„სირცხვილია“ მოითხოვს შეიზღუდოს საქართველოში  რუსეთის სახელმწიფო არხების და  “ალტ-ინფოს” ტრანსლაცია

მოძრაობა „სირცხვილია" ავრცელებს პეტიციას, რომლითაც მოითხოვს საქართველოში შეიზღუდოს "ალტ-ინფოსა" და რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობა.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ უკრაინაში რუსეთის მასშტაბური სამხედრო დანაშაულის პარალელურად, „მსოფლიოში რუსული საინფორმაციო ომი მძვინვარებს და პროპაგანდისტული და პრორუსული საინფორმაციო მედიები ცდილობენ გაამართლონ რუსეთის სამხედრო აგრესია და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“. პეტიციის ავტორების აზრით, რუსეთის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის საქართველოც:

„სადაც რუსული და ადგილობრივი პრორუსული არხები ცდილობენ პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მოხდენას. თუმცა, რუსეთის სახელმწიფო მედიების გარდა, პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა „ალტ-ინფო“, რომელიც ცდილობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მათივე შეცდომების შედეგად წარმოჩენას, რაც თითქოს უკრაინის მიერ არჩეულმა პროდასავლურმა გეზმა გამოიწვია და რუსეთს ომის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა“.

მოძრაობა „სირცხვილია“ და პეტიციაზე ხელმომწერი ადამიანები იზიარებენ აზრს, რომ ამ განცხადებებით, პროპაგანდისტული საინფორმაციო მედიები ცდილობენ გაამართლონ რუსული პოლიტიკა, ხოლო იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ისინი პირდაპირ საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და დასავლურ კურსს.

„ბოლოდროინდელი პროცესების ადასტურებს, რომ ხელისუფლება კაცობრიობის მტერთან მორჩილებით უკრაინას მორალურადაც კი არ უჭერს მხარს. ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამიტომ ეს ომი საერთო მტერთან ყველა ჩვენგანის მოსაგებია. ჩვენ შეგვიძლია წინ აღვუდგეთ რუსეთის ერთ-ერთ მძლავრ იარაღს, კრემლის პროპაგანდას ჩვენს ქვეყანაში“, - წერია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ავტორები მოუწოდებენ:

  • საქართველოს ხელისუფლებას და სახელმწიფო ორგანოებს - გამოაცხადოს რუსული და ადგილობრივი პრორუსული არხები, მათ შორის “ალტ-ინფო”, საფრთხედ ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მათ შესაჩერებლად.
  • ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს (სილქნეტი, მაგთი და ა.შ.) - აიღონ პასუხისმგებლობა მომხმარებელთა მიმართ და შეზღუდონ რუსეთის სახელმწიფო და ადგილობრივი პროპაგანდისტული მედიების, მათ შორის “ალტ-ინფოს” ტრანსლაცია.