კრემლი აღიარებს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის ამუშავება "ჯერჯერობით შეუძლებელია"

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ შექმნილ ვითარებაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება შეუძლებელია.

„ისტერიკული რეალობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაშვებას, მაგრამ პროექტის ინფრასტრუქტურა მზად არის და არსად წავა“, - განუცხადა დღეს, 2 მარტს, მოსკოვში ჟურნალისტებს პესკოვმა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

პუტინის პრესმდივნის თქმით, ჯანსაღი აზრი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მიუთითებს, რომ გაზსადენი სწრაფად უნდა ამუშავდეს.

ასევე ნახეთ გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესს აჩერებს

ევროპაში რუსული გაზსადენის ამოქმედებას პრობლემა ჯერ კიდევ უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმამდე შეექმნა. მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა", გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იარსებებდა. რუსული მილსადენით, რომლის მშენებლობა 11 მილიარდი დოლარი დაჯდა, რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით ბუნებრივი გაზი უნდა მიეღო გერმანიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას.

ასევე ნახეთ ბაიდენი ყოველწლიურ გამოსვლაში: პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება
  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.