უკრაინული მხარის მტკიცებით, ომში რუსი ჯარისკაცების მსხვერპლი 5 700-ს აჭარბებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ასახავს რუსეთის დანაკარგებს 24 თებერვლიდან 1 მარტის 06:00 საათამდე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი "ფეისბუკზე" წერს, რომ განადგურებულია რუსული არმიის 5710 ჯარისკაცი, 200 ტყვედ ჩავარდა. მისი მონაცემებით, განადგურებულია 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 77 საარტილერიო სისტემა, 305 სამხედრო აღჭურვილობის მანქანა.

ომში დაღუპულთა შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ავრცელებს რუსული მხარე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად 27 თებერვალს აღიარა, უკრაინაში რუსი სამხედროების დაღუპვის ფაქტი, თუმცა, რაოდენობა არ დაუსახელებია.

როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია.

გაეროს 28 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, ომს უკრაინაში ასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლეც ემსხვერპლა. გაეროს საუბრობს 24-28 თებერვალს მოკლულ 102 ადამიანსა და ყველაზე ცოტა, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ 406 სამოქალაქო პირზე.