ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ "ფეისბუკზე" ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს, 28 თებერვალს, ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეალური გახდება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

დოკუმენტს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოც.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კი განაცხადა, რომ დოკუმენტს სპეციალური პროცედურების დაცვით შეიტანენ.

"უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი ვართ. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა“, - თქვა შმიგალმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა კი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურთ უკრაინა ევროკავშირის ბლოკში იხილონ, ვინაიდან ის „ერთ-ერთი“ მათგანია.