რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ, მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ბირთვული იარაღი და ის იქნება გამანადგურებელი, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".
ლავროვის თქმით, რუსეთი, რომელმაც გასულ კვირას დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, „რეალური საფრთხის“ წინაშე აღმოჩნდება, თუ კიევი ბირთვულ იარაღს მოიპოვებს.
„უკრაინას ჯერ კიდევ აქვს საბჭოთა ტექნოლოგიები და ასეთი იარაღის შემუშავების საშუალებები“, - თქვა მან და დაამატა: „ჩვენ არ შეგვიძლია არ ვუპასუხოთ ამ რეალურ საფრთხეს“.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, თქვა, რომ კიევს შეუძლია გადახედოს ბუდაპეშტის მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ითვალისწინებენ ბირთვულ იარაღზე უარის თქმას უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ.
- პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
- პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
- 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
- უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
- რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
- ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.