„ვიქირავებ ოროთახიან ბინას. განიხილება თბილისი, ბათუმი“; „ვართ წყვილი, 3 წლის ბავშვით. ვეძებთ ბინას ვაკე/ვერის მიდამოში. ვიქირავებთ დიდი ხნით“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ სოციალურ ქსელებში შეიქმნა ათობით ჩატი, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის სასწრაფოდ დატოვების გზებს განიხილავენ. ათასობით რუსი მიაწყდა მეზობელ ფინეთს, ისევე, როგორც საქართველოს, სადაც მათ არ სჭირდებათ ვიზა და შეუძლიათ დარჩნენ თითქმის ერთი წლით.
ამ ფონზე ქართულ საზოგადოებაში იფეთქა დისკუსიამ, უნდა შემოუშვას თუ არა საქართველომ მიგრანტთა სპონტანური ნაკადი რუსეთიდან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.
„შენი ადგილი აქ არ არის“; „წადი უკან რუსეთში და დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა!“ - მიმართავენ რუსებს და მათთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოითხოვენ. საქართველოში შიშობენ, რომ პუტინი შესაძლოა მომავალში აქაც შემოიჭრას, რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის საბაბით.
საქართველოს ხელისუფლებაში უარყოფენ რუსეთიდან მასობრივი ნაკადების შემოსვლას და ამბობენ, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 20-25 ათასია, რაც წინა, არაპანდემიური წლებისგან არ განსხვავდება.
***
მარფა სმირნოვა
დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ტვ „დოჟდი“
4 მარტი. ვარშავის აეროპორტი, პოლონეთი. ვიღაც ხელს იქნევს და იძახის. ეს უკრაინელი ლტოლვილია, რომელთან ერთადაც მარფამ დაუსრულებელი საათები გაატარა მატარებელში უკრაინის დასავლეთით ქალაქ ლვოვიდან პოლონეთისკენ. ქალი მარფას მადლობას უხდის და სამახსოვრო ფოტოს იღებს. უკრაინელი ლტოლვილი შვილთან ერთად ვენაში მიფრინავს, მარფა - თბილისში.
„ბევრს ჰგონია, რომ უკრაინელები აგრესიულად არიან განწყობილნი რუსების მიმართ. პირადად მე, ლვოვში ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როცა ადგილობრივი ქალი დამესხა თავს იმის გამო, რომ რუსი ვარ. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ომი რუსეთის ხელისუფლებამ წამოიწყო და ხალხი მას მხარს არ უჭერს“, - ამბობს მარფა.
ლვოვში ის თითზე ჩამოსათვლელი დამოუკიდებელი რუსული მედიაორგანიზაციებიდან ერთ-ერთის, ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. მარფა პირველად იყო ომში, პირველად გაიგონა განგაშის სიგნალი.
უკრაინიდან ტელერეპორტაჟებში ის ჰყვებოდა ომისგან გაქცეულ ადამიანებზე, ათობით ათას ლტოლვილზე, რომლებიც პოლონეთისკენ მიმავალ მატარებელში მოხვედრას ცდილობდნენ.
იღებდა უკრაინელ კაცებსაც, რომლებიც უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდებოდნენ, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
თითქმის ერთკვირიანი „გიჟური“ სამუშაოს შემდეგ, 3 მარტს მარფას ბოლო ჩართვა ჰქონდა „დოჟდის“ ეთერში. ამავე გამოშვებაში ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
რუსეთში დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობა განსაკუთრებით სარისკო გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მიიღეს კანონი უკრაინაში „კონფლიქტისა“ და რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ აკრძალვაზე. ამასთან, კანონი, სავარაუდოდ, უკუძალით მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა წინა მასალა, რომელშიც ჟურნალისტები უკრაინაში ომს ომს უწოდებდნენ და არა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, როგორც ამას სახელმწიფო პროპაგანდა მოითხოვს, შესაძლოა მათი 15-წლამდე დაპატიმრების საფუძველი გახდეს.
„დოჟდის“ გარდა, ბოლო დღეებში რუსეთში დაიბლოკა არაერთი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, როგორებიცაა: „ეხო მოსკვი“, „მედუზა“, BBC-ის რუსული სამსახური, რადიო თავისუფლება და სხვები.
მარფას უკანასკნელ მომენტამდე ეგონა, რომ შეძლებდა უკან სახლში, მოსკოვში დაბრუნებას, სადაც დატოვა თავისი ნივთები, ბინა, ახლობლები. თუმცა ახალი კანონის გამო შეეცვალა გეგმები და მიმართულებაც.
„ტაქსის მძღოლები მუდმივად მეკითხებოდნენ ლვოვში - თუ ასე ეწინააღმდეგებით ომს, რატომ არ გადიხართ ქუჩაში და რატომ არ აფიქსირებთ პროტესტს?“ - იხსენებს მარფა და განაგრძობს: „მე ვფიქრობ, რომ ადამიანები საშინლად დაშინებული ჰყავთ. ადამიანებს აპატიმრებენ პოსტების გაზიარების გამო“.
ყველას ჰყავს შვილები, ოჯახის წევრები, რომელთაც ციხიდან ვერ გამოკვებავენ, ხსნის მარფა. მისი მცირეწლოვანი ბავშვები ვერ ხვდებიან რატომ მოწყვიტეს მშობლებმა თავიანთ გარემოს, რატომ წაიყვანეს სხვაგან, უცხო ქვეყანაში, რატომ ვეღარ ნახავენ ბებია-ბაბუებს.
„ეს არის ფასი, რომელიც გადავიხადე და ის უზარმაზარია. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დევნილებიც კი, რომელთაც მე ვაშუქებდი ლვოვში, დაბრუნდებიან სახლში. ამის უფრო მეტადაც კი მჯერა, ვიდრე საკუთარ სახლში დაბრუნების“, - ამბობს მარფა.
5 მარტი. მარფა თბილისშია. ახლა ის ცდილობს დაეხმაროს ახლობლებს და ოჯახის წევრებს რუსეთიდან გამოღწევაში.
საქმეს ართულებს ის, რომ თვითმფრინავის ბილეთების ფასები დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა და 200-300 ათას რუბლს (7 000-მდე ლარი) მიაღწია.
აფრენილ თვითმფრინავებს სვამენ და არ აძლევენ სომხეთის, ყაზახეთისკენ გაფრენის შესაძლებლობას, მუდმივად უქმდება რეისები.
„საქართველოში ბოლო პერიოდში არაერთხელ ვიყავი და არასდროს შევჯახებივარ რუსოფობიას. ახლა მესმის, რომ რუსებზე არ აქირავებენ ბინებს. ვნერვიულობ ამაზე, არ მინდა ქუჩაში დავრჩე. ყველასგან მაქვს მოლოდინი, რომ გაგვმიჯნონ ჩვენი ხელისუფლებისგან“, - ამბობს ის.
ეგორ ფედოსოვი
მოდის ფოტოგრაფი
24 თებერვალი. სტამბოლი, თურქეთი. 22 წლის ეგორი დღეს სახლში უნდა დაბრუნდეს. დილის ექვსი საათია, სულ რამდენიმე წუთია, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. სტამბოლი-მოსკოვის ფრენა რამდენიმე საათშია. ეგორს სახლში დაბრუნება აღარ უნდა.
„საშინელება იყო იმის გააზრება, რომ შენ სახლს ვეღარ უწოდებ სახლს. მოსკოვი, შენი საყვარელი ქალაქი, სადაც უამრავი დრო გაქვს გატარებული, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა, ვეღარ უწოდებ სახლს. მივხვდი, რომ ჩემი კარიერა და ცხოვრება აღარ არის და ალბათ, არც იქნება ისეთი როგორიც იყო“.
ეგორმა თბილისში მყოფ მეგობარს სთხოვა, ცოტა ხნით შეეფარებინა. საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ, თითქმის ერთი წლით შეუძლიათ დარჩენა. რუსეთთან სახმელეთო საზღვარი კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ეგორმა საქართველოს მიაშურა.
„საერთო ჯამში, კულტურულად საქართველო გაცილებით უფრო ახლოა ჩემთვის, ვიდრე, მაგალითად, თურქეთი. ამასთან, საქართველო არის უსაფრთხო, თავისუფალი“, - ამბობს ის.
ბინის ძიების პროცესში ეგორმა არაერთი უხეში პასუხი მიიღო - „რუსებზე ბინას არ ვაქირავებთ. წადი შენს ქვეყანაში!“ - წერდნენ უცხო ადამიანები საქართველოდან.
„მათ ადგილას რომ ვიყო, ალბათ, მეც ასეთი რეაქცია მექნებოდა“, - ახსნას უძებნის ეგორი.
6 მარტი. თბილისი. ეგორს ატყობინებენ, რომ მისი რამდენიმე მეგობარი აღმოჩნდა რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ 2 000 ადამიანს შორის. ბრალდება მსუბუქია - არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა. ისინი იმავე დღეს გამოუშვეს, ფინანსური ჯარიმით.
„პოლიტიკური აქტივიზმი, ქვიარ აქტივიზმი, თუ ნებისმიერი ოპოზიციური განწყობა, დაკავშირებულია უსასრულო საფრთხესთან შენი და შენი ოჯახის წევრებისთვის. სანამ აქციაზე წახვალ, უნდა წაშალო ნებისმიერი ინფორმაცია ტელეფონიდან. შეიძლება იძალადონ შენზე, ან ჩაგკეტონ სადღაც მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიციელს შეეხე“, - ამბობს ეგორი.
ეგორს - რომელსაც დიდი აუდიტორია ჰყავს ტიკ-ტოკსა და ინსტაგრამზე - დღეში 20-30 შეტყობინება მისდის, რომელშიც მისი მეგობრები თუ უბრალოდ გამომწერები თბილისში გადასვლის გზებს არკვევენ. მისმა 10-მდე მეგობარმა უკვე გაიარა მისი გზა და ჩამოვიდა თბილისში, კიდევ 10 ახლაც ცდილობს.
„უფრო მეტად [რუსეთიდან] წასვლაზე ახალგაზრდები ფიქრობენ. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა ძალიან ოპოზიციურად განწყობილი იქნებოდა, და ძირითადად ასეც არის, მაგრამ არიან სხვებიც, ვინც უბრალოდ ვერ ხვდება, რომ სხვა ქვეყანაში ჩამოდის, რომ სტუმრად არიან სხვა კულტურაში“, - ამბობს ეგორი.
ხალხი რუსეთში არ გაურბის ბომბებს, მაგრამ გაურბიან პოლიტიკურ რეპრესიებს, რაც ჩვენც ლტოლვილებად გვაქცევს, ამბობს იგორი. ახლა იმაზეც ღელავს, რომ მის ფოტოებს აღარ დაბეჭდავენ მხოლოდ იმის გამო, რომ რუსია.
„ამ ერთ კვირაში დავკარგე ყველაფერი, რაც მქონდა - საყვარელი ბინა მოსკოვში, საყვარელი პროფესია და კარიერა, ჩემი ცხოვრება და მეგობრები“, - ამბობს ის.
ევგენია როგოვა
ინტერიერის კერამიკის სპეციალისტი
3 მარტი. სევასტოპოლი, ყირიმი. ქალაქის ცენტრში ავტოკოლონებით მსვლელობაა, რუსული პატრიოტული სამხედრო სიმღერებითა და დროშებით. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე, ძირითადად, პუტინის ელექტორატი ცხოვრობს. სხვები ანექსიის შემდეგ წავიდნენ. ისინი კი, ვინც ვერ დატოვა თავისი სახლი, გარემო, თუმცა არ უჭერს მხარს პუტინს, ცდილობენ, თვალში ზედმეტად არავის მოხვდნენ.
„ყველგან დატანილია „Z“ - რომელიც უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ იქცა“, - ამბობს ევგენია და ამატებს: „ჩემთვის ეს ახალი სვასტიკაა“.
ევგენია როგოვასთვის სევასტოპოლში საცხოვრებლად გადასვლა რთული ეთიკური დილემა იყო. საყვარელი ადამიანის გამო წავიდა კომპრომისზე.
დღეს, ევგენიას ეშინია დარჩეს როგორც ყირიმში, ისე რუსეთში.
„უარესი კიდევ წინაა. ეს კონფლიქტი ადრე თუ გვიან დასრულდება, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური კი არსად წავა. იქნება 90-იანების ეკონომიკა, 1937 წლის რეპრესიები და, საერთო ჯამში, ჩრდილოეთი კორეა“, - ამბობს ის.
1 მარტი. ევგენია აკეთებს ბანერს წარწერით „მშვიდობა“ და სევასტოპოლის ქუჩაში გადის. ხალხმრავალ ადგილებს ერიდება, თუმცა 20-30 წუთის განმავლობაში ქუჩებს მიუყვება ბანერით ხელში. შემხვედრთა უმეტესობა უბრალოდ თვალს არიდებს. ერთადერთი ეტლით მოსარგებლე კაცი აჩვენებს ცერა თითს და ეუბნება - „ყოჩაღ, ასე უნდა!“
„ცხადია, მეშინოდა. მეგონა, რაღაც დანაშაულს ჩავდიოდი. თითქოს, ბავშვთა სახლში მივდიოდი, მათ მოსაპარად და შემდეგ მონებად გასაყიდად“, - ამბობს ევგენია და ამატებს: „თუმცა თითქოს ღირსება დავიბრუნე“.
ომის პირველ დღეებში ის ცდილობდა სანდო ინფორმაციის გავრცელებას, წერდა, როგორ შეიძლებოდა რუსეთიდან, კანონის გვერდის ავლით, უკრაინაში თანხის გადარიცხვა; მოუწოდებდა ქუჩაში გასვლისა და პროტესტისკენ.
მალევე „სკრინშოტები“ ტელეგრამზე გავრცელდა, სადაც ომის მომხრეები ხსნიან, როგორ უნდა მიაწოდონ ევგენიასნაირი ადამიანების შესახებ ინფორმაცია „ეფესბეს“.
„გამოდის, რომ არ შემიძლია ლაპარაკი, თუმცა არც დუმილი შემიძლია. ასეთ პირობებში ცხოვრება არ მინდა. ასეთ პირობებში, დუმილის შემთხვევაში ცხოვრებაც კი სახიფათოა“, - ამბობს ის.
ევგენიასთვის ყველაზე მოსახერხებელი დროებით საქართველოში გადმოსვლაა, უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობას ისიც ემატება, რომ აქ ძველი მეგობრები ჰყავს.
„ისინი, ვინც ომს მხარს უჭერს, [რუსეთში] რჩებიან და კარგადაც იცხოვრებენ. ვინც მოდის, დარწმუნებული ვარ, რომ ესაა კრეატიული, ჰუმანური ღირებულებების მქონე ადამიანების კლასტერი“, - ამბობს ევგენია და ამატებს: „ძალიან კარგი წინადადებაა ქუჩაში გასვლა და პუტინის გაგდება. მაგრამ ჩვენ ეს არ გამოგვდის უკვე წლებია“.
7 მარტს ევგენია ყირიმიდან ვორონეჟში აპირებდა წასვლას, შემდეგ ერევანში და იქიდან საქართველოში. თუმცა „როსავიაციის“ რეკომენდაციის შესაბამისად, უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს. რუსეთის დატოვება სულ უფრო რთულდება.