ხარკოვის მისადგომებთან ბრძოლაში დაიღუპა 19 წლის უკრაინელი ბიათლონისტი ევგენი მალიშევი

ევგენი მალიშევი

„უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვის დაცვისას, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 19 წლის უკრაინელი ბიათლონისტი ევგენი მალიშევი. ის მსახურობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურში.

ორი წლის წინ სპორტსმენი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ეგიდით ასპარეზობდა.

უკანასკნელი დღეებია, რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქალაქი ხარკოვია.

პირველ მარტს, ხარკოვის მთავარ - თავისუფლების მოედანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. ხარკოვში საცხოვრებელ სახლებზე იერიშის დროს კასეტური ბომბის გამოყენების შესახებ იუწყებიან.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეაქტიული არტილერიით ქალაქ ხარკოვის სასტიკი დაბომბვა ერთმნიშვნელოვნად ომის დანაშაულია.