საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში რუსეთიდან ბევრი მოქალაქის შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორია. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ზუსტ მონაცემებს შინაგან საქმეთა მინისტრი გაავრცელებს.
"საზოგადოებაში დავინახეთ, რომ ემოციურად არის აღქმული ძალიან ბევრი საკითხი და გვესმის აბსოლუტურად და მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები, თუ არ ვცდები, არის 20-25 ათასი ადამიანი - დაახლოებით ის რანგი, რაც იყო 2020 წელს, პანდემიამდე არსებულ შეზღუდვებამდე. ის, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები ჩამოდიან საქართველოში და ეს რისკების შემცველია, ასე არ არის", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოში რუსეთიდან შემოვლენ ის ადამიანები, რომლებიც "ქვეყანაში შემოსვლას იმსახურებენ".
"რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში მოდიან, მათთვის საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში. [ჩვენ] ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის სამეზობლოსთვის, ვართ საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება... ადამიანები თუ რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ სივრცეში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, მივცეთ ადამიანებს სწორად და ლეგალურად საქმის კეთების საშუალება", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
ბოლო რამდენიმე დღეა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და სანქციები დაწესდა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა. 6 მარტს სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდებოდა ფოტოები, რომლებშიც ასახული იყო ბანკომატებთან რიგები.
უკვე მეთორმეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით ადამიანი. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.