ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა დაადასტურა, რომ უკრაინაში მოკლულია ჩეჩნეთის ორი მცხოვრები და 6 დაჭრილია. კადიროვმა ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა.
კადიროვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უწოდებს „ტერორისტულ ფორმირებებს“ და „მაროდიორებს“ და უკრაინელებს მიმართავს, რომ ზელენსკიმ უკვე დიდი ხანია დაკარგა მსოფლიოსთან კავშირი და უკრაინას არ ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხზე გული შესტკივა. კადიროვი ისევ აცხადებს, რომ რუსეთის არმია თავს არ ესხმის უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 28 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან, უკრაინაში დაიღუპა 352 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 ბავშვი.
ასევე ნახეთ კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების გაგზავნის ირიბი მტკიცებულება გამოაქვეყნაკადიროვი აცხადებს, რომ პუტინს არ სურს „მოძმე ხალხში ადამიანური მსხვერპლი“ და მისი სურვილია „უკრაინელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და არ იყვნენ დამოკიდებული დასავლელი პარტნიორების სურვილებზე“. კადიროვი იმასაც წერს, რომ ჩეჩნეთის ეროვნული გვარდია მზად არის შეასრულოს ნებისმიერი სირთულის ბრძანება. ჩეჩნეთის მეთაური მიიჩნევს, რომ „საჭიროა ახალი ბრძანება, ზედმეტი ცერემონიების გარეშე და უნდა გადავიდნენ მსხვილმასშტაბიან ღონისძიებებზე ნაცისტების და ტერორისტების გასანადგურებლად და ქალაქების გასათავისუფლებლად".
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს სამხედრო და ფინანსურ დახმარებას.
რუსეთის ეკონომიკური და საფინანსო სისტემის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსული კომპანიები მილიარდობით დოლარს კარგავენ. გაუფასურდა რუსული რუბლი.