მაკრონსა და პუტინს შორის საათ-ნახევრიანი საუბარი შედგა

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი. სანკტ-პეტერბურგი, 2018 წლის 24 მაისი.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საათ-ნახევრის განმავლობაში ესაუბრა. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების კვალდაკვალ, მაკრონმა პუტინს სამი პირობის დაცვა მოსთხოვა:

  • მშვიდობიან მოსახლეობასა და დასახლებებზე იერიშის შეწყვეტა;
  • სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება;
  • გზების, მათ შორის, კიევიდან სამხრეთით გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, „პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა მზადყოფნა, აიღოს ამ სამი პუნქტის თაობაზე ვალდებულება“.

თავად მაკრონი "ტვიტერის" გვერდზე წერს, რომ სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტ პუტინს უახლოეს დღეებში კვლავ შესთავაზა გასაუბრება. „ჩვენ განვაახლებთ დისკუსიებს“, - წერს მაკრონი.

პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან საუბარში საკუთარი პირობები დაასახელა:

  • ყირიმში რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება;
  • უკრაინის სახელმწიფოს დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაცია";
  • უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ესვრიან ობიექტებს“.

„მუქარა მოდის უკრაინელი ნაციონალისტების მხრიდან, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ“, - აცხადებენ კრემლში.

მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.