თამარ კორძაია: შიში, რომელსაც ვხედავთ პრემიერის ტექსტში, კატეგორიულად მიუღებელია

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა თამარ კორძაიამ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას გაიხსენა, როგორ მოუწია აფხაზეთის დატოვებამ 16 წლის ასაკში და თქვა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველომ ღირსეული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადოს უკრაინას. კორძაიას თქმით, სწორედ შიში რუსეთის მიმართ არის ის, რაც მას აძლევს მოქმედების საშუალებას.

"მე, თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წარმოშობით ვარ აფხაზეთიდან. 16 წლის ვიყავი, როცა გადმოვედი ფეხით მთებს. ახლა ვარ 44 წლის. 28 წელია მახსოვს ადამიანები ამ გზაზე: გაყინული ბავშვები, დაჭრილი ჯარისკაცები, გარდაცვლილები გზაში. მახსოვს, როგორ აშველებდნენ ადამიანები ერთმანეთს ხელს, როგორ ეხმარებოდნენ ამ ჯაჭვში. სიბრაზე ყველა ხელისუფლების მიმართ შეიძლება დაგავიწყდეს, ყველა ხელისუფლების ლიდერის სიტყვა შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ ეს სიბრაზე არ გავიწყდება. არ გავიწყდება, რომ ეს რუსეთმა გააკეთა.

დღეს უკვე 2022 წელია და პუტინი და რუსეთი ჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ წარმოუდგენელი მასშტაბის დანაშაულს: ისევ ხოცავს ქალებს, ისევ ხოცავს ბავშვებს, ისევ ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. და რატომ ბედავს ის ამას? იმიტომ რომ ვიღაცეებს ეშინიათ. იმიტომ რომ ვიღაცეები თვლიან, რომ დღეს ჩვენ არ უნდა შეგვეხოს. იმიტომ რომ გონივრული პოლიტიკა არის ის, რომ რადგან უკრაინაში ხდება ეს და არა საქართველოში, შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, რომ ჩვენ არ დაგვარტყას. ის შიში, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ პრემიერის ტექსტში, მიუხედავად ხმამაღალი საუბრისა, კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნა დეპუტატმა. მან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეადარა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს და თქვა, რომ განსხვავება ერთი გუნდის ორ წარმომადგენელს შორის თვალსაჩინოა და საქართველო მეგობრებსა და პარტნიორებს ახლა იმ ტონით უნდა ელაპარაკებოდეს, რომელსაც პრეზიდენტი იყენებს.

"პრეზიდენტიც თქვენი არჩეულია, მაგრამ მან თქვა ძალიან თამამად და მარტივად, რომ ჩვენგან ელიან სოლიდარობას. და როგორ გამოვხატავთ ამ სოლიდარობას? ჩვენგან არაფერს არ ითხოვენ, გარდა იმისა, რომ არ ვთქვათ: “ჩვენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს დავიცავთ”. არა! ჩვენ არ უნდა ვიყოთ ისეთი პატარები, რომ მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ვისაუბროთ. ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ უკრაინელებზე, რომლებზეც გადის არა მხოლოდ ჩვენი მშვიდობა. ამაზე უნდა ლაპარაკობდეს საქართველოს პრემიერი და არა იმაზე, რამდენი ფული შემოდის საქართველოში. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ პოლიტიკურად შეშინებულად არ გამოვიყურებოდეთ ჩვენი პრემიერ-მინისტრის დამსახურებით მსოფლიოს წინაშე", - ასე მიმართა თამარ კორძაიამ კოლეგებს "ქართული ოცნებიდან."

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის მეხუთე დღეს, 28 თებერვალს, კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება "ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე" და რომ "რუსეთის გამჩერებელი არავინაა".

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. სხდომათა დარბაზში ტრიბუნასთან გამოფენილია უკრაინის დროშაც.