„ვაშა, პოლონეთში ვართ“, - ეს სიტყვები უკრაინაში მცხოვრებმა მწერალმა, მთარგმნელმა (არაერთი უკრაინელი ავტორის და უკრაინის ჰიმნის ქართულად მთარგმნელმა), დიპლომატმა რაულ ჩილაჩავამ ფეისბუკზე უკვე სამშვიდობოს გასულმა დაწერა.
კიევიდან, სადაც ის ბოლო 55 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ჯერ ქალაქ ბროდიში გაიხიზნა, ათი დღის შემდეგ კი, რადგან აღარც იქ დარჩენა იყო უსაფრთხო, უკრაინა-პოლონეთის საზღვრისკენ დაიძრა - მან და მისი ოჯახის წევრებმა, ბარგაკიდებულებმა გაიარეს ფეხით ექვსი კილომეტრი და დროებით დატოვეს უკრაინა. საზღვარი გადაკვეთა რაულ ჩილაჩავას საყვარელმა ძაღლმა, ჩაპამაც. რაულ ჩილაჩავას მსგავსად, უკრაინიდან დევნილმა ათასობით მოქალაქემ წაიყვანა თან მეგობარი შინაური ცხოველები.
24 თებერვალს, ღამის 4 საათზე, რაულ ჩილაჩავას კიევის ბინაში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა - უფროსი ვაჟი ურეკავდა, რომელიც მასთან ახლოს ცხოვრობს.
კიევს ბომბავენ, - უთხრა მამას.
ეს ფანტასმაგორიულ ამბავს ჰგავდა, იხსენებს რაულ ჩილაჩავა, დაუჯერებელი იყო, რომ კიევისთვის შეიძლება დაერტყათ, მაგრამ სროლის ხმა უკვე მასაც ესმოდა. ბორისპოლის მიდამოებში უკვე ისროდნენ. მათი კიევის ბინა სწორედ აეროპორტის მხარესაა.
ლოგინიდან წამოხტნენ, ტელევიზორი და რადიო ჩართეს, უკვე ყველგან აცხადებდნენ, რომ ომი დაიწყო.
დილით თითქმის ყველა მაღაზიაში, ბანკომატებთან კილომეტრიანი რიგები იდგა. რიგში ჩადგომასაც აღარ ჰქონდა აზრი, ფულიც აღარ იყო. მაღაზიაში ხალხი პროდუქტს ყიდულობდა.
„მეც მივედი და რაღაც ვიყიდე, რაც გზაში გამოგვადგებოდა. რაღაც ნამცხვარი, შებოლილი ძეხვი, მაგარი ყველი“.
თავიდან ფიქრობდნენ, რომ ქალაქს ცოტა ხნით გაერიდებოდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, წინ რა ელოდათ. ამიტომ, რაულმა და მისმა უმცროსმა ვაჟმა, რაც ხელში მოხვდათ, ჩანთაში ის ჩატენეს და სახლი დაკეტეს. ჩაპა თან წაიყვანეს, მანქანა დაქოქეს და გზას დაადგნენ.
მეორე მანქანაში ჩასხდნენ რაულ ჩილაჩავას რძალი, მისი პატარა გოგონა და დედა და გეზი დასავლეთ უკრაინისკენ აიღეს.
Your browser doesn’t support HTML5
საღამოხანი იყო, უკვე ბნელოდა კიევიდან რომ გავიდნენ. იფიქრეს, რომ ცენტრალური ტრასით წასვლა არ ღირდა, რადგან იქაურობის დაბომბვის მეტი საფრთხე არსებობდა - ამ გზაზე, რომელიც ლვოვისკენ მიდის, არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია, მაგალითად, ჟიტომირი. ასევე, აეროდრომები, სამხედრო ობიექტები - ამიტომ შემოვლითი გზით წასვლა გადაწყვიტეს, რომელიც ისედაც ორჯერ გრძელია, მაგრამ კიევიდან დაძრული ხალხის ნაკადის გამო, კიდევ უფრო დაგრძელდა.
დედაქალაქი დატოვეს თუ არა, ნათელი გახდა, რომ მათ მსგავსად ეს გზა სხვებმაც აირჩიეს. მანქანების უგრძეს საცობში აღმოჩნდნენ. რამდენიმე საათის მგზავრობის ნაცვლად მთელი დღე და ღამე იარეს, 24 საათი - თვალმოუხუჭავად მიდიოდნენ. უფრო ზუსტად, მიღოღავდნენ. ყველას ეშინოდა, ეს გზაც არ დაბომბილიყო, თუმცა მაშინ გაუმართლათ - ქალაქ ბროდიმდე მშვიდობიანად ჩავიდნენ და იქ პატარა სასტუმროში დაბინავდნენ, რომელსაც თავისი მიწისქვეშა თავშესაფარიც ჰქონდა.
ნახევარი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ პირველი საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. იმ დღეს პირველად ჩავიდნენ ბუნკერში და მას მერე, იქ ყოფნის მთელი 10 დღის განმავლობაში, დღეში 4-5-ჯერ ემალებოდნენ რუსულ ჭურვებს რაულ ჩილაჩავა, მისი ოჯახის წვერები და ჩაპა.
Your browser doesn’t support HTML5
მაშინაც ეგონათ, რომ ეს დროებითი ამბავი იყო და ძალიან მალე დასრულდებოდა. უკრაინის დატოვება არ უნდოდათ, ის ათი დღეც ამიტომ იცხოვრეს სანახევროდ ბუნკერში გამოკეტილებმა, მაგრამ მალე ნათელი გახდა, რომ არც ბროდი იყო ბოლომდე უსაფრთხო - იქაც იდგა რამდენიმე სამხედრო შენაერთი, ბროდიში იყო ნავთობსადენი, რომლის აფეთქების შემთხვევაშიც ქალაქი შეიძლება „ცაში აწეულიყო“. ომს კი დასრულების პირი არ უჩანდა.
სადმე უნდა წასულიყვნენ.
უკან, კიევთან ახლოს მდებარე ოჯახის აგარაკზე დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, რადგან სწორედ ის ადგილები იბომბებოდა. ბომბავდნენ ქალაქებს კიევის შემოგარენში, ირპენი, ბუჩა, გოსტომელი, ხარკოვი, მიწასთან იყო გასწორებული.
„მივხვდით, რომ ეს გაჭიანურებული ომია და ასე ადვილად არ დამთავრდებოდა“ და რომ „იმ ვითარებაში ერთადერთი გზა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა იყო“.
ქალაქში საჰაერო განგაში სულ უფრო გახშირდა.
„სირენა, რომელიც მთელ ოლქში ირთვებოდა საშინელი ხმით, დღეში რამდენჯერმე ღმუოდა“, - მოგვითხრობს რაულ ჩილაჩავა. თავიდან ყველას ეშინოდა, ჩაპა ყეფდა და სამალავს ეძებდა, მაგრამ მერე თითქოს ყველა მიეჩვია.
Your browser doesn’t support HTML5
რადგან უკრაინაში საგანგებო ვითარება და საერთო მობილიზაციაა გამოცხადებული, 60 წლამდე მამაკაცებს საზღვრის მიღმა არ უშვებენ. რაულ ჩილაჩავას უფროსი ვაჟი კიევში დარჩა. ტერიტორიული თავდაცვის შტაბში ჩაეწერა და სადაც გადაწყდება, ალბათ, იქ გაუშვებენ. რადგან პროფესიით ჟურნალისტია, იმედი აქვს რაულს, შეიძლება სადმე სამხედრო ჟურნალისტად გაუშვან. ან სულაც იარაღი მისცენ - ეგ ჯერ არავინ იცის.
რაულ ჩილაჩავას თან ახლდა უმცროსი ვაჟი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - მას უკრაინაში ვერ დატოვებდა.
ბროდიდან უკრაინა-პოლონეთის საზღვრამდე მანძილი დაახლოებით 120 კილომეტრია - მშვიდობის დროს, ერთ საათში გასავლელი გზაა, მაგრამ მის დაფარვას ამჯერად ორსაათ-ნახევარი მოუნდნენ.
ყოველ დასახლებულ პუნქტში ბლოკპოსტზე აჩერებდნენ და საბუთებს უმოწმებდნენ. თითო-თითო მანქანას უშვებდნენ, რამაც პროცესი კიდევ უფრო გაწელა. პოლონეთის მხარეს რაულის ოჯახს მისი ძველი მეგობარი ელოდა, რომელსაც ისინი ვარშავამდე უნდა წაეყვანა. თუმცა უკვე ნათელი იყო, რომ დათქმულ 12 საათამდე საზღვარს ვერაფრით გადაკვეთდნენ.
შაბათი იყო, 5 მარტი. მთელი საავტომობილო ტრასა სავსე მანქანებით. ძირითადად მაინც ქალები, ბავშვები და მოხუცები. არავინ ტიროდა. მდუმარედ მიდიოდნენ და იმ წუთებში თითქოს ყველა მხოლოდ საზღვრის გადაკვეთაზე ფიქრობდა.
„მივხვდით, რომ ასე საზღვრამდე ვერასოდეს მივაღწევდით. მანქანა გზაში დავტოვეთ, ავიკიდეთ ჩანთები და წავედით“.
ფეხით 6 კილომეტრი იარეს.
იმ დღეს განსაკუთრებით ციოდა. რაულს ხერხემლის ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა - 13 000 ნაბიჯი როგორ გაიარა, თავადაც უკვირს.
Your browser doesn’t support HTML5
რაღაც მომენტში ძალიან შესცივდათ - უკრაინელები ცეცხლის დანთებაში დაეხმარნენ და იქვე, გზაში, ოდნავ გათბნენ. ის ფოტოც, რომელიც მერე ფეისბუკზეც გამოაქვეყნა, მისმა შვილმა გადაუღო რაულს - ხელში ჩაპა უჭირავს და ცეცხლთან ჩამომჯდარი ცდილობს გათბეს, რომ გზა გააგრძელოს.
„ზღვა ხალხი მოდიოდა“, - იხსენებს. რაღაც მომენტში ამ ხალხის ნაკადში ფეხი ჩაპას საბელში გაეხლართა და მუხლებზე დაეცა. რომ არა ორი პოლონელი პოლიციელი, რომლებიც საშველად მივარდნენ, შესაძლოა ვეღარც წამოვდგარიყავიო. თან ეკითხებოდნენ, ექიმი ხომ არ გჭირდება, ან ძაღლს ხომ არ შიაო...
პოლონეთის მხარეს, მაგიდები იყო გაშლილი - უკრანიდან დაძრულ ხალხს ყავას, ჩაის, წყალს, ცოტა საჭმელს სთავაზობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნაკადი არ წყდებოდა, ყველას ყურადღებით და თანაგრძნობით ხვდებოდნენ. უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ საინფორმაციო ფურცლებს არიგებდნენ, სადაც ეწერა ვისთვის მიემართათ, სად წასულიყვნენ, თუ არავინ დამხმარე არ ჰყავდათ.
Your browser doesn’t support HTML5
ასეთი იქ ბევრი იყო.
რაულის პოლონელი მეგობარი კი უკვე შვიდი საათი ელოდა მას და მის ოჯახს ქუჩაში. ბოლოს, როგორც იქნა, ერთმანეთს შეხვდნენ და ვარშავამდე 300-კილომეტრიან გზას დაადგნენ...
რაულ ჩილაჩავა და მისი ოჯახი დროებით პოლონეთის მწერალთა და ხელოვანთა შემოქმედებითმა სახლმა შეიფარა. მაგიდაზე წერილი დახვდათ, სადაც ეწერა, რომ აქ მათთვის კვება და ცხოვრება არის უფასო.
„ჩაპაც კი შემოუშვეს“.
ლამის ყოველ ნახევარ საათში კიევში დარჩენილ თავის უფროს ვაჟს ურეკავს.
„ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ის იქ დაიბადა, იქ გაიზარდა, ვალშია იმ ქვეყნის წინაშე“.
რამდენიმე დღეში თბილისში უნდა გამოფრინდნენ.
„კიდევ კარგი, რომ მაქვს სამშობლო, სახლი და წამოვალ“, - გვეუბნება რაულ ჩილაჩავა.
რა მოხდება - ამის პროგნოზირება უჭირს, ისევე როგორც ყველას, ვისაც ეგონა, რომ ომი მალე დასრულდებიდა, ან ომი არ იქნებოდა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე, ან ის, რომ კიევს არ დაბომბავდნენ.
ერთი, რისიც სჯერა, ის არის, რომ უკრაინელები თავიანთ დედაქალაქს ასე ადვილად არ დათმობენ. ბლოკადის შემთხვევაში კი, რადგან ხალხს იარაღი დაურიგეს, ამბობს რაულ ჩილაჩავა, ყველა ფანჯარა გაისვრის, ყველა სარდაფი გაისვრის, ვისაც მიეკარებიან.
„რუსს იქ მოსვენებას არ მისცემენ“.