რუმინეთი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეა

კლაუს იოჰანისი, რუმინეთის პრეზიდენტი.

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. იოჰანისი "ტვიტერზე" წერს, რომ რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს რეალობად იქცეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი

ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში. ევროკავშირის უზენაესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეპ ბორელმა ამის შესახებ ევროპის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.