ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ახალბედაშვილი ზედამხედველობას გაუწევს ეროვნული მუზეუმის საფინანსო, საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურულ, საკადრო და ორგანიზაციულ საკითხებს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ცვლილებები მუზეუმის დებულებაში, რომელიც ნიკა ახალბედაშვილის დავით ლორთქიფანიძის მოადგილედ დანიშვნისთვის იყო საჭირო, კულტურის მინისტრმა 2022 წლის 3 მარტს შეიტანა. ბრძანების თანახმად, ახალბედაშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებას 19 მარტიდან შეუდგება.

"ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ნახეთ რა არის ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ფუნქცია - მართვა თუ დაშლა

ნიკა ახალბედაშვილი ხელოვნების მუზეუმის დირექტორად 2021 წლის გაზაფხულზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დანიშნა. ამ პოსტზე წარდგენამდე ის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების, "საკანონმდებლო მაცნეს" დირექტორი იყო.

ნიკა ახალბედაშვილი იყო ინიციატორი რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული 13 კვლევის შეჩერების, რომლებიც ეროვნულ მუზეუმს 2022-2025 წლებში უნდა ჩაეტარებინა. მის სახელს უკავშირდება ხელოვნების მუზეუმიდან კვალიფიციური კადრების მასიური გათავისუფლება.

ასევე ნახეთ "ეს არის დასჯა" - მეცნიერები კვლევის უფლების გარეშე რჩებიან