EU-ში ამბობენ, რომ ძალიან მალე მიიღებენ წევრობის განაცხადს საქართველოსა და მოლდოვისგან - Reuters

ევროკავშირში „ძალიან მალე“ მიიღებენ საქართველოსა და მოლდოვისგან ბლოკში გაწევრიანებაზე განაცხადს. ამის შესახებ EU-ს ოფიციალურმა პირმა განაცხადა ხუთშაბათს.

რუსეთში უკრაინის შეჭრის შემდეგ, უკრაინის კვალდაკვალ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს საქართველოც შეიტანს. გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ გამოაცხადა 2 მარტის საღამოს, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების შემდეგ.

„მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ჩვენი ოცნება და პოლიტიკური მიზანია, საქართველო გახდეს ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ევროპული ქვეყანა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი, მათ შორის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებაც“, - თქვა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 2 მარტს.

უკრაინამ უკვე მიიღო მხარდაჭერა ევროპარლამენტისგან - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა,1 მარტს კი 637 ევროპარლამენტარმა 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას - რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“.