რუსეთის დუმამ სანქციების პირობებში რუსეთის მოქალაქეთა და ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ზომების შესახებ კანონი მიიღო.
კანონის თანახმად, წლის ბოლომდე უქმდება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ საშუალო და მცირე ბიზნესის და IT-კომპანიების შემოწმება, მარტივდება სახელმწიფო შესყიდვები და იზღუდება ქვეყნიდან მედიკამენტების გატანა. კანონპროექტი ითვალისწინებს „საკრედიტო არდადეგების“ გამოცხადებასაც. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებს მისცემენ უფლებას, რომ 30 სექტემბრამდე არ გადაიხადონ სესხის პროცენტი.
კანონი მთავრობას ანიჭებს უფლებას, 2022 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის გეგმურ ინსპექტირებაზე მორატორიუმი შემოიღოს. ამასთან, როგორც დოკუმენტის ტექსტშია აღნიშნული, „საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციების გეგმური ინსპექტირება 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში არ ჩატარდება.
ასევე ნახეთ სანქციები რუსეთისთვის - ყველაფერი ერთად, სფეროების მიხედვით (განახლებადი)რუსეთი ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო მისთვის დაწესებული უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების შედეგად. რუსული ბიზნესი მილიარდობით დოლარს კარგავს. გაუფასურდა ქვეყნის ეროვნული ვალუტა, რუბლი.
- პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრნენ. რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის - დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". უფრო ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო უარი ეთქვათ ნატოში უკრაინის მიღებაზე.
- პუტინმა 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
- 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
- უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
- რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
- ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.