პარლამენტში შეგინების გამო ოპოზიციამ ყაველაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და შეიგინა. საკანონმდებლო ორგანოში უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე მიმდინარე ხმაურიან დისკუსიაზე, ყაველაშვილმა ოპოზიციას უთხრა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს იზიარებს.

"2008 წლის ომში, მთელი საზოგადოება, ის ოპოზიცია, რომელიც გალახეთ, სცემეთ, მოკალით, ყველა ერთხმად დაგიდგათ გვერდზე, მორატორიუმი გამოცხადდა და ყველა ერთად ვიდექით მაშინ და რა დღეში ხართ ახლა, რას გავხართ?..

სამარცხვინო საქციელი. გასცდა თქვენი ეს მავნებლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ახლა იქ დაიწყეთ მთავრობის დამუნათება. თან გვეუბნებით, რომ ერთად დავდგეთ და ევროკავშირში შევიდეთ, თან ასე სამარცხვინოდ იქცევით და ამუნათებთ საკუთარ ხელისუფლებას. ეს არის თქვენი საქციელი? ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ? ესაა საქციელი სწორი? ეს არის მოქალაქეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს - ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს იმის დედას შევე*ი მე", - თქვა ყაველაშვილმა.

ამის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა მიხეილ ყაველაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა კომიკურია.

"თუ ვინმეს აქვს უფლებამოსილება შესაწყვეტი ამ პარლამენტში, არის სწორედ ეს ხალხი, ერთი მარტივი მიზეზის გამო - მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს და გული შესტკივა ამ ქვეყანაზე და თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ამის საპირისპიროს ამტკიცებთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე", - განაცხადა კობახიძემ.

ყაველაშვილს უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, მამუკა მდინარაძეც გამოექომაგა.