პუტინი 8 მარტს ქალებს დაჰპირდა, რომ ახალწვეულებს ომში არ წაიყვანს

უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ნიუ-იორკში. 2022 წლის 4 მარტი.

პრეზიდენტმა პუტინმა რუს ქალებს მიულოცა 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე და დაჰპირდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას არ მიიღებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები.

კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, პუტინი 8 მარტს უწოდებს „ყველაზე ნათელი გრძნობებით გამსჭვალულ დღესასწაულს“ და ქალებს უყვება იმას, თუ როგორ რთულ დროს ცხოვრობენ: „გლობალური ეკონომიკური გამოწვევები და პრობლემები, სამხედრო კონფლიქტები, ჩვენი ხალხის და ქვეყნის დაცვის გარდაუვალი აუცილებლობა, პანდემია და მილიონობით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა“.

პუტინი მიმართავს რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების დედებს, ცოლებს, დებს, საცოლეებს და მეგობრებს, რომ ისინი, ვინც დღეს ბრძოლაში არიან, „სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ იცავენ რუსეთს და ამით ყველამ უნდა იამაყოს. პუტინის მტკიცებით, საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და მონაწილეობას არ მიიღებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები და არც თადარიგიდან რეზერვისტების დამატებითი გაწვევა მოხდება.

ასევე ნახეთ მოყინული ხელ-ფეხი და დამტვრეული ნეკნები - წერილი 3

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან დაწყებულ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ეწირებიან ქალებიც და მათი შვილები. რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ლტოლვილად აქცია 1.5 მილიონზე მეტი უკრაინელი, ძირითადად, ქალები და ბავშვები.