უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის მიერ დღეს, 4 მარტს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედნის დაცხრილვის შედეგად გაჩენილი ხანძრის შემდეგ რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.
სახელმწიფო ინსპექციის თანახმად, ატომური სადგურის ენერგობლოკების მთლიანობა შენარჩუნებულია, პირველი ბლოკის ერთ-ერთ განყოფილებაზე არსებული დაზიანება ენერგობლოკის უსაფრთხოებაზე რაიმე გავლენას არ ახდენს და მუშაობენ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები და ელემენტები.
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ცნობითვე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი მიტაცებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, თუმცა სადგურის ოპერატიული პერსონალი ენერგობლოკების მდგომარეობას აკონტროლებს და ექსპლუატაციას მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს.
ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრი ორლოვმა წუხელ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი იყო ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელი კორპუსის სამ სართულზე. ხანძარი დილით ჩააქრეს.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ დაუშვან ევროპის დასასრული1986 წლის აპრილში, უკრაინაში ავარია მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.
ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩერნობილს საჰაერო-სადესანტო ძალები აკონტროლებენრუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.