ვლადიმირ პუტინს სპორტულ წოდებებს და ჯილდოებს ართმევენ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის აწ უკვე ყოფილ საპატიო პრეზიდენტსა და ელჩს, ვლადიმირ პუტინს, მსოფლიო ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის შემდეგ, პირადი სანქცია ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციამაც დაუწესა - რუსეთის პრეზიდენტს 2013 წელს დიდი პატივით გადაცემული მეცხრე დანის შავი ქამარი ჩამოართვეს. ტაეკვანდოს ფედერაციამ, რა თქმა უნდა, მარტო პუტინის სანქცია არ იკმარა და რუსი სპორტსმენებიც დასაჯა. ამ ეტაპზე ისინი საერთოდ არ მოუკვეთავთ საერთაშორისო შეჯიბრებებიდან. მხოლოდ რუსეთის სახელით და დროშით გამოსვლა და თავიანთი ქვეყნის ჰიმნის მოსმენა აუკრძალეს.

პუტინის პირად სპორტულ სანქციებს ერთი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც (IOC) დაამატა. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი აქამდე ოლიმპიური ორდენის კავალერი იყო, ახლა უკვე აღარაა. გადაწყვეტილება IOC-ის აღმასკომმა მიიღო 28 თებერვალს.