ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი
რუსეთთან ომის პარალელურად უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 თებერვალს ხელი მოაწერა გაერთიანებაში გაწევრიანების განაცხადს.
დოკუმენტი სულ რამდენიმე წინადადებისგან შედგება და მასში წერია, რომ უკრაინა, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ღირებულებებს (ადამიანურ ღირსებებს, თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას, კანონის უზენაესობას, უმცირესობების უფლებებს), ამიტომ აკეთებს განაცხადს გაწევრიანების თაობაზე.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გუშინ განმარტა, რომ დოკუმენტს სპეციალური პროცედურების დაცვით შეიტანენ.
გუშინვე ევროპის პარლამენტში შეჯერდა რეზოლუცია, რომ უკრაინას მიენიჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი. რეზოლუციას კენჭს დღეს, 1 მარტს უყრიან. პარალელურად სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხს ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ სამიტზე მარტში განიხილავენ.
სიახლეები ბრძოლის ველიდან: კიევთან აფეთქების ხმები ისმის
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ორშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 6:40 საათზე, კიევის ცენტრიდან აღმოსავლეთით რამდენიმე მსხვილი აფეთქების ხმა გაისმა. ორშაბათს ეს იყო ყველაზე მასშტაბური აფეთქებების ხმები.
ავიაიერიშები იყო ქალაქ ბროვარიზე. სავარაუდოდ, სამიზნე სამხედრო-საკომუნიკაციო ცენტრი იყო.
გუშინ რუსეთს ცეცხლი არც მაშინ შეუწყვეტია, როცა ბელარუსის საზღვართან რუსეთ-უკრაინის პირველი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ომის დაწყებიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მალე კიდევ ერთი შეხვედრა იქნება.
ასევე ნახეთ საომარი მდგომარეობა უკრაინაში. V დღე - განახლებადი ინფორმაცია
"იმედია, გამბედაობას გამოიჩენს" - უკრაინის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილზე
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ტვიტერზე ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებათ.
შმიგალი ამგვარად გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, (მოხალისეებზე დაყრდნობით), რომ ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან გამოსაფრენმა თვითმფრინავმა, ვერ მიიღო თბილისის აეროპორტში ჩამოფრენის ნებართვა.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ტვიტერზე და ირაკლი ღარიბაშვილი დათაგა.
საქართველოს პრემიერი გუშინ ისევ გამოჩნდა მედიასთან და კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა საზოგადოების ნაწილის მხრიდან, როცა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების არდაწესება რუსეთთან წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობით ახსნა და განაცხადა, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება რუსეთის შესაჩერებლად.
„ახალი ფანჯარა“ საქართველოსთვის და სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელში ჩადის. მისი შეხვედრები ემთხვევა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და ამის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრას ევროპის პარლამენტში.
ამ ვიზიტთან დაკავშირებით გუშინ, დღის ბოლოს ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს:
„საქართველოს ღირსება ისტორიულად და დღესაც არის ის, რომ ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო. ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხეში, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და ამისთვის ჩამოვედი აქ, დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, - ამბობს პრეზიდენტი.
„იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ. აქ იმიტომ ვარ, რომ მინდა ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა, არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპამ, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, თავისი ერთიანობით, თავისი აქტიური მხარდაჭერით იმისა, რომ ჩვენ ყველანი ვართ უკრაინის მადლიერი, რომელიც დღეს იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო სხვაგვარად ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“.
ბრიუსელამდე საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა.
ფიფამ და უეფამ რუსეთი ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთა
ფიფამ და უეფამ რუსულ ფეხბურთს მორიგი სანქცია დაუწესა. ამჯერად გაცილებით მძიმე, ვიდრე წინა. ევროპის და მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს და კლუბებს ეკრძალებათ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება. აქამდე რუსებს საშინაო მატჩების ჩატარების უფლება ჩამოართვეს და ნეიტრალურ სტადიონებზე თამაში შეეძლოთ. ახალი სანქციის თანახმად კი, უკვე ეს შანსიც აღარ აქვთ.
რა შეუძლია გააკეთოს საქართველომ უკრაინისთვის (და საკუთარი თავისთვის)
უკრაინაში ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ დახმარება, რომელსაც უკრაინა იღებს დასავლეთისგან, უპრეცედენტოა, ისევე როგორც ის სანქციები, რომელიც რუსეთს დაეკისრა ომის დაწყებისთვის.
საქართველოში ოფიციალურ სტრუქტურებს ჯერ არ აქვთ მკაფიო პასუხები მთელ რიგ კითხვებზე, დაწყებული რუსული კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესებით და დასრულებული დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით უკრაინაში.
ყველა ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა დღეს 28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით. მან თქვა, რომ დღეს ის ხალხი „უკიჟინებს” საქართველოს მთავრობას, ჩაერთოს ომში და დაუწესოს სანქციები რუსეთს, ვინც 2008 წელს ომი ვერ აარიდეს საქართველოს. პრემიერმა იმის ასახსნელად, თუ რატომ არ უერთდება საქართველო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, თქვა: „ამის [უკრაინაში ომის - რ.თ] შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება”.
„რაში ჭირდებოდა ღარიბაშვილს ამ განცხადების გაკეთება? ვიღაცას თავს აწონებს? ვიღაცის წინაშე პოზიციონირებს და ეუბნება, ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ?” - კითხულობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც თვლის, რომ პრობლემა არა იმდენად სანქციებზე უარის თქმა, არამედ საქართველოს ხელისუფლების ზოგადი პოზიციაა - იპოვოს მიზეზები, რატომ არ უჭერს მხარს უკრაინას.
წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.