გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირში გაწევრიანება რამდენიმე თვეში ვერ მოხდება

ევროკავშირის დროშებში გახვეული ბავშვები, კიევი, 18 მარტი, 2018 წელი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ქვეყანაშიც რუსეთმა მასობრივი, არაპროვოცირებული სამხედრო შეჭრა განახორციელა, ევროკავშირს მოუწოდა უკრაინას წევრობა მიანიჭოს, საგანგებო პროცედურის საფუძველზე, თუმცა ბლოკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა ნაკლებად სავარაუდოა.

ზელენსკიმ ევროკავშირს 28 თებერვალს მიმართა "საგანგებო პროცედურით უკრაინის დაუყოვნებელი შეშვების" თხოვნით. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოში, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის მიზანია "ყველა ევროპელთან ერთად იყოს და, რაც მთავარია, იყოს მათი თანასწორი".

თუმცა ბლოკის ოფიციალურმა პირებმა სწრაფად თქვეს, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა ნაკლებად სავარაუდოა რამდენიმე მიზეზით, მათ შორის იმიტომ, რომ ასეთი სწრაფი პროცედურა არ არსებობს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, 27-წევრიან ბლოკში გაწევრიანების პროცესი რამდენიმე თვეში ვერ მოხდება, თუმცა უკრაინა არის "ევროპული სახლის" ნაწილი, სადაც ის ყოველთვის მიღებულია.

ევროკავშირის პოტენციურ წევრ სახელმწიფოებს, როგორც წესი, წლები სჭირდებათ გაწევრიანების ხანგრძლივი და რთული გზის გასავლელად, სიღრმისეული რეფორმებით რამდენიმე სფეროში.