დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ დამატებით სამი რუსული ბანკი მოხვდება სანქციების ქვეშ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
„წარმომადგენელთა პალატას შემიძლია გაცნობოთ, რომ შევიტან სანქციების შესახებ ორ ახალ კანონპროექტს. პირველი ითვალისწინებს ახალი უფლებამოსილების ნაკრებს რუსეთის ფინანსური სექტორისთვის, ის მოიცავს უფლებას, აეკრძალოს რუსულ ბანკებს გადასახადების გადახდა გირვანქა სტერლინგებში“, - თქვა ტრასმა.
მისი სიტყვებით, ბრიტანეთი გაყინავს სამი რუსული ბანკის: ВЭБ-ის, "Совкомбанк"-ის და ბანკ "Открытие"-ს აქტივებს. რუსული გიგანტი, როგორიცაა "გაზპრომი", ვეღარ შეძლებს ლონდონში აქციების გამოშვებას.
ამასთან, დიდი ბრიტანეთი აკრძალავს რუსეთში მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების, მიკროელექტრონიკის, საზღვაო და სანავიგაციო მოწყობილობების ექსპორტს, რაც დაასუსტებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალს და რუსეთის ეკონომიკას დაამუხრუჭებს მრავალი წლის განმავლობაში.
ბრიტანეთი მზადაა „გაიღოს ეკონომიკური მსხვერპლი“, რათა დაეხმაროს უკრაინას და ხელს შეუწყობს სანქციების არსებობას, „სანამ მათი საჭიროება იარსებებს“,- ამბობს ლიზ ტრასი.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ სანქციების მიმართულებით მზადაა „წავიდეს უფრო შორს, გაცილებით შორს“.
დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს რუსეთის ინტერპოლიდან გასარიცხად.
ევროკავშირი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მორიგ პაკეტს აქვეყნებს - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის კიდევ ათობით წევრს შეეხება - მათ შორის, ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი არიან.
ასევე ნახეთ სანქცირებულთა სია ფართოვდება - კიდევ ვინ დასაჯა ევროკავშირმა?მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს.