წლების წინ, როცა ცნობილი რუსი სოციოლოგი, მთარგმნელი და კულტუროლოგი ბორის დუბინი ცოცხალი იყო, რადიო თავისუფლების რედაქციაში გაიმართა დისკუსია თემაზე, „რუსეთის საზოგადოების აგრესიულობა - მისი სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული საფუძვლები“, რომელშიც ითქვა, რომ რუსეთისა და რუსეთის მოქალაქეების აგრესიულობას დიდწილად განაპირობებს როგორც არაადაპტირებულობა (სამყაროს აღქმა მტრულ გარემოდ), ასევე ინსტიტუციური ძალადობის გამოცდილება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები იღებენ ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებში, როგორებიცაა ოჯახი, სკოლა, ჯარი და ა.შ. ასევე ითქვა, რომ მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა მემკვიდრეობა, როცა საპატიმროებსა თუ კომუნალურ ბინებში, შეუძლებელი იყო თავის გატანა და გადარჩენა სხვისი პირადი სივრცის, სხვისი ღირსებისა და, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლის ხელყოფის გარეშე.
„უნდათ კი რუსებს ომი?“ - ევგენი ევტუშენკოს სიტყვებზე დაწერილ ამ ცნობილ სიმღერაში დასმული კითხვა, სულაც არ არის რიტორიკული. როგორც უკრაინასთან ომის დაწყების დღეს „ლევადა-ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულმა სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებმა აჩვენეს, რუსების სულ ცოტა ნახევარს არ აშფოთებდა უკრაინასთან ომის დაწყების პერსპექტივა. საგულისხმო და მრავლისმეტყველია ომის მთავარი გამჩაღებლის, ვლადიმირ პუტინის რეიტინგის დინამიკაც: თუ დეკემბერში პუტინის საქმიანობას იწონებდა 65%, ხოლო იანვარში - 69%, თებერვალში ამ მაჩვენებელმა 71% შეადგინა. მეტიც, რუსეთის მოსახლეობის 68% მხარს უჭერს უკრაინაში მიმდინარე ომს, - ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებშია ნათქვამი. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" მხარს არ უჭერს გამოკითხულთა მხოლოდ 22%.
როგორც „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგმა, ალექსეი ლევინსონმა განუცხადა ტელეკომპანია RTVI-ის, როცა დაძაბულობა იზრდება, მაგრამ სისხლი არ იღვრება, პუტინის რეიტინგი, როგორც წესი, ზევით მიიწევს ხოლმე. ასე იყო, მაგალითად, 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს, როცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეიტინგი 80%-ს ასცდა, თუმცა, როგორც რუსი სოციოლოგი შენიშნავს, ამჟამად განსხვავებული ვითარებაა: სისხლი იღვრება და კაცმა არ იცის, როგორ დასრულდება ომი, რომელსაც რუსეთში, ჯერ ომსაც კი არ უწოდებენ.
2008 წელსაც, შედარებით ხანმოკლე ომი და მცირე დანაკარგები, ასევე დადებითად აისახა ვლადიმირ პუტინის რეიტინგზე. უკრაინასთან ომის შემთხვევაში ბევრად განსხვავებული ვითარებაა. შეუძლებელია იმ „საჯარო პირებისა“ თუ „რიგითი მოქალაქეების“ ვერშემჩნევა, რომლებიც უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ, თუმცა წარმოუდგენლად მეტნი არიან ისინი, ვინც ვლადიმირ პუტინს ასეთი შინაარსის ღია წერილებს უგზავნიან:
„გამოვხატავ ჩვენი მთავარსარდლის მიმართ სრულ მხარდაჭერას რუსეთის, ჩვენი მრავალეროვნული რუსი ხალხის ინტერესების დაცვის საქმეში, საფრთხეების აღმოფხვრასა და მშვიდობის დამყარებაში. გისურვებთ ყველა იმ ამოცანის სწრაფ შესრულებას, რაც ჩვენს სახელოვან არმიას დაეკისრა“, - ამ წერილის ავტორი ცნობილი მოჭადრაკე, გროსმეისტერი სერგეი კარიაკინი, რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად ღიად უჭერს მხარს ომსა და სამხედრო აგრესიას, რომელსაც შეუძლებელია ჰქონდეს დადებითი შინაარსი, რაც უნდა „საფრთხეების აღმოფხვრითა და მშვიდობის დამყარებით“ გაამართლონ.
რუსი სოციოლოგები, ფსიქოლოგები და ისტორიკოსები შენიშნავენ, რომ აგრესიის მაღალი ხარისხით გამოირჩევა არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო, არამედ რუსული საზოგადოება და ამ საზოგადოების ცალკეული წევრიც, რომელზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აგრესიისადმი რუსულ კულტურში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება. რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროში გამართული დისკუსიის მონაწილეებმა გაიხსენეს აგრესია როგორც ყოფით, ასევე უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების დონეზე, გაიხსენეს ვლადიმირ პუტინის უკიდურესად აგრესიული, ქუჩური ლექსიკა: ჩეჩმაში დაბრედვის (мочить в сортире) შესახებ, რაც, როგორც კარგად ნაცნობი და მშობლიური რამ, დიდად მოიწონა მაშინდელმა საზოგადოებამ.
როცა რუსეთის საზოგადოებაში აგრესიაზეა ლაპარაკია, ძნელია გვერდი აუარონ ძალადობრივ დანაშაულს. ფსიქოლოგ სერგეი ენიკოლოპოვის თქმით, რუსეთი უნიკალური ქვეყანაა იმის გამოც, რომ მაღალია ყველა ფორმის აგრესია, მათ შორის - ავტოაგრესია ანუ საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესიაც: რუსეთში სუიციდის მაჩვენებელი 2,7-ჯერ მაღალია მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე, მკვლელობისა კი - 3,2-ჯერ მეტი.
რუსეთში ასევე მაღალია მკვლელობების რაოდენობა (8 მკვლელობა 100 ათას მოსახლეზე. 45-ე ადგილი 200-მდე ქვეყანაში), რომელიც რამდენჯერმე აღემატება არა მხოლოდ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს, არამედ მაგალითად საქართველოსაც, სადაც, გაეროს მიერ შედგენილი განზრახ მკვლელობების რეიტინგის მიხედვით, ეს მაჩვენებელი 2-ია.
„გავიხსენოთ, რუსეთი ლაგერებგამოვლილი ქვეყანაა, რაც გავლენას ახდენს სხვისი სიცოცხლისადმი დამოკიდებულებაზე. როგორ გადავრჩე 18 კვ. მეტრიან კამერაში, როცა მასში გამოკეტილია ხალხი არა ფართობის, არამედ კუბატურის მიხედვით, შეტენილია 80 ადამიანი. და ეს ხდებოდა არა სტალინის დიდი ტერორის დროს, არამედ ათი და ოცი წლის წინ. 90-იან წლებამდე „კრესტები“ შეიძლებოდა მოხვედრილიყო გინესის რეკორდების წიგნში, რადგან ამ რაოდენობის ადამიანი - 12 ათასი - არცერთ ციხეში არ მჯდარა. ასეთ გარემოში მხოლოდ ერთი გზით შეიძლება გადარჩე: სრულად უნდა უგულებელყო კამერაში მყოფი ყველა მეზობელი. შესაბამისად, საბჭოთა ციხე ასრულებდა არა სოციალური კონტროლის ფუნქციას, არამედ ასწავლიდა ადამიანებს იმას, თუ როგორ უდიერად უნდა მოპყრობოდნენ სხვის სიცოცხლეს, რომ ადამიანს არ აქვს არანაირი ფასი და რომ ის ნივთია. ასეთი გამოცდილება, ცხადია, ქმნის ნოყიერ ნიადაგს ნებისმიერი სახის ძალადობის გამოსავლენად“, - განაცხადა სერგეი ენიკოლოპოვმა.
2021 წელს რუსეთში დანაშაულის შედეგად დაიღუპა 23,3 ათასი ადამიანი, 2020 წელს - 22,7 ათასი.
„თუ ვილაპარაკებთ სიკვდილიანობაზე, მაშინ აშკარაა, რომ რუსეთში ადამიანის სოცოცხლის ფასი ძალიან დაბალია, როგორც თავისი, ასევე სხვისი სიცოცხლისა. ეს უფრო საზოგადოებრივი ნიშანია, ვიდრე ეროვნული. სიცოცხლისადმი უდიერი მოპყრობა ჩამოყალიბდა პოლიტიკური, ისტორიული მოვლენების შედეგად. ადამიანი, რომელიც თავს სწირავდა, დიდად დაფასებული იყო. არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ ეს უნიკალური სიცოცხლე იყო... საუბარია სხვისი ან საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაზე. ამ კუთხით, დასავლეთში სიცოცხლისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია“, - თქვა დისკუსიის ერთ-ერთმა მონაწილემ, დემოგრაფმა ანატოლი ვიშნევსკიმ, რომლის თქმითაც, რუსეთში, როგორც წესი, მაღალია საშუალო ასაკის მამაკაცებში გარეფაქტორებით გარდაცვალების მაჩვენებელი: იღუპებიან არა ავადმყოფობით, არამედ ძალადობის სხვადასხვა ფორმით - ტრავმატიზმით, უბედური შემთხვევებით, მკვლელობით, თვითმკვლელობით...
სოციოლოგ ლევ გუდკოვის თქმით, ადამიანის და მისი სიცოცხლის ფასი ხანგრძლივი კულტივაციის პროდუქტი და მთელი რიგი ინსტიტუტების გულმოდგინე მუშაობის შედეგია, მაგრამ, საქმეც ისაა, რომ ამ ინსტიტუტებს რუსეთში არ უარსებია, სამაგიეროდ, მოქმედმა ინსტიტუტებმა: ოჯახმა, სკოლამ, ჯარმა, პენიტენციარულმა სისტემამ და ა.შ. უკიდურესად გააუფასურა ადამიანის სიცოცხლე. ბორის დუბინმა დისკუსიის დროს თქვა, რომ რუსეთში სამიდან ერთ ადამიანს ან განუცდია ძალადობა მშობლების მხრიდან, ან შესწრებია მშობლების ძალადობას ერთმანეთზე, ჯარში ნამსახურებთა 58%-მა პროცენტმა თავის თავზე გამოცადა ძალადობა თანასწორების ან უფროსების მხრიდან:
„ეს ის გამოცდილებაა, რომელიც უკვალოდ არ ჩაივლის. ეს ერთი მხარეა, მეორე მხარე სახელმწიფოს ძალადობაა: ქვეყანა აწარმოებს უაზრო, გაუმართლებელ ომს, რაც შეუძლებელია არ აისახოს ადამიანების დამოკიდებულებაზე. ქვეყანა მილიტარიზებულია უსაზღვროდ. არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ ბევრი იარაღი აქვს და ძლიერია, არამედ მილიტარიზებულია თავისი არსით: რუსეთს თავი წარმოუდგენია ისეთ ქვეყნად, რომელმაც ყველა უნდა გასრისოს“.
ფსიქოლოგ ვიშნევსკის თქმით, აგრესიას ასევე იწვევს ადამიანის არაადაპტირებულობა, სამყაროს აღქმა მტრულ გარემოდ:
„არსებითად ეს არის მარგინალიზებული საზოგადოების თვისება, მარგინალური კულტურისა. ეს შეიძლება იყოს სწრაფი ურბანიზაციის, ერთი ტიპის კულტურიდან მეორეზე გადახტომის შედეგი. უჩვეულო გარემოს ადამიანები აღიქვამენ მტრულად და ყველა სახის გამოწვევას მტრობითა და აგრესიით უპასუხებენ. ასეთ გარემოში, განსხვავებული აზრიც კი აგრესიის საფუძველია“.
ანატოლი ვიშნევსკის თქმით, რუსეთის ისტორიული უბედურება ისაა, რომ არასოდეს შეეძლო ცხოვრება მტრის ხატის გარეშე:
„იყო ასეთი მთავარი გაზეთი „პრავდა“, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებულად მსხვილი შრიფტი სათაურებისთვის და სწორედ ამ შრიფტით წერდნენ, რომ ხან გერმანია იყო რევანშისტი და უნდოდა რუსეთზე თავდასხმა, რათა წაერთმია ჩეხოსლოვაკია, ხან ისრაელი იყო მტერი, ხან - ამერიკა... აუცილებლად უნდა ყოფილიყო მტერი და მის მიმართ მიმართულიყო ჩვენი აგრესია. რა თქმა უნდა, იყვნენ აგრესიის შინაგანი ობიექტებიც... ახლა შეიცვალნენ ეს ობიექტები, მაგრამ მტრის ხატი, როგორც აუცილებლობა, დარჩა. რუსეთში ნებისმიერი მოდერნიზაციისას საჭიროა მტრის ხატის გამოგონება“.
ბორის დუბინმა დისკუსიის მონაწილეებს შეახსენა, რომ აგრესიაც ურთიერთობის ერთგვარი ფორმაა, რომელიც ანაცვლებს ყველა სხვა სახის ურთიერთობას:
„ქვეყნის მთავარი პირები ისე იქცევიან, რომ სხვა ქვეყნების პირველ პირებში ხედავენ არა პარტნიორებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა გადატეხონ წელში ან ჩაკლან. ეს არის ურთიერთობის უკიდურესად გადაგვარებული ფორმა, როცა სხვა უნდა დაამცირო, გაანადგურო. სახელმწიფოს მიერ არჩეული აგრესიის ეს მატრიცა იწყებს თვითწარმოებას, მათ შორის, იწარმოება სხვადასხვა სახის ინსტიტუციების მიერ, მათ შორის - მასმედიის მიერაც და ეს სოციალური კოდი იქცევა იმად, რაც ვერა და ვერ იქცა კულტურად. კულტურის ნაცვლად ვიღებთ ურთიერთქმედების ასეთ დეფექტურ კოდებს“.
ლევ გუდკოვის თქმით, აგრესია ერთ-ერთი ყველაზე დომინირებადი სოციალური კოდია. კონტექსტის მიხედვით, აგრესია ასევე შეიძლება გაგებული იქნეს როგორც გმირობა, როგორც თავდადება, როგორც ჯანსაღი ბრუტალიზმი, მაგრამ რუსულ საზოგადოებას კვალი დაამჩნია საბჭოთა რეჟიმმა, რომლის პირობებშიც მამაკაცების თითქმის მესამედმა გაიარა გულაგების სისტემა:
„მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელსაც მამაკაცები იღებენ სკოლაში, ჯარში, ლაგერებში და, რაც შემდეგ იქცევა სუბკულტურად და რაც გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე. დღეს შენ მოკვდები, ხვალ შეიძლება მე მოვკვდე - მთავარია დაგამცირე, ჩაგძირე - ტიპური ლაგერული გამონათქვამია. შემთხვევით არ არის, რომ პუტინის რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა იმ ქუჩური ფრაზის თქმის შემდეგ, რომელშიც საზოგადოებამ დომინანტური კულტურული კოდი ამოიცნო“.
ისტორიკოს გალინა ზვერევას თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი ტერმინებით საუბრობენ, რომ გარემო სრულად გაჯერდა არტიკულირებული აგრესიით, რომელიც ნელ-ნელა რესპექტაბელურ იერს იღებს. მედია ღიად ახდენს ამგვარი აგრესიის ტირაჟირებას, აძლევს ტრიბუნას პოლიტიკოსს, რომელიც ამბობს: „სამშობლო იწყება მტრის სიძულვილით. საჭიროა რევანში, საჭიროა ყველაზე დაუნდობელი პასუხი დამცირებაზე, უძლურებაზე და ა.შ.“
დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილის, ეკონომისტ სერგეი სანოვიჩის თქმით, რუსეთში არსებობს რაღაცნაირი „გულწრფელი თუ უანგარო აგრესიაც“, როცა ადამიანი ხვდება, რომ აგრესია სარგებელს ვერ მოუტანს არა მხოლოდ მას, არამედ საერთოდ ვერავის, მაგრამ მაინც სჩადის სისასტიკეს: „უანგარო, უსარგებლო აგრესია - მგონი ეს არის რუსული აგრესიის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი“.
„გამომთხარე თვალი, დაე, ჩემს სიდედრს ცალთვალა სიძე ჰყავდეს“, - ბორის დუბინმა გაიხსენა ეს გამონათქვამი, ძალადობის მოდელი, რომელიც რუსეთში ფართოდაა გავრცელებული:
„ამ მოდელის მიხედვით, იმის ცოდნა, რომ ძალადობა ზიანს მოგიტანს, არაფერს ცვლის. ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ შენ ხარ მთავარი, მნიშვნელოვანია შენ განსაზღვრავდე ვითარებას“.