კიევში დაიბომბა ტელეანძა და ჰოლოკოსტის მემორიალი, არის მსხვერპლი

უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო იტყობინება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის ტელეანძის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხუთი - უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა საოპერატოროსა და ტელეანძაზე და დროებით გაითიშა ტელემაუწყებლობა.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დააზუსტა, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია ასევე ქვესადგური, რომელიც ტელეანძას ელექტროენერგიით ამარაგებს.

როგორც პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა დაწერა სოცქსელში, რაკეტა მოხვდა ასევე ანძის გვერდით მდებარე „ბაბი იარის“ მემორიალს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ოკუპაციისას გერმანიის ჯარებმა მასობრივად დახვრიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა. SS-ის ძალებმა და ადგილობრივმა კოლაბორაციონისტებმა აქ 1941 წელს, ორი დღის განმავლობაში, 34 ათასი ებრაელი დახოცეს. დახვრიტეს ასევე ბოშები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

ასევე ნახეთ შეტევა განხორციელდა კიევის სატელევიზიო ანძაზე

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.