ხარკოვში შეტაკებები მიმდინარეობს რუსეთის სადესანტო ძალებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის

უკრაინის უმაღლესი რადის ტელეგრამ-არხი უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხარკოვში ჩასხეს რუსეთის დესანტი. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ჩრდილოეთის რეგიონის სამხედრო-სამედიცინო კლინიკური ცენტრის ჰოსპიტალზე.

უკრაინელ სამხედროებსა და სადესანტო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

უკანასკნელი დღეებია, რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქალაქი ხარკოვია.

პირველ მარტს, ხარკოვის მთავარ - თავისუფლების მოედანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. ხარკოვში საცხოვრებელ სახლებზე იერიშის დროს კასეტური ბომბის გამოყენების შესახებ იუწყებიან.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეაქტიული არტილერიით ქალაქ ხარკოვის სასტიკი დაბომბვა ერთმნიშვნელოვნად ომის დანაშაულია.