მსოფლიოს ცამეტგზის ჩემპიონი გარი კასპაროვი ამერიკასა და დასავლეთის ქვეყნებს სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს. Current Time-თან საუბარში მან განაცხადა, რომ პუტინის შეჩერება ეკონომიკის სრულიად ჩამოშლით შეიძლება, მაშინ როცა რუსეთი ქვის ხანაში გადაინაცვლებს.
გარი კასპაროვი ამბობს, რომ სანქციების ნაწილი ივნისში ან თუნდაც ოქტომბერ-ნოემბერში რომ შემოეღოთ, ბევრი, ვინც ომში დაიღუპა, ახლა ცოცხალი იქნებოდა. ამასთან, შესაძლოა, ვერც პუტინს გაებედა საზღვრის გადაკვეთა.
გარი კასპაროვი: „ახლანდელი სანქციები მართლა ემუქრება რუსეთის მთელ ეკონომიკას, მაგრამ ეს მაინც გრაფიკიდან ჩამორჩენაა. მეტია საჭირო. ვფიქრობ, აუცილებელია სრული ტექნოლოგიური ემბარგოს შემოღება, რუსეთის ეკონომიკის ყველა სფეროზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ამ შემთხვევაში სანქციები გამოუსწორებელ ზიანს მოიტანს.
ამასთან, ფინანსური სანქციებიც არ უნდა გაიჭიმოს დროში. ახლა კვირებს, თვეს აძლევენ იმისთვის, რომ აქტივები გამოიტანონ. ყველანაირი გადახდები უნდა შეჩერდეს რუსეთში, ქვის ხანაში უნდა დაბრუნდეს. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ჯერ ისევ ყოყმანობენ, პირველ რიგში ამერიკელები.
რაც შეეხება უკრაინას, ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, რომ ცა დაიცვან. უკრაინის თავზე უსაფრთხო ზონის შემოღებაც არ იქნებოდა ურიგო.
და მთავარი: რუსეთსა და ნატოს შორის შეჯახება გარდაუვალია. იოტისოდენა ეჭვი არ მეპარება, ადრე თუ გვიან, პუტინი მოძებნის საშუალებას პროვოკაციის მოსაწყობად. ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ ამერიკა ნატოს ტერიტორიის თითოეულ დუიმს დაიცავს, არავის სჯერა, სანამ ამერიკული სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი, ავიაგამანადგურებლების ჩათვლით, უშუალოდ საზღვართან არ დგანან. ეს პუტინზეც არ არის... პუტინი შეიშალა. თითოეულ რუს გენერალსა და ოფიცერს უნდა ესმოდეს, რომ ნატო მათ გაანადგურებთ, თუკი ლიტვის ან სხვა ქვეყნის საზღვარზე თუნდაც ერთი სანტიმეტრით წაუცდებათ ფეხი.
უბრალოდ, თავის მოტყუებას უნდა შევეშვათ. უნდა ვინმეს ეს თუ არა, რუსულ ჯართან ომი გარდაუვალია, პუტინს უნდა და ეს სრულიად საკმარისია. ისინი, ვინც მის დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებენ, ჯერჯერობით ფიქრობენ, რომ წყლიდან მშრალები ამოვლენ. ნიურნბერგის ტრიბუნალი ორი წლის მერე არავის ადარდებს. გენერლებმა, ოფიცრებმა, რომლებიც ახლა უკრაინაში დანაშაულს სჩადიან, უნდა იგრძნონ, რომ პასუხისგება უკვე ახლა მოუწევთ. უნდა მიხვდნენ, რომ პუტინი მათ ნატოსთან შეტაკებისკენ უბიძგებს, ნატოს ჯარი კი პუტინის ჯარს, ვფიქრობ, 48 საათში ნაცარტუტად აქცევს“.