რას წერენ და ამბობენ ცნობილი ადამიანები რუსეთ-უკრაინის ომზე

მას შემდეგ, რაც 24 თებერვლიდან რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი გამოვიდა უკრაინის მხარდასაჭერად.

რამდენიმე საათის წინ მომღერალი შერი ტვიტერზე წერდა, რომ

„ეძებს საუკეთესო საქველმოქმედო ორგანიზაციებს უკრაინელების დასახმარებლად“.

შერი მუდმივად ეხმიანება უკრაინის მოვლენებს და იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ამაზე განცხადება გააკეთა. მან თავის მრავალმილიონიან გამომწერებს განუმარტა პუტინის გეგმები და აუხსნა, რატომ არის უკრაინა მნიშვნელოვანი მათ შორის მათთვისაც.

„პუტინს შანსი რომ მიეცეს, შთანთქავს სუვერენულ ქვეყნებს, სანამ არ აღადგენს სსრკ-ს. ეს ნიშნავს, რომ უნდა, ევროპა დატოვოს პატარა და დაუცველი. რუსეთს, ჩინეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს უნდათ მუხლებზე დაგვაჩოქონ და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა“, - წერს შერი ტვიტერზე.

სოციალურ ქსელში უკრაინის ამბებს აქტიურად ეხმიანება ანჯელინა ჯოლიც. მან რამდენიმე საათის წინ თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა:

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა. UNHCR-ის შეფასებით, ეს შეიძლება იყოს 4 მილიონამდე, თუ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება. მნიშვნელოვანია, რომ მიმღებმა ქვეყნებმა კვლავაც მიიღონ ყველა, ვინც გაურბის კონფლიქტს და დაუცველობას“.

ომის პირველ დღეს ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ ლოცულობს უკრაინელი ხალხისთვის და „Refugees“ კოლეგებთან ერთად მოწოდებულია, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა დაცვა და ადამიანის ძირითადი უფლებები რეგიონში.

სოციალური ქსელების გარდა თავიანთ პოზიციებს ჰოლივუდის ვარსკვლავები აფიქსირებენ დაჯილდოებებსა თუ ვარსკვლავის გახსნაზეც.

მაგალითად, ინგლისელმა მსახიობმა ბენედიქტ კამბერბეტჩმა, უკრაინის ომსა და რუსეთის გაუმართლებელ პოლიტიკაზე ისაუბრა ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გამართულ ცერემონიაზე, სადაც მისი ვარსკვლავი გახსნეს.

მან საზოგადოებას მოუწოდა, დახმარებოდნენ რუსეთის ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.

Your browser doesn’t support HTML5

ბენედიქტ კამბერბეტჩი უკრაინაში ომის შესახებ

სოციალურ ქსელში აქტივობით არ შემოიფარგლა შონ პენი და ცხელ წერტილში ჩავიდა, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. მან თავის ბოლო „ტვიტში“ დაწერა, რომ ორ კოლეგასთან ერთად პოლონეთის საზღვრამდე მილები ფეხით გაიარეს, მანქანა კი გზის პირას დატოვეს.

„ამ ფოტოზე თითქმის ყველა მანქანას გადაჰყავს მხოლოდ ქალები და ბავშვები, უმეტესობა ყოველგვარი ბარგის გარეშეა, ავტომობილი კი ერთადერთ ღირებულებას წარმოადგენს“.

ხოლო მათ, ვისაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები აინტერესებს, მაგრამ ცოტა რამ იციან ამის შესახებ, ურჩევს, რომ ნახონ ფილმი „ზამთარი ცეცხლში“.

კვირას, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზეც არ დარჩა უკრაინის თემა უყურადღებოდ.

HBO-ს დრამატულ ფილმში „მემკვიდრეობა“ საუკეთესო ანსამბლისთვის ჯილდოს ასაღებად გამოსულმა მსახიობმა, ბრაიან კოქსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს რუსეთის ქმედებები მსახიობებსა და ხელოვანებზე.

უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებს ამავე დაჯილდოებაზე გამოეხმაურა მსახიობი მაიკლ კიტონი, სცენაზე ასვლისას სამადლობელი სიტყვების წარმოთქმისას ახსენა პრეზიდენტი ზელენსკი და თქვა, რომ ის ბრძოლისთვის შექების ღირსია.

Your browser doesn’t support HTML5

ბრაიან კოქს რუსულ პოლიტიკასა და ზელენსკიზე საუბრობს

არაერთი ჯილდოს მფლობელმა, მაიკლ დუგლასმა კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე თავისი მხარდაჭერა ჩაცმულობით, აქსესუარით გამოხატა.

გარდა იმისა, რომ ოსკაროსანი ესპანელი მსახიობი, ხავიერ ბარდემი ამ დაჯილდოებასაც ესწრებოდა და კოლეგების მოწოდებებს ტაშით შეუერთდა, მანამდე, ესპანეთში, რუსეთის საელჩოს წინ გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზეც იმყოფებოდა.

„პუტინი ყველაზე ახლოს ცარიზმსა და ულტრანაციონალიზმთან დგას. რუსეთის თავდასხმა, ეს ნამდვილი სისასტიკეა, ომი ყოველთვის ყველაზე ახდენს გავლენას“, - ამბობდა ბარდემი.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ტვიტერის მეშვეობით გამოხატა თავისი პოზიცია.

„2020 წლის ოქტომბერში ჩვენ გვქონდა პატივი, შევხვედროდით პრეზიდენტ ზელენსკის და პირველ ლედის, რათა გაგვეგო მათი იმედი და ოპტიმიზმი უკრაინის მომავალთან დაკავშირებით.

დღეს ჩვენ ვდგავართ უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინაში მყოფი ყველა ადამიანის გვერდით, რადგან ისინი გაბედულად იბრძვიან ამ მომავლისთვის“, - წერენ სამეფო ოჯახის ტვიტერის გვერდზე პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.

ორი დღით ადრე, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს „არჩველის ფონდის“ საიტზე.

„პრინცი ჰარი და მეგანი, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია და ჩვენ ყველანი "არჩველში" ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ვართ საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის წინააღმდეგი და იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებასა და მის ლიდერებს“, - წერენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი.

რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე გავრცელდა ფრანგი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის ვიდეომიმართვა:​

„ძვირფასო უკრაინელებო, მე აქამდე ზელენსკი მეგონა კლოუნი. მაგრამ ....

პუტინი მარტო "საზიზღარი" კი არ არის, ის შეშინებულია და ძალიან სასაცილო. მე მრცხვენია ჩემი სახელმწიფოსი, რომელიც მაშინვე არ გამოემართა დასახმარებლად. ძალიან შერცხვენილი ვარ, ვფიქრობ, მთელი დასავლეთის მთავრობები სასწრაფოდ უნდა დაგეხმარონ დღეს.

მინდა ჩემს ყველა უკრაინელ მეგობარს ვუთხრა, რომ მიყვარს, თქვენ მამაცი ხალხი ხართ და მიიღებთ სრულ თავისუფლებას, რადგან თქვენ ევროპელი ხალხი ხართ და ევროპის ნაწილი ხართ და ნატოს წევრიც, მე რომ გადაწყვეტილებას ვიღებდე, ამას გავაკეთებდი. თქვენ ჩვენი ძმები ხართ.

მივმართავ რუს მეგობრებსა და მკითხველებს, იმოქმედეთ, თქვით, რასაც გრძნობთ და უარი თქვით ამ სულელ დიქტატორზე, შეაჩერეთ, თქვენ ახლა არ გაქვთ უფლება, იყოთ ჩუმად. ყველა რუს მკითხველს, გთხოვთ, ვისაც ჩემი წიგნები გიყვართ, პატივი ეცით თავისუფლებას და შეაჩერეთ ეს სულელური გაუგონარი ომი“.

აქციაზე პროტესტი გამოხატა კანადელმა მწერალმა, მარგარეტ ეტვუდმაც. ტორონტოში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე იგი უკრაინის დროშით მივიდა.

მარგარეტ ეტვუდი

ის სოციალური ქსელითაც აქტიურად აზიარებს უკრაინაში მომხდარ ამბებსა და სტატიებს, ბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ევროკავშირისთვის ნათქვამი სიტყვები "დატვიტა", რასაც ზელენსკი ევროკავშირს სთხოვდა: „დაამტკიცეთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ“.

ცნობილი ადამიანების სია, რომლებიც გმობენ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს, მუდმივად იზრდება და, შესაბამისად, რუსეთის აგრესიას სოციალური ქსელებითა თუ საპროტესტო აქციებით მეტი ადამიანი უპირისპირდება. მსახიობები, მომღერლები, მწერლები თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული სხვა ადამიანები მიმართავენ სხვადასხვა გზას იმისთვის, რომ ომისგან დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარონ.

მაგალითად, მსახიობი ბლეიკ ლაივლი თავის ტვიტერზე წერს, რომ რაიან რეინოლდსთან ერთად აორმაგებენ თითო შემოწირულ დოლარს მილიონამდე, რომელსაც მსურველები გადარიცხავენ @UNRefugeeAgency გაეროს ფონდში, უკრაინაში ომით დაზარალებული ლტოლვილების დასახმარებლად.