ცხინვალში გაიმართა პუტინის მხარდამჭერი აქცია

პუტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია ცხინვალში

ცხინვალში ხალხმრავალი მიტინგი გამართეს, რომელზეც რუსეთის ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ომში მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციის ორგანიზატორი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტია „ედინაია ოსეტია” იყო, აქციაზე კი ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტები და საშუალო სკოლების მოსწავლეებიც მივიდნენ.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ი წერს, აქციაზე ათასზე მეტი ადამიანი იდგა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს, რადგან ჩვენ თავად გამოვიარეთ ნაციონალიზმისა და ფაშიზმის ტრაგედია. ჩვენ რუსეთის გვერდით ვართ, დონბასის ხალხის გვერდით. ჩვენი ფიქრები და ძალები ახლა პუტინთან და დონბასთანაა”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა აქციაზე გამოსვლის დროს.

აქციაზე მისულებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ფედერაციის დროშების გარდა, საბჭოთა კავშირის გერბიც ეკავათ.

პუტინის მხარდამჭერი დემონსტრაცია ცხინვალში

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხშირად აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სწრაფვაა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღვოდა სეპარატისტული რეგიონების - ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“. ამ ომში ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებები პუტინის აგრესიას მხარს უჭერენ. ოკუპირებულ ცხინვალში დონბასის ე.წ რესპუბლიკებიდან პირველი დევნილებიც მიიღეს.