რუსეთი მზად არის, დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი - ინტერვიუ ლევ შლოსბერგთან 

ლევ შლოსბერგი

დღეს, 1 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ჟენევაში, განიარაღების კონფერენციის მონაწილეებისთვის ჩაწერა, თქვა: „რუსეთისთვის მიუღებელია, რომ აშშ-ის ბირთვული იარაღი განლაგებულია ევროპაში. დროა დავაბრუნოთ ის სახლში“. ამ განცხადების შეფასება სთხოვა Current Time-მა (რუსულენოვან Current Time-ის ქსელს მართავს რადიო თავისუფლება ამერიკის ხმასთან თანამშრომლობით), რუს პოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწესა და ჟურნალისტს, ლევ შლოსბერგს.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული იარაღი ევროპაში და დადგა დრო, ის სახლში დაბრუნდეს. ასე თქვა ლავროვმა. რას ნიშნავს ეს?

- ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მზად არის მესამე მსოფლიო ომისთვის. აი, ამას. რუსეთი მზად არის, დაიწყოს მესამე მსოფლიო ომი. პრინციპში, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, საკითხი ასე დგას - რა სახეს მიიღებს ეს ომი. ჩვენ ერთ ნაბიჯში ვართ გლობალური კატასტროფისგან.

- როგორ შეიძლება ამის შეჩერება?

- ამაზე ფიქრობს დღეს მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში. მათ შორის ისინი, ვისაც შესაძლებელია ამ სიტუაციაში, რამდენად საზარლადაც უნდა ჟღერდეს, კომუნიკაცია ჰქონდეს პირადად პუტინთან. მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი მიუწვდომელია ადეკვატური ურთიერთობისთვის. უბრალოდ მიუწვდომელია. მან ყველა ბარიერი გადალახა, ყველა ზღვარი, პირველ რიგში - ფსიქოლოგიური. მე ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში უნდა შეიკრიბოს იმ ქვეყნების ერთგვარი საბჭო, სათათბირო, არც კი ვიცი, რა დავარქვა, რომლებიც მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა მშვიდობის დამყარებაზე. ეს არ არის მხოლოდ სანქციების თემა, საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ექნება შედეგი. სრულიად ცხადია, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის სრულ განადგურებას, მოსპობას, არამედ პუტინი მზად არის ევროპის განადგურებისთვის - აი, რაზე ვლაპარაკობთ.

- ამ ვითარებაში რა გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება?

- არავინ არ იყო მზად ამისთვის. პუტინმა გაანადგურა სამყაროს ის მოწყობა, რომელიც ააშენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტიჰიტლერულმა კოალიციამ 53 ქვეყნის ძალისხმევით, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საბჭოთა კავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ამ კოალიციამ შექმნა გაერო, რომლის ამოცანაა ომების თავიდან აცილება. ეს ორგანიზაცია უძლურია, მისი არავის ესმის.

პუტინმა ასე დააყენა საქმე - ნებისმიერი გზით გაანადგუროს ქვეყანა, რომელსაც ის ვერ მართავს. ჰიტლერის სამხედრო მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ გერმანიამ ვერ შეძლო ოკუპირებული ტერიტორიის კონტროლი, ყველგან პარტიზანული ომი იყო. უკრაინაში იგივე იქნება. საქმე ისაა, რომ ყოველ წუთს ათასობით ადამიანის სიცოცხლე მიაქვს. იმასაც კი ვშიშობ, ბირთვული ბომბი კიევში არ ჩამოაგდონ. ეს კოალიციის წევრი ყველა ქვეყნის პასუხისმგებლობა იქნება. ახლა ყველა იმას უნდა აფასებდეს, რა ძალები და რესურსები, მზაობა აქვთ, ამას აღუდგნენ წინ.

კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, არ ვიცი. ჩვენ სამხედრო გენოციდის მომსწრეები ვართ, დანაშაულის, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობა, ეს სპეციალური სასამართლო პროცესის თემაა. ისეთივესი, როგორითაც გასამართლდა ნაცისტური გერმანია. სამყაროს არ გააჩნია გამოცდილება შეშლილთან დაპირისპირების. თუმცა არსებობს ერთი გზა, ერთი გზა (მე-20 საუკუნის შუაში), მაგრამ მსოფლიომ ამისათვის გადაიხადა ათეულობით მილიონი სიცოცხლით და 7-წლიანი „შავი ჭირით“. რა იქნება, ახლა ამის ვარაუდი არ შეიძლება, არ არის პასუხი, არ არის რეცეპტი. ისტორიის არცერთ სახელმძღვანელოში არ წერია, რა უნდა გაკეთდეს ასეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ. ყველა, ვინც ასრულებს პუტინის ბრძანებებს, პოლიტიკური და იურიდიული თვალსაზრისით არიან თვითმკვლელები, ყველა, მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ.

ლუკაშენკაც და პუტინიც თვითმკვლელები არიან, ბომბების [ქამრით] გარშემორტყმული, რომელიც ახლა უკვე სამი ქვეყნის ერს შემოარტყეს. არცერთ ჩვენგანს, ვინც ახლა ვცხოვრობთ, არ გვაქვს ასეთ სიტუაციაში ყოფნის გამოცდილება, არც პრეზიდენტებს, არც რიგით მოქალაქეებს, არც ჟურნალისტებს, არც სამხედროებს, არავის, - არავინაა, ვისაც რჩევას ვკითხავდით. გადაწყვეტილება მიმდინარე საათებშია მისაღები, მე ვშიშობ, რომ თუ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ახლა, ამ წუთებში, სამყარო დაკარგავს არა მარტო უკრაინას, არამედ ასობით ადამიანის სიცოცხლეს, შეიძლება მილიონების, სამყარომ შეიძლება დაკარგოს თავისი თავი. ისტორიის აი, ასეთ წერტილში ვიმყოფებით ახლა.

- რუსეთის გამო...

- დიახ.