უკრაინის დელეგაციის წევრი რუსეთთან მოლაპარაკებებზე, "ვერხოვნა რადაში“ ფრაქცია „ხალხის მსახურის“თავმჯდომარე დავიდ არახამია აცხადებს, რომ რუსულ მხარესთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც ტერიტორიებს ეხება, ეს, არახამიას თქმით, არის “ყირიმის (რუსეთის კუთვნილებად) აღიარება და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება".
რუსეთის სხვა მოთხოვნების, კერძოდ, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შესახებ ლაპარაკისას, არახამიამ განაცხადა, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის თავის რიგებში მიღების განხილვისთვის მომავალ 5-10 წელიწადს, ხოლო უკრაინა, „არ იბრძოლებს შესვლის განაცხადისთვის“.
არახამია ცალკე შეეხო გავრცელებულ ხმებს, რომ ქვეყნის მთავრობამ, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით, დატოვა უკრაინა და პოლონეთში იმყოფება. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა სერიოზული საუბარი და გადავწყვიტეთ, დავრჩეთ უკრაინაში ბოლო წუთამდე და თუ დავიხოცებით, ვიქნებით სიმბოლო და სხვა უკრაინელებიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ“, - განაცხადა „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კვირას სატელეფონო საუბრები ჰქონდა ფრანგ და თურქ კოლეგებთან, ემანუელ მაკრონსა და რეჯეფ ერდოანთან. პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციის დასრულებისთვის კიევმა უნდა შეასრულოს რუსეთის ყველა მოთხოვნა და შეწყვიტოს რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლა. სხვა შემთხვევაში, ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი.
რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო 24 თებერვალს. რუსეთის არმიამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა ბევრ ქალაქში, ცეცხლს უშენს სამოქალაქო ობიექტებს, არის ასეულობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე.
პუტინი უკრაინის, როგორც თვითონ უწოდებს "დემილიტარიზაციას“ და „დენაციფიკაციას მოითხოვს.“ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს დასავლეთის ქვეყნებმა და კომპანიებმა დაუწესეს მკაცრი ეკონომიკური და საფინანსო სანქციები. ამ ეტაპზე ძნელია იმის დადგენა, რამდენი უკრაინელი და რუსი სამხედრო დაიღუპა 24 თებერვლის შემდეგ. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ათასობითაა.