ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. მისი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. მანამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებოდა, რომ ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო 2 ათას კვადრატულ მეტრზე.
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.
ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრი ორლოვმა წუხელ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს.
დღეს დილით, უკრაინული მედიასაშუალებები ორლოვზე დაყრდნობით წერენ, რომ ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებები, ამ დროისთვის, არ მიმდინარეობს.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ დაუშვან ევროპის დასასრული1986 წლის აპრილში, უკრაინაში ავარია მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.
ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩერნობილს საჰაერო-სადესანტო ძალები აკონტროლებენრუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.