდ გიჟის სიტყვებია. ხომ არ შეიძლება, მსოფლიო ერთი გიჟის სიტყვებზე იყოს დამოკიდებული? ჩვენ ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ყველა პოლიტიკოსმა რაღაც უნდა გააკეთოს, უბრალო ხალხმაც რაღაც უნდა გააკეთოს. გამოვიდეს, ერთი, ყველა გარეთ, და მერე რაღას იზამს იმ თავისი ჩემოდნით.