უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე ხელმოწერას „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ის აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ელაპარაკა ევროკავშირის უზენაეს წარმომადგენელს საგარეო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჟოზეპ ბორელს.
„საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს უნდა გავაკეთოთ განაცხადი წევრობაზე და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები.
რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, კოლეგების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც ისინი იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ და არის მიმდინარე აგრესია, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, სოლიდარულები ვართ მათი და, ამავე დროს, ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.
როდესაც გუშინ საუბარი მქონდა ბატონ ბორელთან, არამარტო უსაფრთხოების გამოწვევებზე მქონდა საუბარი, არამედ საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზე, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გუშინ ევროკავშირის საკითხებში გაფართოების კომისარ ვარჰეისთან საუბარი და მისი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ ასოცირებული ტრიო - მოლდოვა, საქართველო და უკრაინა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის თემა. ასე რომ, ამაზე ვსაუბრობთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ“, - თქვა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ არ არსებობს ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების პროცედურა.
„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ევროკავშირში არ არსებობს რაიმე მექანიზმი რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან", - თქვა მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ "ფეისბუკზე" ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს, 28 თებერვალს, ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელიუკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა კი განაცხადა, რომ დოკუმენტს სპეციალური პროცედურების დაცვით შეიტანენ.
"უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა“, - თქვა შმიჰალმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა კი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურთ უკრაინა ევროკავშირის ბლოკში იხილონ, ვინაიდან ის „ერთ-ერთი“ მათგანია.