პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კოლეგების წინაშე წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება.
დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის.
რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ელაპარაკა ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელს.
„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ევროკავშირში არ არსებობს რაიმე მექანიზმი რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან", - თქვა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ საქართველომ 2024 წელს უნდა გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ეს არის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს. მოსალოდნელია, რომ ევროპის პარლამენტი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამას უკვე დაუჭირა მხარი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 8 სახელმწიფომ. ისინი გამოვიდნენ მოწოდებით, უკრაინა დაჩქარებული წესით იქნეს მიღებული კავშირში.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელიევროპარლამენტი განიხილავს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ევროკავშირში უკრაინის მიღების პერსპექტივას.
დეპუტატებმა ოვაცია მოუწყვეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვიდეოკავშირით გამოვიდა სიტყვით.