სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება რუსულ მედიაში ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი ქართულ რძის საწარმოებს პროდუქტის ექსპორტზე გატანას სთავაზობს. 5 მარტს "ტასმა" გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ("როსსელხოზნადზორი") 15 ქართულ საწარმოს და 1 აზერბაიჯანულ კომპანიას სთავაზობს რუსეთში რძის ნაწარმის შეტანას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ესაა ნაწილი უცხოურ ბაზარზე ექსპორტის გაზრდის მიზნით მოლაპარაკებების და რომ საქართველო რუსეთთან 2020 წლიდან მუშაობს ამ საკითხზე.
"ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც. სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში და სხვა ქვეყნებში", - ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ.
რუსული სააგენტო "ტასი", რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტის შესაძლებლობაზე, 5 მარტს წერდა, რომ ეს არის იმ მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც 5 მარტს შედგა "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურიშვილს, ასევე მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის.
ასევე ნახეთ რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობსსურსათის ეროვნული სააგენტო ამ შეხვედრაზე არ საუბრობს და არც იმ 15 კომპანიას ასახლებს, ვისაც რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის შეთავაზება აქვთ. სააგენტო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საქართველო მუშაობს ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში და მაგალითად თაფლი მოჰყავს.
"ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.
ასევე ნახეთ რუსულმა კომპანიებმა საქართველოში 600 მლნ. ლარამდე ტენდერები მოიგეს ბოლო ათ წელშისაქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე აქვს პოზიცია, რომ არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ აწესებს საკუთარ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის და ამას "ეროვნული ინტერესებით" ხსნის.