"რუსეთი დაეშვება 2000 წლის დონეზე". ტექნოლოგიური განულება

რუსეთისთვის მიკროელექტრონული საშუალებების მიწოდების სანქციები უფრო მძიმე დარტყმაა, ვიდრე ყველა სხვა ეკონომიკური შეზღუდვა. მართალია, მის შედეგებს რუსეთის მოქალაქეები ისე სწრაფად ვერ შეამჩნევენ, როგორც ამჩნევენ რუბლის ვარდნას, მაგრამ მათ შეუძლიათ რამდენიმე ათწლეულით უკან დააბრუნონ რუსეთი. მიკროსქემები გამოიყენება ყველგან - ელექტროქვაბებიდან და სარეცხი მანქანებიდან დაწყებული, მატარებლებით, თანამგზავრებითა და ტანკებით დასრულებული. რუსეთს, უკეთეს შემთხვევაში, შეუძლია აწარმოოს 10-15 წლის წინანდელი მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი მიკროსქემები. დამოუკიდებლად ამ ორმოდან ამოსვლა თითქმის შეუძლებელია, ჩინეთი კი, რომელიც თავად განიცდის პრობლემებს, ვერ და არ დაეხმარება რუსეთს.

რადიო თავისუფლება ესაუბრა დიდი რუსული მიკროელექტრონული დიზაინის ცენტრის ერთ-ერთ ყოფილ თანამშრომელს, რომელიც ამჟამად მუშაობს ევროპის ნახევარგამტარულ ინდუსტრიაში და, რომელმაც ითხოვა, უსაფრთხოების მიზნით, არ გამჟღავნებულიყო მისი ვინაობა. რადიო თავისუფლების რედაქციისათვის ცნობილია თანამოსაუბრის ნამდვილი სახელი, მისი ამჟამინდელი და წარსული სამუშაო ადგილი. ჩვენ დამოუკიდებლად დავრწმუნდით განხილულ საკითხებში მის კომპეტენტურობასა და ავტორიტეტულობაში.

რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ მიკროელექტრონიკა, ალბათ, ყველაზე გლობალიზებული წარმოების სფეროა მსოფლიოში. მიკროჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი, რომელზეც მოდის გლობალური ბაზრის 50 პროცენტი, მდებარეობს ტაივანში; მიკროსქემის პროგრამული უზრუნველყოფა კეთდება გერმანიასა და აშშ-ში, ფოტოლითოგრაფიულ დაზგებს კი თითქმის ექსკლუზიურად აწარმოებენ ჰოლანდიური კომპანიები.

მსოფლიოში არცერთ ქვეყანას, მათ შორის აშშ-სა და ჩინეთს, ამჟამად არ შეუძლია დამოუკიდებლად ააწყოს მიკროელექტრონული ინდუსტრიის მთელი ჯაჭვი. ამავე დროს, ელექტრონიკა იქცა გლობალური ეკონომიკის საფუძვლად. გლობალური როლი, რომელსაც ტაივანის კომპანია TSMC ასრულებს, გეოპოლიტიკური ფაქტორი ხდება კუნძულსა და ჩინეთს შორის მზარდი დაძაბულობის საკითხში.

რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წლის სანქციების შემდეგ ცდილობდა გადაეჭრა ელექტრონიკის იმპორტის ჩანაცვლების პრობლემა, თუმცა უკანასკნელი 8 წლის ძალისხმევას თითქმის არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. საკუთარი რუსული წარმოება თითქმის ორი რიგით ჩამორჩება გლობალურ ტენდენციას. რუსული კვლევითი ინსტიტუტებისა და კომპანიების მიერ სახელმწიფო ინტერესებისთვის, მათ შორის, თავდაცვის ინდუსტრიისთვის გამოყენებული ჩიპები კვლავ ტაივანში იწარმოება. რაც ახლა, სავარაუდოდ, შეუძლებელი გახდება. რუსეთი არა მხოლოდ დაკარგავს მის მიერ შემუშავებული ჩიპების საზღვარგარეთ წარმოების უნარს, არამედ დაკარგავს იმპორტულ მიკროსქემებსაც.

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას უკავშირდება. ამ პაკეტის ცალკე და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოკი ეთმობა მიკროელექტრონიკას. ბაიდენმა აღნიშნა, რომ სანქციებმა შეიძლება შეაჩეროს რუსეთის მაღალტექნოლოგიური ექსპორტის 60 პროცენტი.

ახალი შეზღუდვების აღწერის კონკრეტული დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამასთან, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამონაკლისი იქნება სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისთვის, ასევე გარკვეული „სამომხმარებლო პროდუქტების ასორტიმენტისთვის“, კერძოდ, სმარტფონებისთვის.

ტაივანურმა მიკროჩიპების მწარმოებელმა TSMC-მა უკვე შეწყვიტა თანამშრომლობა რუს კლიენტებთან - ჯერჯერობით დრობებით, სანქციების დოკუმენტების დეტალების შესწავლამდე. რუსეთში მიწოდება ასევე შეაჩერა Intel-მა და AMD-იმ.

ჩვენმა თანამოსაუბრემ რადიო თავისუფლებას უთხრა, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე მსოფლიო კოოპერაცია მიკროელექტრონიკის სფეროში, რატომ არ ღირს ჩინეთზე დიდი იმედების დამყარება, რამდენად ჩამორჩება რუსული ელექტრონიკა მსოფლიოსას და რა საფრთხეს უქმნის ჩიპების მიწოდებაზე სანქციების დაწესება რუსეთის თითოეულ მოქალაქეს.

"ყველაზე გლობალიზებული ინდუსტრია"

- ახლა თითქმის არცერთ ქვეყანას არ აქვს მიკროჩიპების წარმოების სრული ციკლი - თუნდაც შეერთებულ შტატებს. როგორ მოხდა ეს?

- შრომის დანაწილება საჭირო გახდა იმის გამო, რომ რაღაც მომენტში ძალიან მკვეთრად გაიზარდა როგორც თავად წარმოების, ასევე წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის შემუშავების ღირებულება. თანამედროვე ჩიპების, მაგალითად, სმარტფონებისთვის განკუთვნილი პროცესორების ქარხანა - ეს რამდენიმე მილიარდი დოლარის საქმეა იმის გათვალისწინებით, რომ ხდება მზა აღჭურვილობის შეძენა. აღჭურვილობის, ჩარხების შემუშავება ასევე ძალიან ძვირი პროცესია. ჩიპის წარმოების საკვანძო ეტაპია ფოტოლითოგრაფია, ჰოლანდიური კომპანია ASML-ი დღეს თითქმის მონოპოლისტია სტეპერების (stepper) მიწოდებაში, ასე ჰქვია ამ პროცესის აღჭურვილობას და თავის დროზე მასში ინვესტიცია ჩადეს მსოფლიო მიკროელექტრონული ბაზრის გიგანტებმა, მათ შორის ერთმანეთის ისეთმა დაუძინებელმა კონკურენტებმა, როგორებიც არიან Intel-ი, TSMC-ი და Samsung-ი. იმიტომ, რომ მსოფლიოში დამოუკიდებლად, მარტო ვერავინ დააფინანსებს ამგვარ სამუშაოს. აზრი არ აქვს. შესაბამისად, ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ ყველა ეს კომპონენტი (ჩიპების შემუშავება, წარმოება, დანადგარების გაკეთება, პროგრამული უზრუნველყოფა და ა.შ.) გამოცალკევდა. შესაბამისად, ახლა მიკროელექტრონიკა ყველაზე გლობალიზებული ინდუსტრიაა მსოფლიოში. მასში უამრავი ქვეყანაა ჩართული, თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მარტივი ჩიპების წარმოებაში. და თუ ვსაუბრობთ hi-end-ზე, მაშინ ეს უზარმაზარი საერთაშორისო თანამშრომლობა უბრალოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს სრული ჯაჭვი, რომელიც აუცილებელია მეტ-ნაკლებად თანამედროვე მიკროსქემების წარმოებისთვის, მათ შორის, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს.

- მაგრამ ახლა სიტუაცია იცვლება. ხომ არ ფიქრობენ ქვეყნები ამგვარი, ოღონდ დამოუკიდებელი ჯაჭვების შექმნის აუცილებლობაზე?

- დიახ. ეს დაიწყო მაშინ, როცა ტრამპი იყო პრეზიდენტი. ბევრმა ქვეყანამ გააცნობიერა გადაჭარბებული გლობალიზაციის საფრთხე. ახლა ევროკავშირი ცდილობს აქტიურად ჩადოს ფული წარმოების ნაწილობრივ ლოკალიზაციაში, აშშ კი უბიძგებს ტაივანსა და კორეას, თავიანთი წარმოების ნაწილი გადაიტანონ ამერიკაში. TSMC-ისა და Samsung-ის ახალი ქარხნები შენდება ამერიკაში. ჩინეთი, თავის მხრივ, თავის ტერიტორიაზე იზიდავს როგორც ინჟინრებს, ასევე კომპანიებს. ყველა ცდილობს თავის დაზღვევას, რადგან იზრდება გეოპოლიტიკური რისკები. თავად მიკროელექტრონიკა ხდება გეოპოლიტიკური ფაქტორი. ისტორიულად ისე გამოვიდა, რომ ტაივანი რაღაც მომენტში იქცა ჩიპების უმსხვილეს მიმწოდებლად მსოფლიოში. ტაივანი აწარმოებს მსოფლიოს მთლიანი პროდუქციის ნახევარს, ამ გარემოებას კი იყენებს როგორც ფარად ჩინეთის წინააღმდეგ. თუ რამე დაემართება ტაივანს, მსოფლიო ეკონომიკა დაინგრევა. რაც ახლა ხდება, მხოლოდ საბავშვო ბაღი იქნება. ტაივანი ახლა აქტიურად იყენებს თავის ტექნოლოგიურ განსაკუთრებულობას გეოპოლიტიკაში.

სტეპერის აწყობა, კომპანია ASML

- იმისთვის, რომ შევქმნათ საკუთარი მიკროელექტრონული წარმოება, საჭიროა ფოტოლითოგრაფები, სტეპერები. თქვენ თქვით, რომ ჰოლანდიური ASML-ი თითქმის მონოპოლისტია, მაგრამ რას ნიშნავს "თითქმის"?

– ASML-ი ემსახურება ბაზრის დაახლოებით 80-90 პროცენტს. ამავდროულად, ის ე. წ. EUV-ლითოგრაფიის მონოპოლისტია. EUV-ლითოგრაფია საჭიროა ყველაზე თანამედროვე წარმოების პროცესორებისთვის. საუბარია დაახლოებით 7 ნანომეტრსა და უფრო ნაკლებზე. თუ ვილაპარაკებთ 32, 16, თუნდაც 14-ნანომეტრიან პროცესორებზე, შესაძლებელია გამოვიყენოთ Canon და Nikon აღჭურვილობა. ასევე არის ჩინური კომპანია SMEE, რომელმაც 28 ნანომეტრის მასშტაბზე გააკეთა განცხადება, მაგრამ შეიძლება არსებობდეს შეუსაბამობა, რასაც ისინი აცხადებენ და რაც რეალობაა, რადგან SMEE მხოლოდ ჩინეთის შიდა ბაზარზე მუშაობს და არავინ იცის დანამდვილებით, რამდენად კარგია მისი პროდუქცია. ერთი სიტყვით, ალტერნატივები არსებობს, მაგრამ - ცოტა. თუ რუსეთზე ვსაუბრობთ, შეძლებს თუ არა რუსეთი ასეთი სტეპერების შეძენას, მაშინ ეს ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ არის მნიშვნელოვანი, რადგან სანქციებს იაპონიაც შეუერთდა. სხვათა შორის, ჩიპების წარმოებისთვის მხოლოდ ლითოგრაფია არ არის საკმარისი, აღჭურვილობისთვის საჭიროა წარმოების სხვა ოპერაციები და მათ შორის ოპერაციები, რომლებშიც აღჭურვილობის მთელი რიგი მომწოდებლები აშშ-დან და იაპონიიდან არიან.

– და სად არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება ახალი ჩიპების შესაქმნელად?

– ფაქტობრივად, არსებობს მხოლოდ სამი მიმწოდებელი. არის Mentor Graphics-ი, რომელიც ეკუთვნის Siemens-ს, ანუ ფორმალურად გერმანულია. და არის ამერიკული Cadence-ი და Synopsys-ი.

- სანქციების თვალსაზრისით: შეიძლება, მაგალითად, აშშ-მა თქვას, რომ იკრძალება მათი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით დამზადებული ყველა ჩიპის რუსეთში შეტანა?

- თეორიულად, დიახ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ITAR-ის კანონმდებლობით (რომელიც აღწერს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს) განსაზღვრულია მოწყობილობაში ამერიკული ტექნოლოგიების წილი (25%), რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მოწყობილობა მოექცეს კონტროლის ქვეშ. თუ მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაზეა საუბარი, ალბათ ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ არსებობს ჩინეთისთვის ASML სტეპერების მიწოდების პრეცედენტი. პროცენტების მიხედვით (იყო 15 და არა 25 პროცენტი), არ ექცეოდა კანონის მოქმედების ზონაში, მაგრამ აშშ-ს მთავრობამ მაინც დაარწმუნა ჰოლანდიის მთავრობა, არ გაეცა ექსპორტის ლიცენზია, ანუ ყველა ამ ფორმალურ წესს გვერდს უვლიან, თუ ეს აუცილებელია. რაც შეეხება სანქციებს თავად პროგრამულ უზრუნველყოფაზე: თუ მასაც დაბლოკავენ, რუსი დეველოპერების მუშაობა შეუძლებელი იქნება. თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა იყენებს ღრუბლოვან ლიცენზიებს. თეორიულად შესაძლებელია შედარებით ძველი ვერსიების „გატეხვა“, ინტერნეტიდან გამიჯვნა, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მოწინავე სიახლეებისგან და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტექნიკური მხარდაჭერისგან მოწყვეტას. ეს გარემოება სულ ცოტა 10 წლით უკან გადაგვისვრის.

- გლობალური თანამშრომლობის კიდევ ერთი ელემენტია IP-ბირთვები, მიკროსქემების მზა ელემენტები, რომლებსაც დეველოპერები თავიანთ ჩიპებში იყენებენ ისე, როგორც კონსტრუქტორის კუბებს. ისინიც იმპორტულია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა სანქციებში მოყვნენ. მათ გარეშე გაცილებით რთულია მუშაობა?

– დიახ, ეს იქნება ძალიან ძვირი. ჩიპის ტიპური შემქმნელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ცდილობს დამოუკიდებლად გააკეთოს ის, რაშიც მას აქვს კონკურენტული უპირატესობა, რაც მის მიკროსქემას უნიკალურს ხდის, ხოლო ყველა მეტ-ნაკლებად სტანდარტულ ბლოკს გამზადებულს იღებს. ასეთი ბლოკების უზარმაზარი ბაზარია. რა თქმა უნდა, თითქმის ყველა იმპორტულია. ამ ბაზარზე მთავარი მოთამაშეა ცნობილი ბრიტანული კომპანია ARM-ი. როგორც ჩანს, ბრიტანეთის სანქციები უფრო მკაცრია, ვიდრე ევროპული. ნამდვილად ასეა, თითქმის ყველა რუსულ მიკროსქემას აქვს იმპორტირებული ბირთვები და მათზე უარის თქმა ძალიან რთული იქნება.

- გკითხავთ მასალებზეც. თუ არის ისეთი ქიმიური ელემენტები, რომლებიც გამოიყენება მიკროელექტრონიკაში და რომელიც რუსეთიდან გააქვთ?

- თანამედროვე მიკროსქემაში მენდელეევის ტაბულის დაახლოებით 80-90 ელემენტია, რომლებსაც მსოფლიოს ლამის ყველა ქვეყნიდან იღებენ, მათ შორის, რუსეთიდანაც, რაც გლობალური მიკროელექტრონული ინდუსტრიისთვის დიდი შეშფოთების მიზეზია. როგორც ვიცი, პალადიუმი და ნეონი ძირითადად რუსეთიდან გადის. ამასთან, თუ სწორად მახსოვს, ნეონთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: მიკროელექტრონიკის მსოფლიო წარმოება მიბმულია რუსეთში ნეონის მოპოვებასთან და უკრაინაში შემდგომ გადამუშავებასთან. შექმნილი ვითარების გამო, რა და როგორ იქნება, ძნელი სათქმელია. ინდუსტრიის ასოციაციები ამბობდნენ, რომ კოლაფსი არ მოხდება, მაგრამ ფასები კი დანამდვილებით გაიზრდება...

– რუსეთი უნიკალური მიმწოდებელია თუ გაზის მსგავსი ვითარებაა, ანუ რუსეთში ყიდვა უბრალოდ უფრო მოსახერხებელი და იაფია?

- მსგასი სიტუაციაა. რუსეთი არ არის მონოპოლიური მიმწოდებელი. ალბათ, შესაძლებელია რაიმე სახის ლოკალური კრიზისის პროვოცირება, მაგრამ ეს იქნება მიწოდების 2-3-წლიანი შეფერხება და არა კოლაფსი. სრული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ რუსეთი ბაზრის დამოკიდებულებას პალადიუმსა და ნეონზე ზეწოლის ბერკეტად ვერ გამოიყენებს.

"არ არის ასეთი მოცემულობა, რომ ჩინეთი აუცილებლად გააგრძელებს თანამშრომლობას რუსეთთან"

- თქვენ უკვე ახსენეთ ე.წ. საპროექტო სტანდარტები, ანუ, ფაქტობრივად, მიკროსქემების ხაზოვანი ზომები, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავს მათ კლასს. შეგიძლიათ დაახლოებით მაინც შეადაროთ საპროექტო ნორმა ჩიპის დანიშნულებას, უხეშად რომ ვთქვათ, სმარტფონის პროცესორები ამ კატეგორიაშია, ავტომობილების პროცესორები - იმ კატეგორიაში, ტანკების პროცესორები კი სულ სხვა კატეგორიაში?

- საპროექტო სტანდარტები ყოველთვის არ არის პირდაპირ კორელაციაში მიკროსქემის დანიშნულებასთან, მაგრამ არსებობს გარკვეული ტენდენციები. ყველაზე მოწინავე საპროექტო ნორმები, რაც არსებობს, უპირველეს ყოვლისა, მაღალი ხარისხის გამომთვლელებია ანუ საუბარია პერსონალური კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების პროცესორებზე, ვიდეობარათებზე, მაინინგზე - ასეთ რამეებზე. სადაც სტანდარტები შედარებით დაბალია, ანუ სადაც უფრო დიდი ზომებია, ბევრი რამე შეიძლება იყოს. მაგალითად, 130 ან 55 ნანომეტრის საპროექტო სტანდარტების მიხედვით, შეგიძლიათ გააკეთოთ კვების წყარო, რომელიც ასევე გამოიყენება iPhone-ში. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ რაიმე სახის დრაივერი იმავე ტელეფონის ეკრანისთვის, შეგიძლიათ გააკეთოთ მიკროკონტროლერი სარეცხ მანქანაში, თუმცა შიგნით ყველა განსხვავებული იქნება, რადგან განსხვავდებიან ლითოგრაფიები. მაგალითად, ავიღოთ ნორმა 180 ნანომეტრი. ამ კატეგორიაში არის ჩიპები, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა 200 ვოლტ ძაბვაზე, რაც საჭიროა, მაგალითად, ელექტროძრავის სამართავად, თუმცა გვხვდება ჩიპები იმავე 180 ნანომეტრით, მაგრამ ამ ოფციის გარეშე, რომლებსაც მხოლოდ 5 ვოლტი აქვთ და, რომლებითაც ძრავის მართვა შეუძლებელია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ზელენოგრადის ქარხანა „მიკრონში“, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქარხნებიდან, სადაც რუსეთში ჩიპები მზადდება, 180-ნანომეტრიანი სტანდარტი მუშაობს არაუმეტეს 5 ვოლტის ძაბვით. იმავე iPhone-შიც გვხვდება მიკროსქემები, რომლებიც დამზადებულია 5 ნანომეტრის ნორმიდან ზუსტად 350 ნანომეტრის ნორმამდე.

TSMC-ის სათავო ოფისი

– დღესდღეობით ყველაზე მოწინავე სტანდარტი - 4 ნანომეტრია?

- სერიაში - კი. 3 ნანომეტრი უნდა დაინერგოს მიმდინარე წლის განმავლობაში TMSC-სა და Samsung-ში, თუმცა, რაც მე გავიგე, ორივე მათგანს ახლა გარკვეული პრობლემები აქვს. ზოგადად, მხოლოდ ტაივანელები, კორეული „სამსუნგი“ და ამერიკული Intel-ი მუშაობენ 14 ნანომეტრზე დაბალი სტანდარტებით.

"მომავალი არ არსებობს"

– განვიხილოთ რუსული მიკროელექტრონიკა. დავიწყოთ ჩიპების დეველოპერებით. უპირველეს ყოვლისა, საუბარია პროცესორების შემქმნელებზე, რომლებითაც ცდილობენ იმპორტის ჩანაცვლებას. საუბარია „ელბრუსზე“, „ბაიკალზე“, „კომდივზე“.

– „ნეირომატრიქსი“ და კიდევ რომელიღაც. მხოლოდ „ბაიკალები“ და „ელბრუსებია“ მაღალი ხარისხის პროცესორები, იგივე „კომდივები“ ნაკლებად მწარმოებლურია, გამოუსადეგარია სერვერებისა და კომპიუტერებისთვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამთავითვე ითქვას, რომ ყველა ეს პროცესორი რეალურად იწარმოება ტაივანში.

ბაიკალ-Т1 პროცესორი

– მხოლოდ ტაივანში? რუსეთში საერთოდ არაფერი?

- სულ მთლად არა. ინსტიტუტს, რომელიც აწარმოებს „კომდივებს“, აქვს საკუთარი ფაბრიკა მოსკოვში, მაგრამ ტაივანში იწარმოება 65 ნანომეტრის ნორმა, რუსული ინსტიტუტის შემთხვევაში კი - 28 და 16 ნანომეტრიც კი. მოსკოვში 350 ნანომეტრის ნორმაც იწარმოება, რაც ტექნოლოგიური დონის თვალსაზრისით 30 წლის უკან დაბრუნებაა. საზღვარგარეთ, რუსი მწარმოებლები ზოგადად თანამშრომლობენ არა მხოლოდ ტაივანთან, არამედ ასევე თანამშრომლობენ GlobalFoundries-ის ფაბრიკასთან, რომელსაც აქვს ქარხნები გერმანიაში, სინგაპურსა და შტატებში და საერთოდაც, თანამშრომლობენ უმეტეს მსხვილ მწარმოებლებთან, მათ შორის ჩინელებთანაც. გარდა ამისა, არიან მწარმოებლებიც, რომლებიც აწარმოებენ არა პროცესორებს, არამედ, მაგალითად, მიკროკონტროლერებს, მათ შორის - მიკროკონტროლერებს ავიაციისთვის. მაგალითად, არსებობს Superjet new თვითმფრინავის პროცესორის იმპორტის შემცვლელი პროექტი, სადაც კომპიუტერებში გამოყენებულია მეორე დონის მიკროსქემები, რომლებიც მუშავდება რუსეთში, მაგრამ იწარმოება საზღვარგარეთ. ეს ფაბრიკებიც, დიდი ალბათობით, შეუერთდებიან სანქციებს და ეს „შინაური“ მიკროსქემებიც გაქრება. საუბარი არ არის მხოლოდ მიკროპროცესორებზე. ყველა ე. წ. იმპორტის ჩამნაცვლებელი რუსულ ელექტრონიკაში ძალიან მალე განადგურდება.

- კი, მაგრამ რუსულ „მიკრონს“ აქვს 90 ნანომეტრის საწარმოო ხაზი. ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაკეთდეს თუნდაც ავიონიკა Superjet new-სთვის?

- თეორიულად, შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ „მიკრონზე“ გადაწყობა ძვირი და ხანგრძლივი პროცესია, სულ ცოტა, ორი წელი დასჭირდება იმ პირობით, რომ „მიკრონს“ ექნება ყველა საჭირო რესურსი. წარმოების მოცულობა, რომლის გამოშვებაც „მიკრონს“ შეუძლია, შეზღუდულია. შეუძლებელია იმის იმედად ყოფნა, რომ ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში საზღვარგარეთ იწარმოებოდა, თუნდაც იმ სტანდარტების მიხედვით, რომლებიც „მიკრონმა“ შეიძლება აითვისოს, შეიძლება გადმოტანილ იქნეს „მიკრონში“. ამას დასჭირდება წლები და შეუზღუდავი დაფინანსება, რასთან დაკავშირებითაც, ჩემი ვარაუდით, გარკვეული პრობლემები შეიქმნება.

– და რაც შეეხება მიკროელექტრონიკას სამხედრო ინდუსტრიაში? ყველაფერი რუსული წარმოებისაა? იქ ხომ ულტრათანამედროვეზე მეტად საიმედო მიკროსქემები სჭირდებათ?

- არ არის ასე. აშშ-ში სილიკონის ველი სამხედრო ფულით შეიქმნა და განვითარდა. მთელ მსოფლიოში შეიარაღებული ძალები მიკროელექტრონიკაში ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. ამჟამად შტატებში სამხედრო საჰაერო კოსმოსური ძალების მიერ გამოყენებული მიკროსქემების დონე 20 ნანომეტრია. ეს რაც უკვე სერტიფიცირებულია, არადა, სამხედრო სერტიფიცირების პროცესი საკმაოდ გრძელი პროცესია. საჰაერო კოსმოსურ თემებზე დაწერილ სტატიებში წავიკითხე, რომ ამერიკაში უკვე აქტიურად ცდილობენ 5-7 ნანომეტრის ათვისებას. უკვე მიმდინარეობს წინასწარი ტესტირებები.

- 20-ნანომეტრიანი მიკროსქემები - ამასთან სამხედრო, რომელიც ჩექმის დარტყმასაც უძლებს?

- ჩექმასაც, რადიაციასაც, ტემპერატურასაც და ა.შ. სერტიფიცირება ძალიან გრძელი და ძვირი პროცესია. სერტიფიცირებამ, არცთუ ისე დიდი ტირაჟის დროს, მიკროსქემის ღირებულება შეიძლება რამდენჯერმე გაზარდოს. გავრცელებული შეცდომაა, რომ თითქმის სამხედრო სფეროში ძველი სტანდარტის მიკროსქემები გამოიყენება. სინამდვილეში ჯარებში სამხედრო აღჭურვილობა სწორედ ამ ხანგრძლივი სერტიფიცირების გამო იგვიანებს. სწორედ ამიტომ ჩამორჩება სამხედრო ელექტორონიკა სამოქალაქოს. ასეთია საიმედოობის ფასი.

რადიაციისადმი მედეგი პროცესორი 1900ВМ2Т „კომდივ-32“

- რუსეთში ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე აშშ-ში. ამერიკის თავდაცვის ინდუსტრიაში 20 ნანომეტრის მიკროსქემები გამოიყენება, რუსეთში კი - 300 ნანომეტრის?

– რუსეთის სამხედრო ინდუსტრიამ 65 ნანომეტრი აითვისა, მაგრამ ეს ჩიპები ტაივანში მზადდება. დიახ, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ახლა მასიურად იყენებს რუსეთის ფედერაციის გარეთ წარმოებულ მიკროსქემებს.

- როცა TSMC-ში შეკვეთას ასრულებენ, შეუძლიათ გაარჩიონ ერთმანეთისგან, სამხედრო ჩიპს ამზადებენ თუ სამოქალაქოს?

- ალბათ, კი. საქმე კონტროლის სურვილშია. არსებობს ინფორმაცია, რომ კონტროლი ძლიერდება, ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, არაოფიციალური ინფორმაციით კი, უმსხვილესი ქარხნების მთელმა რიგმა უკვე მთლიანად შეაჩერა მუშაობა რუსეთის მიმწოდებლებთან, მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადეს მათ საექსპორტო დოკუმენტებში.

– ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში?

– დიახ, ზოგადად, სანქციები ასე მუშაობს. უცხოური ქარხნიდან მიკროჩიპის შეკვეთისას უნდა მიუთითოთ ამ მიკროსქემის საბოლოო მომხმარებელი, ანუ კონკრეტული იურიდიული პირი. თუ ეს იურიდიული პირი არის რუსეთის სამთავრობო უწყება, მაშინ თქვენ უარს გეტყვიან, მაგრამ ეს არის წესი, თუმცა არსებობს მისი გამოყენების პრაქტიკა, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო გამკაცრდეს.

– ორი ყველაზე ცნობილი რუსული კომპიუტერის იმპორტის შემცვლელი პროექტი - „ბაიკალი“ და „ელბრუსი“. სერვერები „ელბრუსის“ პროცესორებით ახლახან გამოცადა სბერბანკმა და, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ დეველოპერებმა განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ სწრაფად გააუმჯობესონ სასურველი მახასიათებლები. ომამდე ამ პროექტებს ჰქონდათ მომავალი. საკითხავია, ახლა თუ აქვთ?

- ერთი კვირის წინ ვიტყოდი, რომ, დიახ, მათ რაღაც მომავალი აქვთ. ჩემი აზრით, „ბაიკალებს“ უფრო მეტად აქვთ მომავალი, ვიდრე „ელბრუსებს“, მაგრამ ეს მაინც პირადი შეხედულების საკითხია. დღევანდელ ვითარებაში არანაირი მომავალი მათ არ გააჩნიათ.

"იმპორტის ჩანაცვლებისთვის ფული არ იქნება"

– ჩვენ ვისაუბრეთ რუსული მიკროჩიპების შემქმნელებზე. ახლა რაც შეეხება წარმოებას. თქვენ ახსენეთ ზელენოგრადის „მიკრონი“ - რა საპროექტო სტანდარტები და რა პერსპექტივები აქვს მას?

– მათ აქვთ სამუშაო ხაზი 180 ნანომეტრზე, რომელიც ერთ დროს ევროპული STM ფაბრიკისგან შეიძინეს. ფაქტობრივად, ზელენოგრადში ააშენეს STM ქარხნის ასლი მათივე სპეციალისტების დახმარებით. ზელენოგრადში დაყენებული სტეპერებიც იმავე ASML-ისაა.

– ასეთ პირობებში, თუ რამე გაფუჭდება, როგორ შეაკეთებენ?

- თეორიულად, ტექნიკური მხარდაჭერისთვის უნდა დაუკავშირდნენ ASML-ს, მაგრამ ეს ტექნიკური მხარდაჭერა ჯერ კიდევ 2014 წელს დასრულდა, რადგან ASML-ი ჰოლანდიური კომპანიაა, ხოლო 2014 წელს ჰოლანდიური ბოინგი ჩამოაგდეს უკრაინის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რამდენადაც მე ვიცი, „მიკრონი“ ჩინელ მომწოდებლებზე გადაერთო.

- 180 ნანომეტრი მოქმედი ხაზია, მაგრამ „მიკრონი“ ამტკიცებს, რომ მათ აქვთ 90-ნანომეტრიანი ხაზიც და, რომ იგეგმება 65 ნანომეტრისაც.

– წარწერა, რომ 65-ნანომეტრიანი პროცესის ტექნოლოგია ათვისებულია, მათ ვებგვერდზე 2014 წლიდან დევს. ბუნებრივია, შეუძლებელია 7 წლის განმავლობაში ავითარებდე პროცესს. ამ ხნის განმავლობაში ან უკვე აითვისებდი, ან - ვერა. რამდენადაც მესმის, ამგვარი სტაგნაცია სწორედ იმის შედეგია, რომ ASML-მა შეაჩერა ტექნიკური მხარდაჭერა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ არსებული ლითოგრაფებით, რომლებიც თავდაპირველად 180–90 ნანომეტრზე იყნენ გათვლილი, რაღაც ხრიკებით 65-ზეც გავიდოდნენ, მაგრამ ASML–ის ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე, არაფერი გამოვიდა. „მიკრონზე“ 65 ნანომეტრი ნამდვილად არ მუშაობს.

"მიკრონის" თანამშრომელი საამქროში, სადაც მზადდება ჩიპები ელექტროპასპორტებისთვის

- რუსეთი 2014 წლიდან სანქციების ქვეშ იმყოფება, მაგრამ ამ ყბადაღებული 8 წლის განმავლობაში მან ნამდვილად ვერ შეძლო იმპორტის ჩანაცვლება ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სფეროში. რატომ?

– როდესაც 2014 წელს დაისვა იმპორტის ჩანაცვლების დიდი ამოცანა, მომზადდა დიდი სიები, თუ რისი შემოტანა იყო საჭირო. პირადად მაქვს ნანახი ეს სია, მაგრამ თანხა, რომელიც საჭირო იყო ამ პრობლემის გადასაჭრელად, იმაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ფინანსთა სამინისტროს შეეძლო გამოეყო. შედეგად, იმის ნაცვლად, რომ იმპორტი მთლიანად ჩაენაცვლებინათ, გამოყოფილი მცირე თანხებიც გაურკვეველ საჭიროებებზე დაიხარჯა. ახლა სიტუაცია ბევრად უარესია. ახლა სურვილიც რომ იყოს, ბევრად მეტი ფული იქნება საჭირო. არ მგონია, რომ რუსეთის ბიუჯეტში იყოს მიკროელექტრონიკის იმპორტის ჩანაცვლებისთვის საჭირო თანხა.

„ლადა“ „პორშეს“ ფასად

- რუსული ელექტრონიკა, რომელიც სამთავრობო უწყებების ინტერესებიდან გამომდინარე იწარმოება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ტაივანში კეთდებოდეს.

- დიახ, ამასთან, რუსული მიკროელექტრონიკა, მიკროსქემების განვითარება, 90 პროცენტით მიბმულია მთავრობის დაკვეთებზე. თუ სანქციები განხორციელდება ისე, როგორც გამოცხადებულია, ეს ყველაფერი უბრალოდ შეწყვეტს არსებობას დღევანდელი სახით. მოუწევთ როგორმე ჩინელების დაყოლიება, რადგან სხვა არც არავინაა. თუმცა ისიც საკითხავია, მოისურვებენ თუ არა ჩინელები მათთან მოლაპარაკებას.

- გამოდის, ყველაფერი ცუდად იქნება რუსული მიკროელექტრონიკისთვის, მაგრამ როგორ იქნება საქმე სამოქალაქო დანიშნულების მიკროსქემების შემოტანის თვალსაზრისით? სანქციების პაკეტის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ყოფითი მიზნებისთვის ჩიპებს მაინც მიაწვდიან რუსეთს?

- სანქციები, დიდი ალბათობით, იმოქმედებს ზოგადი დანიშნულების სამრეწველო მიკროსქემებზე. გარდა ამისა, ბევრი იმოქმედებს ყოველი შემთხვევისთვის. მაგალითად, ვრცელდება ხმები, რომ ჩიპების მომწოდებელმა ჰოლანდიურმა კომპანია NXP-მ და გერმანულმა Bosch-მა უარი თქვეს „ავტოვაზთან“ მუშაობაზე. მათ უარი თქვეს თანამშრომლობაზე სიტუაციის „გარკვევამდე“, მაგრამ შეიძლება ეს სამუდამო წყვეტაც იყოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, Intel-მა და AMD-მ ასევე გადაწყვიტეს არ მიეწოდებინათ რუსეთისთვის საყოფაცხოვრებო ჩიპები და, შესაბამისად, მათთან ერთად კომპიუტერებიც. ეს ასევეა კომპანიების კერძო გადაწყვეტილება, რომლებიც სანქციების უნებლიე დარღვევისგან იზღვევენ თავს. როდის და როგორ გაირკვევა ვითარება, უცნობია. სავარაუდოდ, ჩვენ დავკარგავთ ბევრ ისეთ ნივთს, რომელიც უბრალო მობილურ ტელეფონზე ბევრად რთულია. მაგალითად, სერვერებს. ლეპტოპებისა და დესკტოპების პროცესორები შეიძლება მოგვაწოდონ, მაგრამ სერვერების პროცესორები - არა.

- რუსეთს არაფერი აქვს მათ ჩასანაცვლებლად.

- დიახ, არაფერი. ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, სერვერებში დაბალი დონის შეუსაბამო პროცესორების ჩაყენებაა, რომლებიც არც მძლავრი და არც სანდოა. უბრალოდ, ეს უფრო ძვირი, რთული და უარესი იქნება.

- ახლა მიკროსქემები ყველგანაა - სარეცხ მანქანებში, ელექტროჩაიდნებში. რუსები შეიძლება მათ გარეშეც დარჩნენ?

– ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია, ჩვენ არ ვიცით სანქციების ზუსტი კონფიგურაცია. მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ უკვე შესამჩნევია ისეთი ტენდენცია, რომ ბევრი მწარმოებელი იმაზე უფრო მკაცრ რეაგირებას მოახდენს, ვიდრე სანქციები მოითხოვს ამას. მაშინაც კი, როცა სანქციების პაკეტი გამოქვეყნდება, მის საფუძველზე ჩამოყალიბდება სამართალწარმოების გარკვეული პრაქტიკა, რაც შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს. ამ ეტაპზე ვერავინ იტყვის, მაგალითად, შესაძლებელი იქნება თუ არა რუსეთში გერმანული წარმოების მიკროსქემებით აღჭურვილი ჩინური მანქანების შეტანა.

რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი კომპანია "ანგსტრემში" ათვალიერებს მიკროპროცესორების წარმოებას. 2016 წ.

- მსოფლიო ავტომწარმოებლები ერთმანეთის მიყოლებით აჩერებენ მანქანების რუსეთისათვის მიწოდების პროცესს. რუსეთი შეიძლება დარჩეს „ლადას“ გარეშე? სწრად გაგიგეთ?

- თეორიულად კი. ავტომობილის უამრავი დეტალი - ძრავის მართვის ბლოკი, ფარების მუშაობა, ფანჯრის აწევა-დაწევა და ა.შ. - ეს ყველაფერი მიკროსქემებია. თუ არ იქნება იმპორტული მიკროსქემები, მაშინ ჩვენ დავუბრუნდებით „ძევიატკას“ თუ არა, 2110 მოდელს მაინც. ეს არის 15-20 წლის წინანდელი დონე. რუსეთს დღეს თეორიულად შეუძლია ამ მიკროსქემების ნაწილის დამზადება (პროცესის დონეზე), მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული დეტალებზე. ნებისმიერი ელექტრული მოწყობილობის, თუნდაც ფანჯრების ამწევის სამართავად, საჭიროა მაღალი ძაბვა. როგორც უკვე ვთქვით, ამისთვის საჭირო 180-ნანომეტრიანი მიკროსქემები რუსეთში არ მზადდება. ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ერთის ნაცვლად რამდენიმე კომპონენტის გამოყენებით, მაგრამ ეს ბევრად უფრო ძვირი დაჯდება. პირობითად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იგივე ფუნქციონალურობა, რაც ახლა Lada Grant-შია, მაგრამ მას ფასი ექნება როგორც Porsche-სას.

– სმარტფონები დარჩება?

– მობილურების აკრძალვას არ აპირებენ. ამის შესახებ პრინციპულად ითქვა.

– ლეპტოპები და სახლის დესკტოპებიც დარჩება?

– ოფიციალურად ითქვა, რომ ამ ყველაფერს შეზღუდვა არ უნდა შეეხოს. საუბარია მხოლოდ მრეწველობაზე, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როგორი პრაქტიკა ჩამოყალიბდება. ცალკეულ მწარმოებლებს შეუძლიათ უფრო ხისტად იმოქმედონ.

- ტრანსპორტი? ჩქაროსნული მატარებლები? რომლებსაც რუსები მიეჩვივნენ, ეს ყველაფერი ხომ იმპორტირებულ ელექტრონიკაზეა?

– ვფიქრობ, აქ ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება. თქვენ იცით, რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა „ეარბასები“, ყოველ შემთხვევაში, მისი სათადარიგო ნაწილები. ეს არის სანქციების სხვა პაკეტი, რომელსაც მიკროელექტრონიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეს მატარებლებზეც აისახება. როდესაც ჩქაროსნული ლოკომოტივი გაფუჭდება, მის ნაცვლად საბჭოთა ელექტრომატარებლის აღდგენა იქნება საჭირო. ამგვარი პესიმისტური სცენარია: რუსეთის ე.წ. მაღალი ტექნოლოგიები დაბრუნდება, რა თქმა უნდა, არა 1991 წელში, მაგრამ 2000 წელში ნამდვილად.

თანამგზავრ GLONASS-K-ზე მუშაობის პროცესი

– და კოსმონავტიკა?

- კოსმონავტიკაში რუსეთის საერთაშორისო თანამშრომლობა, როგორც ჩანს, მთლიანობაში დასრულებულია. რუსულ კოსმოსურ მიკროსქემებში აქტიურად გამოიყენება უცხოური წარმოება, ანუ მთლიანად ტაივანური ნაწარმია. „კომდივები“ - პროცესორები, რომლებიც ზემოთ ახსენეთ, პლანშეტებისა და ლეპტოპების კი არა, კოსმოსის ათვისებისთვის საჭირო პროცესორებია. ისინიც საზღვარგარეთ მზადდება. შესაბამისად, მათ აღარ გააკეთებენ. ეს ასევე იქნება 10-15 წლით უკანდახევა დღევანდელი დონიდან, რომელიც ისედაც დიდად ჩამორჩება დასავლურ დონეს. არსებობს მარტივი და ნათელი მაგალითი. თანამგზავრი ГЛОНАСС-К, ГЛОНАСС-ის მესამე თაობა, შეიქმნა 2014 წელს. მოესწრო ერთი ეგზემპლარის გაშვება, რომელშიც ბევრი იმპორტირებული მიკროსქემა იყო. 2014 წელს ამ მიკროსქემების უმეტესობა სანქციების ქვეშ მოექცა. ГЛОНАСС-К პროექტი დე ფაქტო ნაგავში მოისროლეს და შეიქმნა ГЛОНАСС-К2, რომელიც აღმოჩნდა ორჯერ მძიმე და დიდი, ვიდრე ГЛОНАСС-К. ოდნავ გაუზარდეს შესაძლებლობები, მაგრამ თანამგზავრი ცოტათი კი არა, ორჯერ უფრო მძიმე გახდა მიკროსქემების გამო. ახლა ბოლო ხვრელებიც ამოივსება.

- ჩიპი, რომელიც რუსული ტანკის ГЛОНАСС-ნავიგატორშია, ეგ მაინც თუა ბრიანსკში დამზადებული?

– არა, ის მაინც ტაივანის ქარხანაშია დამზადებული. ბრიანსკში ასეთი ტექნოლოგიები არ არის. ტანკს აქვს ბევრი ჩიპი, რომელიც დამზადებულია საზღვარგარეთ.