მელია: საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ ადგილი არ არის ხელისუფლებაში

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარდგენის შესახებ. ის მოუწოდებს ევროპას, რომ მთავრობის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, მიიღოს ეს განაცხადი.

„ვულოცავ ქართველ ხალხს, მისმა ბრძოლამ, შემართებამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამოიღო. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე, თანაც დაჩქარებული წესით".

პოლიტიკოსმა მიმართა ევროპას: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ დიდი და ღირსეული ერი და ამიტომ მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი, ქვეყნის მშვიდობის და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“.

მელიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად, მშვიდობიანად მონაწილეობდნენ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებში.

ასევე ნახეთ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაჩქარებული წესით გააკეთებს

ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია.

„მინდა მივმართო დასავლურ სამყაროს, ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და დიახ, ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული, მებრძოლი ერი. შეიძლება ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ, ვთხოვთ სრულიად ევროპას, მიიღონ ეს განაცხადი. საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ ადგილი არ არის ხელისუფლებაში, - განაცხადა მელიამ და დაამატა, - მაშინ, როდესაც ერთიანი, თავისუფალი სამყარო უმაგალითო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას; მაშინ როდესაც ევროპის პარლამენტი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავს უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს; მაშინ, როდესაც მომსწრენი ვარ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდაციის და არნახული სოლიდარობის უკრაინის მიმართ, საქართველოს მთავრობა რუსეთის, ბელარუსის და ყირგიზეთის კვალად, საჯაროდ ესხმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს“.

ნიკა მელიამ გამოყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ უკრაინის რადაში პრეზიდენტის ფრაქციის თავმჯდომარის დავით არახამიას შესახებ განცხადება.

„ქართული ოცნება“ ასევე თავს ესხმის უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს და აფხაზეთიდან დევნილს, ბატონ არახამიას და რუსების და კრემლის მსგავსად, ბატონ არახამიას კრიმინალს უწოდებს. ეს არის პირდაპირი თავდასხმა უკრაინაზე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. მსგავსი რიტორიკა არის არსობრივად ანტიევროპული.

დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ, თურმე, ზოგიერთ ძალებს უნდათ საქართველოს ომში ჩართვა. ამით შეეცადა ხელისუფლების მხდალი და არაკაცური დამოკიდებულება საჯარო გაეხადა მორიგ ჯერზე ბატონ კობახიძეს“, - თქვა ნიკა მელიამ.

ასევე ნახეთ კობახიძე: მიხეილ სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ დავით არახამია მისი დაფრთიანებულია

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე შეეხო კობახიძის განცხადებას უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხზეც.

„ამაზრზენი იყო საყვედურები, რომ ზელენსკის ბელარუსიდან არ გამოუწვევია ელჩი. არ მიკვირს, ბატონ კობახიძეს და მისნაირებს რომ ჰგონიათ, საქართველოსგან იგივეს მოელიან ჩვენი მეგობრები, რასაც ლუკაშენკოს რეჟიმისგან. განსხვავება არის დიდი. საქართველო ითვლებოდა და ითვლება მეგობარ სახელმწიფოდ უკრაინისთვის, განსხვავებით ლუკაშენკოს ბელარუსიდან.

ტყუილია იმის თქმა, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. სწორედ იმიტომ არ გვინდა, რომ უნდა ვიყოთ დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს გვერდით დიპლომატიურ ასპარეზზე და არა რუსეთის მაჩანჩალა დანამატი, მიტოვებული და განწირული“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.