გასცემს თუ არა ჰააგის სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს?

მეექვსე დღეა უკრაინა დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს ითვლის. მათ შორის, ბავშვებს, ქალებს. 28 თებერვალს, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს უკვე ემსხვერპლა სულ მცირე 352 მშვიდობიანი მოქალაქე.

დაღუპულებს შორის 14 ბავშვია. 28 თებერვლის მონაცემებით, დაჭრილია 1700-მდე ადამიანი, მათ შორის, 116 ბავშვი. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინა ნახევარმა მილიონმა მოქალაქემ დატოვა. ისინი ცდილობენ მეზობელ ქვეყნებში იპოვონ თავშესაფარი. უკრაინაში დარჩენილი მოსახლეობა კი მეტროს სადგურებში, სარდაფებსა და ავტოსადგომებში ემალებიან რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ნატყორცნ ბომბებს.

ბომბები ცვივა დასახლებულ პუნქტებში, ქუჩებში, ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. ბომბები ეცემა საცხოვრებელ კორპუსებს, საბავშვო ბაღების შენობებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. 28 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სუმსკის ოლქის ქალაქ ოხტირკის დაბომბვისას, ჟენევის კონვენციით აკრძალული ე.წ. ვაკუუმური ბომბები გამოიყენეს.

დღეს მსოფლიო თითქმის პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს ქუჩებში დახოცილ და დაჭრილ ხალხს. თითქმის პირდაპირ ეთერში უყურებს, როგორ ცდილობენ ექიმები გადაარჩინონ 6 წლის დაჭრილი გოგო, მაგრამ ვერ შველიან.


უკრაინის ქალაქების მერები ბომბსაფრებიდან წერენ ვიდე-მიმართვებს და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენას სთხოვენ. კიევის ოლქში, ქალაქ ვასილკოვის მერი, სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ატყობინებს თანამოქალაქეებს, რომ პირველი მარტის ღამეს, სარაკეტო თავდასხმისას 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაიჭრა.

პირველ მარტს, ხარკოვის მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედანზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შედეგად კი 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათ შორის, ერთი ბავშვი. ბიბისის ცნობით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, ინდოელი სტუდენტი, რომელიც ხარკოვში ცხოვრობდა.

უკანასკნელი დღეებია, რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქალაქო ხარკოვია. პირველი მარტის იერიშამდე, იქ სულ მცირე 16 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

ხარკოვის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დატოვონ თავშესაფრები:

„ოთხი ადამიანი გამოვიდა თავშესაფრიდან სასმელი წყლის ასაღებად და დაიღუპნენ. ოჯახი, მშობლები და სამი ბავშვი, ცოცხლად დაიწვნენ მანქანაში. ეს საშინელებაა. მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში, ხარკოვმა პირველად გადაიტანა ასეთი რამ. ჭურვებმა, რომლებიც დაეცა საცხოვრებელ სახლებს, დახოცა და დაასახიჩრა უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები“.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იტყობინება, რომ პირველ მარტს, ქალაქის ცენტრსა და საცხოვრებელ რაიონებზე სარაკეტო იერიში განხორციელდა „გრადის“ და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რეაქტიული არტილერიით ქალაქ ხარკოვის სასტიკი დაბომბვა ერთმნიშვნელოვნად ომის დანაშაულია:

„მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი რაიონები. არცერთი სამხედრო ობიექტი. ათობით თვითმხილველის ჩვენება ადასტურებს, რომ ეს არ არის ცალკეული უმისამართო ზალპი, არამედ - ადამიანების მიზანმიმართული განადგურება. რუსებმა იციან, საით ისვრიან. ამ დანაშაულისთვის აუცილებლად იქნება ტრიბუნალი. არავინ დედამიწაზე არ გაპატიებთ თქვენ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას“.

ზელენსკიმ მსოფლიოს სახელმწიფოებს მოუწოდა გამოაცხადონ, რომ რუსეთი სახელმწიფოებრივ ტერორიზმს ეწევა. მოითხოვა, რომ ტერორისტებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ საერთაშორისო სასამართლოების მიერ.

ახლა ყველა ამ ფაქტს, ყველა ამ კადრს, უკრაინა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად აგროვებს.

უკვე ცნობილია, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) გამოიძიებს „უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს“. ამის შესახებ 28 თებერვალს განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა:

"დღეს მინდა გამოვაცხადო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დაიწყოს გამოძიება უკრაინაში შექმნილი ვითარებისა, რაც შეიძლება სწრაფად".

მისი თქმით, გამოძიება შეეხება შესაძლო ომის დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილ იქნა 24 თებერვლამდე, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ისე მას შემდეგ. პროკურორი ამბობს, რომ სასამართლომ უკვე ჩაატარა წინასწარი გამოძიება დანაშაულებისა, რომლებიც უკავშირდება კიევში, 2013-2014 წლებში, პროევროპული გამოსვლების ძალადობრივ ჩახშობას და დანაშაულებს, რომლებიც ყირიმში მას შემდეგ იქნა ჩადენილი, რაც 2014 წელს რუსეთმა მისი ანექსია მოახდინა.

კარიმ ხანის განცხადებით, არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უკრაინაში 2014 წლის შემდეგ ჩადენილ იქნა როგორც ომის, ისე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

დამოუკიდებელი საგამოძიებო პლატფორმის Bellingcat-ის აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი, Current Time-ისთვის (რუსულენოვან Current Time-ის ქსელს მართავს რადიო თავისუფლება ამერიკის ხმასთან თანამშრომლობით) მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებია და ახლა მათი პლატფორმა ცდილობს დეტალურად დააარქივოს ყველა ის ფაქტი და მოვლენა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ომის დანაშაულზე:

„ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ შემდეგ გამოყენებული იქნას ჰააგის სასამართლოში, როგორც მტკიცებულება. ამიტომ ახლა, ჩვენი თითქმის ყველა რესურსი, სწორედ ამ მიმართულებითაა ფოკუსირებული“.

გამომძიებელი ჟურნალისტი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით, საოკუპაციო ძალები უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალულ იარაღს იყენებენ:

ხრისტო გროზევი

„ის, რაც ჩვენ ხარკოვში ვნახეთ, საცხოვრებელ სახლებზე იერიშის შემდეგ დარჩენილი კასეტური ბომბების ნამსხვრევები, დიახ, ეს ნამდვილად ომის დანაშაულია. არ არსებობს არანაირი ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ იბომბება საცხოვრებელი სახლები, რომლებიც სამხედრო ინფრასტრუქტურის სიახლოვესაც კი არ დგას, დიახ, ეს ომის დანაშაულია. დაცხრილული თავშესაფრები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები, დიახ, ეს ომის დანაშაულია“.

ხრისტო გროზევი ამბობს, რომ გარდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსი, ჩანს, რომ ევროპული ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ომის დანაშაულების გამოძიების იურისდიქცია, ასევე არიან მზად, საკუთარ თავზე აიღონ უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება. ამ ქვეყნებს შორისაა, გერმანია, ჰოლანდია და ა.შ.

ნიკა ჯეირანაშვილი, ორგანიზაცია „საერთაშორისო სამართლიანობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კარგად იცნობს ჰააგის ტრიბუნალში მიმდინარე მოვლენებსა და საგამოძიებო პროცესებს. ის რადიო თავისუფლებას იმ პერსპექტივის შესახებ ელაპარაკება, რაც ჰააგის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის სავარაუდო დანაშაულის გამოძიებას შეიძლება ჰქონდეს.

ნიკა ჯეირანაშვილი, დღევანდელი გადმოსახედიდან არც იმას გამორიცხავს, რომ ჰააგის ტრიბუნალმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცეს. ეს სცენარი, მისი თქმით, უკრაინის ამჟამინდელი მოვლენებისა და საქართველოში, 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ერთმანეთთან დაკავშირებით შეიძლება განხორციელდეს.

უფრო ზუსტად კი, როგორც ნიკა ჯეირანაშვილი ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ჰააგის სასამართლოში გამოძიების დაწყება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, როგორც წესი, წლების განმავლობაში იწელება, ხოლო უკრაინას ახლა ლოდინის დრო არ აქვს, ჰააგის სასამართლომ დროის მოსაგებად და ომის დანაშაულში ბრალდებულების გამოსავლენად, 2008 წელს საქართველოში ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების გამოძიება უნდა გამოიყენოს, რომელიც ჰააგაში 2016 წლიდან, მეექვსე წელია მიმდინარეობს:

ნიკა ჯეირანაშვილი

„ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. ვინაიდან ჰააგის სასამართლოს საქართველოს საქმის შესწავლა უკვე ექვსი წელია დაწყებული აქვს, საქართველოშიც ჩადენილია ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები და ახლა ვხედავთ, რომ საქართველოში ამ დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირები, პირდაპირ ეთერში ემუქრებიან უკვე უკრაინას, ჩნდება შანსი, რომ აიღოს პროკურორმა ეს ორი საქმე და მიიღოს გადაწყვეტილება, რომ რუსი გენერალიტეტი იქნება თუ კონკრეტულად ვლადიმერ პუტინი, გამოსცეს მათი დაკავების ორდერი და პროცესმა უკვე გადაინაცვლოს სრულიად სხვა ფაზაში. ახლა ჩვენ რასაც უნდა ვაკეთებდეთ, არის ის, რომ ჰააგაში, ბრუსელსა და ვაშინგტონში, სერიოზულ ადვოკატირებას ვუწევდეთ ამ პროცესს. ახლა გაჩნდა რეალური შანსი, რომ ჩვენი საქმის ადვოკატირებით ჰააგის პროკურორთან და მის ოფისთან საუბრებით, ამ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება. პროკურორს შეუძლია გახსნას უკრაინის გამოძიება, მაგრამ რაკი ჰააგას უკვე აქვს მასალები საქართველოდან - იგივე ჯარი, იგივე გენერალიტეტი, ბრძანებების გამცემი იგივე პირები, ეს ორი საქმე გადააბას და თქვას, რომ ამ ორ საქმეში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, ერთი და იგივე დანაშაულებია ჩადენილი და გამოსცეს დაკავების ორდერი“.

თუკი მოქმედება მსგავსი სცენარით განვითარდება, ასეთ სიტუაციაში, ნიკა ჯეირანაშვილის თქმით, უკვე მთელი რიგი პოლიტიკური პროცესი უნდა დაიწყოს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, რომ ომის დანაშაულში ბრალდებული ადამიანები გადასცენ სასამართლოს:

„და შემდეგ უკვე იმის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ რუსეთში, სპეც-სამსახურებში, კიდევ მოეკითხებათ ვიღაცებს ჭკუა და სიტუაციის ცვლილებისთვის შესაძლოა აწყობდეთ მსგავსი სცენარის განვითარება“.

ნიკა ჯეირანაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა გამოძიება შესაძლოა უახლოეს დღეებშიც კი დაიწყოს:

„ახლა პროკურორმა მოსამართლეებს უნდა მიმართოს, რომ მას გამოძიების ნება დართონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნებართვა მან შეიძლება ძალიან მალე მიიღოს. შეიძლება ეს დღეების ამბავიც კი იყოს“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) თანახმად, პროკურორის ოფისი უფლებამოსილია აწარმოოს გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და ომის დანაშაულების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი წინასწარი შესწავლა, გამოძიება და ცალკეული პირების სისხლისსამართლებრივი დევნა.

სასამართლომ პირველი დაკავების ორდერი 2005 წელს გასცა, ხოლო პირველი განაჩენი დადგა 2012 წელს, როცა კონგოს ყოფილი შეიარაღებული ოპოზიციის ლიდერი, თომას ლუბანგა დიილო, სასამართლომ დამნაშავეს სცნო ომის დანაშაულში - ბავშვების საბრძოლო ძალად გამოყენებაში. 2012 წლის 10 ივლისს ლუბანგას 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.