„ეს ეხებოდა გოგოს“ - კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენების დეტალები

ბრალდებული გიორგი კავილაძე

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი კავილაძემ, თითქმის ექვსთვიანი დუმილის შემდეგ, გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა. დუმილი მან სასამართლოს დარბაზში დაარღვია და პროკურორს ჩვენება ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით მისცა. ჩვენების თანახმად, მკვლელობის საქმის მეორე ბრალდებულმა, ალეკო ჭელიძემ, ნიკო კვარაცხელიას 10 ტყვია „გოგოს მიზეზით“ ესროლა.

უხმო, თუმცა, მძაფრი რეაქცია მოჰყვა გიორგი კავილაძის ამ განცხადებას სასამართლოს დარბაზში ნიკო კვარაცხელიას ახლობლების მხრიდან. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, მათი რეაქციებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ისინი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ამ მოტივს, არ ეთანხმებიან.

28 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომამდე, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივის შესახებ ოფიციალურად არაფერი იყო ცნობილი. არც ბრალდების მხარესა და არც თავად ბრალდებულებს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივზე ექვსი თვის განმავლობაში სიტყვა არ დაუძრავთ.

ამ პერიოდში, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივის ყველაზე გავრცელებული ვერსია ნიკოს მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიება იყო. ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა, გურამ და დავით კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

14-15 სექტემბრის ქრონოლოგია

გიორგი კავილაძე, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავება, პროკურორის კითხვებს ერთი საათისა და 40 წუთის განმავლობაში პასუხობდა. პროკურორის კითხვები 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე ვერ ამოიწურა, ამიტომ ბრალდებულის დაკითხვა ზუსტად ერთი კვირის თავზე, 7 მარტს უნდა გაგრძელდეს.

28 თებერვალს გამართულ სხდომაზე, პროკურორი გია შაიშმელაშვილი შეეცადა გიორგი კავილაძეს სრულად აღედგინა, როგორც მკვლელობის დღის, 2021 წლის 15 სექტემბრის მოვლენები, ისე მკვლელობის წინა დღეების დეტალებიც. მაგალითად, სად და ვისთან ერთად ატარებდა იმ დღეებს გიორგი კავილაძე, რას აკეთებდა, ღამეს სად ათენებდა და ა.შ.

სწორედ გიორგი კავილაძემ იქირავა 14 სექტემბერს ის ავტომობილი, რომლითაც მეორე დღეს, მკვლელობაში ბრალდებულები ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და დაახლოებით სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, ბრალდებულმა ალეკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას 10 ტყვია ესროლა.

თუკი გიორგი კავილაძის ჩვენებას დავეყრდნობით, ავტომობილი „ჰიუნდაი ელანტრა“ 14 სექტემბერს მან იმიტომ იქირავა და 15 სექტემბერს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, საქმიან გასვლასა და ბიზნეს-შეხვედრებს გეგმავდა. პირადი ავტომობილი, „ფოლცვაგენ პასატი“ კი მწყობრში არ იყო და შესაბამისად, ამ მანქანით შორ მანძილზე გადაადგილება ვერ გაბედა.

ბიზნეს-შეხვედრებზე გაყოლა ახლო მეგობარს, ალეკო ჭელიძეს, 14 სექტემბერსვე სთხოვა. ალეკო დათანხმდა.

14 სექტემბერი, დილის საათები

ავტომობილის დასაქირავებლად გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე, გიორგის კუთვნილი ავტომობილით, ისანში წავიდნენ. მას შემდეგ, რაც გიორგიმ მანქანა იქირავა, მის პირად მანქანაზე ალეკო გადაჯდა და ისინი ორი მანქანით საბურთალოზე გაეშურნენ. „მაკ დრაივში“ იყიდეს საჭმელი, კავილაძის პირადი ავტომობილი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს და იქიდან დაქირავებული მანქანით გააგრძელეს სვლა.

13:00 საათიდან 20:00-21:00 საათამდე

გიორგი კავილაძე ამბობს, რომ ის და ალეკო ჭელიძე თავდაპირველად ბოცვაძის ქუჩაზე, ბებიასთან, ოჯახური საქმეების გამო მივიდნენ. ბებიის სახლიდან გამოსვლის შემდეგ კი „მთელი დღის განმავლობაში, ვაკე-ვერის ტერიტორიაზე“ გადაადგილდებოდნენ. კავილაძის ჩვენების თანახმად, გარკვეულ მომენტში, ის და ალეკო ჭელიძე კვლავ მის პირად ავტომობილში გადასხდნენ და ნაქირავები მანქანა სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბერბუკის ქუჩაზე გააჩერეს. 14 სექტემბერს, დაახლოებით 20:00-21:00 საათისთვის კი ალეკო ჭელიძე აბაშიძის ქუჩაზე, მეგობართან დატოვა.

პროკურორის კითხვას, კონკრეტულად ვისთან დატოვა ალეკო ჭელიძე, გიორგი კავილაძემ არ უპასუხა. უარის მიზეზი კი ასე განმარტა: „არ მსურს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მათი სახელები და გვარები ვიცი, მაგრამ ზედმეტი სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ“.

21:00 საათიდან 00:00 (15 სექტემბერი) საათამდე

მას შემდეგ, რაც გიორგი კავილაძემ ალეკო ჭელიძე აბაშიძის ქუჩაზე, მეგობრის სახლში დატოვა, 53-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარნოვის ქუჩაზე გაუარა შეყვარებულს და ისინი გიორგის მამიდაშვილის სახლში, წვეულებაზე წავიდნენ. იქიდან წამოსულები კი გვიანობამდე, ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მანქანით სეირნობდნენ. ერთმანეთს გვიან, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის დასცილდნენ და გიორგი ღამის გასათენებლად წყნეთში, საკუთარ სახლში წავიდა.

15 სექტემბერი, 10:00 საათი - "ეს ეხებოდა გოგოს"

გიორგი კავილაძემ ალეკო ჭელიძეს 15 სექტემბერს, დილის 10 საათისთვის დაურეკა. შეთანხმებისამებრ, ისინი თბილისიდან რამდენიმე დღით, ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებულ შეხვედრებზე უნდა გასულიყვნენ და სხვადასხვა ქალაქი მოევლოთ. პირველი გაჩერება კი ბორჯომში, გიორგი კავილაძის სახლში უნდა ყოფილიყო:

„ჩემი კუთვნილი მანქანით გამოვედი სახლიდან და დავურეკე გზიდან. სადაც გუშინ დამტოვე, მანდ გამომიარეო. ტელეფონშივე მითხრა, რაღაც საქმეები მაქვს და ვერ გამოგყვებიო. ეგეთი რა საქმეები გაქვს, ერთ დღეში რა შეიცვალა-მეთქი. გამომიარე და დავილაპარაკოთო. გავუარე და წავედით ყაზბეგზე, საქმე მქონდა ლომბარდში. სწორედ ამ საქმის გამო წამოვიყვანე ჩემი კუთვნილი მანქანა 14 სექტემბერს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. დალომბარდებული მქონდა მანქანა და სხვა ლომბარდში უნდა გადამეტანა სესხი და ავტომობილი თან უნდა მყოლოდა. გზაში ვლაპარაკობდით და ასე ვთქვათ, ყოყმანობდა წამოსვლასთან დაკავშირებით. მითხრა, რომ ადამიანი ჰყავდა სანახავი და უნდა დალაპარაკებოდა".

გიორგი კავილაძის ჩვენების თანახმად, ეს ადამიანი ნიკო კვარაცხელია იყო:

"მითხრა, რომ ორი კვირის წინ შევუთვალე რაღაც, რაც არ გაითვალისწინა, ამ შეთვლამ შედეგი არ გამოიღო და პირისპირ უნდა გავაფრთხილოო. ეს ეხებოდა გოგოს. გოგოსთან დაკავშირებით შევუთვალეო, რომ თავი შეიკავე ამ გოგოსთან კომუნიკაციისგანო, რომელიც არ გაითვალისწინაო“.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კავილაძის თქმით, ის და ალეკო ჭელიძე ახლო მეგობრები არიან, პროკურორს ეუბნება, რომ ამ „შეთვლის“ შესახებ მან 15 სექტემბრამდე არაფერი იცოდა. რაც შეეხება გოგოს, მისი თქმით, ის „ალეკოს მეგობარი გოგოა“. გიორგი კავილაძე ამბობს, რომ არ იცის იმ ადამიანის ვინაობა, ვისი პირითაც ალეკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას „გოგოსთან კომუნიკაციისგან თავის შეკავება“ მოსთხოვა.

„ამის მერე მითხრა, რომ სურდა, მას პირისპირ დალაპარაკებოდა, რადგან მისმა შეთვლამ შედეგი არ გამოიღო. ჩვენ კვლავ მანქანაში ვისხედით და მივდიოდით ჩემ საქმეზე, ყაზბეგზე. მითხრა, რომ მისი ნახვა უნდოდა აუცილებლად. ვუთხარი, რომ ენახა და მერე წამომყოლოდა. მითხრა, რომ დავურეკო, არ შემხვდებაო. ამიტომ ქუჩაში თუ გადავუდგები სადმეო“.

გიორგი კავილაძე ყვება, რომ საქმე, რომელიც ლომბარდში ჰქონდა, მოამთავრა და ალეკო და ის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ, ბერბუკის ქუჩაზე, სწორედ იქ დაიძრნენ, სადაც წინა დღეს ნაქირავები „ჰიუნდაი ელანტრა“ გააჩერეს: „ალეკოს შევთავაზე, მე შენ საქმეზე გამოგყვები და მერე ჩემ საქმეზე წავიდეთ-მეთქი“.

13:00 - მისვლა ანჯაფარიძის ქუჩაზე

„გადავსხედით „ელანტრაში“, ჩემი მანქანა მის ადგილას დავტოვეთ. საბოლოოდ ალეკო დავითანხმე, რომ ჯერ მე გავყვებოდი მას და მერე ჩემ საქმეზე წავიდოდით“.

გიორგი კავილაძე ამბობს, რომ ალეკო ჭელიძემ მას ნიკო კვარაცხელიას სახლის მიახლოებითი მისამართი უთხრა და ანჯაფარიძის ქუჩისკენ დაიძრნენ:

„მივედით ანჯაფარიძის ქუჩაზე და სადაც თავისუფალი ადგილი იყო, იქ დავაპარკინგეთ მანქანა. მითხრა, „რეინჯ როვერი“ ჰყავს, რომლის ნომერიც არ ვიციო“.

ბრალდებულის თქმით, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ნიკო კვარაცხელიას მოლოდინში, მათ დაახლოებით ორი-სამი საათი გაატარეს.

15:00 - ნიკო კვარაცხელიას მოლოდინში ბრალდებულებმა საჭმელი შეუკვეთეს

„დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, ალეკოს ვუთხარი, რომ ნელ-ნელა დავიძრათ, აუცილებელი საქმე მაქვს მოსაგვარებელი-მეთქი. მითხრა, საჭმელი შევუკვეთოთ და სანამ საჭმელი მოვა, იქნებ ისიც გამოჩნდესო. თუ არ მოვა და ვჭამოთ და წავიდეთო. საჭმელი დაახლოებით მაგ დროს გამოვიძახეთ“.

16:00

გიორგი კავილაძე ყვება, რომ პიცა და სპაგეტი დაახლოებით დღის 4 საათისთვის მოვიდა. ალეკო ჭელიძე უკანა სავარძელზე გადაჯდა, რადგან მისი თქმით, ასე უფრო კომფორტულად შეჭამდნენ.

16:10 – „რაც მოხდა, მოხდა, დავჭერი“

დაახლოებით 10 წუთში, ალეკო ჭელიძემ გიორგი კავილაძეს უთხრა: „რეინჯ როვერი გაჩერდა, მე მგონი, სახლში მოვიდაო“:

ბრალდებული ალეკო ჭელიძე

„ჩემს მანქანასა და „რეინჯ როვერს“ შორის დაახლოებით 100-200 მეტრი იყო დაშორება, დავიძარით „რეინჯ როვერისკენ“, მივუახლოვდით მანქანას. მითხრა, სადაც მოგიხერხდება, გააჩერე მანქანა და მე გადავალო. „რეინჯ როვერს“ გავცდი, გასაჩერებელი ადგილი არ იყო და უხერხულად მომიწია მოსახვევში მანქანის გაჩერება. ვკითხე, მალე დაბრუნდები-მეთქი? და კიო, მაქსიმუმ 5-10 წუთშიო. ვუთხარი, თუ ვინმეს შევუშალე მოძრაობაში ხელი, ქვევით ჩავუხვევ მოსახვევში და იქ გავჩერდები-მეთქი. გადავიდა მანქანიდან. მალევე გავიგე გასროლის ხმა. ვერ წარმოვიდგინე, რომ ჩვენთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული ეს ხმა. გავიხედე სარკეში და ნახევარ წუთში რაც დავინახე, ის იყო, რომ ალეკო მანქანისკენ გამორბოდა. მანქანაში ჩამიჯდა და მითხრა, ჩქარა-ჩქარა, წადი აქედან. იყო ანერვიულებული. აკანკალებული ხმით მელაპარაკებოდა. დავიძარი და ვეკითხებოდი, რა მოხდა, რა მოხდა. რაღაც პერიოდი, იმის უნარიც არ ჰქონდა, რომ ეპასუხა. ბოლოს მითხრა, "რაც მოხდა, მოხდა, დავჭერი". მისი პასუხებიდან გამომდინარე ისიც ჩანდა, რომ "აუ, ეს რა ვქენი“.

პროკურორი გია შაიშმელაშვილი, ვიდეო-ჩანაწერებზე დაყრდნობით, სადაც ასახულია ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის მომენტი, გიორგი კავილაძეს უსვამს კითხვას იარაღის შესახებ და ეუბნება, რომ ალეკო ჭელიძე მანქანიდან გადმოდის „გადატენილი იარაღით“:

„იარაღს საერთოდ არ ეხება, მიდის კვარაცხელიასთან, იღებს იარაღს ისე, რომ არ ტენის და ახდენს გასროლას. ჩვენ ვუყურეთ კადრებს. კონკრეტულად გამეცით პასუხი, ხომ არ გაგიგიათ მანქანაში იარაღის გადატენისთვის დამახასიათებელი ხმა“.

პროკურორის ამ კითხვას, გიორგი კავილაძე პასუხობს:

„მე იარაღი საერთოდ არ დამინახავს. ესეც თქვენ მიმანიშნეთ ახლა, რომ იარაღი იყო გადატენილ მდგომარეობაში. ამაზე მე არც მიფიქრია. იქიდან გამომდინარე, რომ მე საერთოდ არ ვფლობდი ინფორმაციას, რომ ალეკოს ჰქონდა იარაღი, შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ ვერ გავცემ პასუხს კითხვაზე, იყო თუ არა იარაღი გადატენილ მდგომარეობაში. იარაღის გადატენისთვის დამახასიათებელი ხმა რომ გამეგო, შესაბამისად, მეცოდინებოდა, რომ მანქანაში იარაღია“.

გიორგი კავილაძე ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ალეკო ჭელიძემ ნიკო კვარაცხელიას ესროლა, ისინი ბერბუკის ქუჩისკენ, სწორედ იქით წავიდნენ, სადაც მისი კუთვნილი მანქანა ჰყავდა გაჩერებული:

„KING DAVID-იდან ავედით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ჩემ მანქანასთან ვერ მივედით სამანქანე გზით. გადმოვედით მანქანიდან და წავედით ფეხით. გადავსხედით ჩემ მანქანაში და რაღაც მონაკვეთის გავლის შემდეგ, მივხვდი, რომ უაზრობა იყო ჩემი მანქანით მოძრაობა. მანქანა დავტოვეთ ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე და შევიცვალეთ რამდენიმე ტაქსი“.

პირველი ტაქსი და სატელეფონო დიალოგი ყოფილი პრემიერის ვაჟთან - რას ყვება ბრალდებული

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბესიკ (ბუსა) ჟვანიას სახელი და გვარი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებულების დაკავებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუსა ჟვანია ერთ-ერთი იყო, რომელიც მკვლელობის შემდეგ, ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს მიმალვაში დაეხმარა.

ბუსა ჟვანია, რომელიც მისი თქმით, „საზღვარგარეთ იმყოფებოდა საგანმანათლებლო საკითხებზე“, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 12 ოქტომბერს წერილით გამოეხმაურა:

„უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მე ვარ დაკავშირებული ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმესთან. პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო. მინდა აქვე კატეგორიულად განვაცხადო, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს და ინფორმაციის გავრცელებამდე - მე არავინ დამკავშირებია“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, საქმეში დევს მოწმის, 65 წლის ტაქსის მძღოლის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგი კავილაძემ, მკვლელობის შემდეგ სწორედ ბუსა ჟვანიას დაურეკა. მძღოლი გამოძიებასთან საუბრისას სატელეფონო დიალოგს ასე იხსენებს: „მე ჩემს უკან მჯდომმა გამომართვა ტელეფონი. მთხოვა, რომ დარეკავდა და დამიბრუნებდა. ვიღაცას ელაპარაკებოდა და უთხრა „ბუსა, რომ იცოდე, კუს ტბაზე არ ახვიდე, ფრთხილად იყავი, ძაღლები არიან”.

ეს ჩვენება დაცვის მხარემ თავის დროზე უდავოდ ცნო, თუმცა, 28 თებერვალს, სასამართლო დარბაზში გამართული დაკითხვისას, გიორგი კავილაძემ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებაში შესწორებები შეიტანა და თქვა, რომ მან მართლაც დაურეკა ბუსა ჟვანიას ტაქსის მძღოლის ტელეფონით, თან ორჯერ, მაგრამ მათ შორის სულ სხვა შინაარსის დიალოგი შედგა:

„ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და მე მას არასდროს მივმართავ, როგორც ბუსას. ბესიკას ვეძახი ან ბესლანას. გარდა ამისა, ტელეფონზე რომ დავურეკე, სახელით არ მიმიმართავს. მასთან დიალოგი ასე დავიწყე, „ხო, რას შვრები“. მიცნო მაშინვე ხმაზე, ვკითხე, შეგიძლია კუს ტბის ასახვევთან შემხვდე-მეთქი და მიპასუხა, კი, მოვალ. ტელეფონი რომ გავთიშე, მერე გავაანალიზე, რომ მისი ნახვა არასწორი იყო, ჩემივე უსაფრთხოებისთვის და მისივე უსაფრთხოებისთვის, რადგან ასეთი ამბავი იყო მომხდარი და მასაც შარში გავხვევდი და ასევე, ჩემი მეგობარი იყო და ჩემს მოსაძებნად მასაც გამოიყენებდნენ. ამიტომ მაშინვე გადავურეკე და ვუთხარი, არა, არ შემხვდე, მე თვითონ დაგირეკავ-მეთქი“.

მოგზაურობა სომხეთში, ძმები კაკულიები - ბრალდებულის ვერსია

იყო თუ არა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა შეკვეთილი? - ეს კითხვა მისი მკვლელობიდან რამდენიმე საათშივე გაჩნდა. რამდენიმე საათშივე გაჩნდა მედიაში ვერსია იმის შესახებ, რომ ნიკო, სავარაუდოდ, მამაზე, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირზე, ე.წ. „კანონიერი ქურდ“, გია კვარაცხელიაზე შურისძიების მიზნით მოკლეს. ამ ვერსიის თანახმად, შურისძიება უკავშირდებოდა 20 წლის წინანდელ ინციდენტს - მოსკოვში ე.წ. „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას, იგივე „თბილისკის“ მკვლელობას. გავრცელებული ვერსიით, ნიკოს მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა, გურამ და დავით კაკულიებმა სომხეთიდან დაუკვეთეს.

გიორგი კავილაძე 28 თებერვალს, სასამართლო დარბაზში მიცემული ჩვენებისას ამბობს, რომ გურამ და დავით კაკულიები მისი ბავშვობის მეგობრები არიან და ის 2021 წლის ივლისში, ორჯერ იმყოფებოდა სომხეთში.

პროკურორს სხდომაზე არ დაუსვამს კითხვა, შეუკვეთეს თუ არა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გურამ და დავით კაკულიებმა. ამ ეტაპზე, ის გიორგი კავილაძის სომხეთში მოგზაურობის სხვა დეტალებით დაინტერესდა. მაგალითად, ვისთან ერთად იყო სომხეთში, რამდენჯერ.

გიორგი კავილაძე ამბობს, რომ სომხეთში, 4-5 ჯერ არის ნამყოფი. ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, იქ აღარ ჩასულა, თუმცა, 2021 წლის ივლისში, ის ორჯერ სტუმრობდა გურამ და დავით კაკულიებს. ერთხელ მარტო იყო, მეორედ კი ბუსა ჟვანიასთან ერთად:

„დავითი და გურამი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. ბუსაც იცნობს მათ და ალეკოც, ჩემგან გამომდინარე. სომხეთში პირველად ჩასვლის მიზეზი იყო ის, რომ ჩემი მეგობრები (დავით და გურამ კაკულიები) აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას და მთხოვეს, რომ მათ წამოსაყვანად ჩავსულიყავი. მარტო ჩავედი, ჩემი მანქანით და მეორე დღეს წამოვედით, მაგრამ საზღვარზე შეექმნათ პრობლემა. ისინი შეაყოვნეს და იძულებულნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მე წამოვედი თბილისში, საქმეები მქონდა. დაახლოებით ორ დღეში დამირეკეს, მითხრეს, რომ რაღაც ხარვეზი იყო, რომელიც აღმოფხვრილია და თუ გცალია, ჩამოდი და წავიდეთო. ამჯერად მე და ბუსა წავედით კვლავ ჩემი მანქანით. ჩავედით, იმ დღესვე წამოვედით და ერთ-ერთს საზღვარზე ისევ პრობლემა შეექმნა, უთხრეს, რომ საქართველოს მოქალაქე არ ხარ და შენ პასპორტს რაღაც პრობლემა აქვსო და კვლავ არ შემოუშვეს. რადგან არ შემოუშვეს, მე და ბუსა ახალგადმოსულები ვიყავით და ისევ გადავედი უკან, წავედით სომხეთში და რამდენიმე დღე ვიყავით იქ. მას მერე სომხეთში აღარ ვყოფილვარ“.

კავილაძის მანქანაში აღმოჩენილი „დაცხრილული ქაღალდის სამიზნე“

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებში დევს ე.წ. სამიზნე, რომელიც სამართალდამცავებმა გიორგი კავილაძის მანქანაში, კერძოდ სავარძლის უკანა ჯიბეში იპოვეს. სამიზნეზე აღმოჩენილია გიორგი კავილაძის დნმ.

28 თებერვლის სხდომაზე, პროკურორი ამ მტკიცებულებით განსაკუთრებით დაინტერესდა. საიდან აღმოჩნდა ქაღალდის სამიზნე მანქანაში და როგორ აღმოჩნდა კავილაძის ხელში ეს ნივთი.

„ეს სამიზნე რამდენიმე თვით ადრე თავად ჩავდე მანქანაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არის სრულწლოვანი, შეუძლია მივიდეს ტირში და აქვს თუ არა გაფორმებული იარაღი, შეუძლია, რომ ტირის მფლობელობაში არსებული იარაღებით ისროლოს“.

მოსამართლე დავით მგელიაშვილი

- „გიორგი, თქვენი პასუხი რა არის პროკურორის კითხვაზე, რომ მიდიხართ ტირში და ისროდით ცეცხლსასროლი იარაღით?“, - დააზუსტა პროკურორის კითხვა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა.

- "დიახ".

გიორგი კავილაძის დაკითხვა სასამართლოს სხდომათა დარბაზში 7 მარტს უნდა გაგრძელდეს. მანამდე კი პროკურორი გია შაიშმელაშვილი თვლის, რომ ბრალდებული გამოძიებას „თვალებში ნაცარს აყრის“. ის ამბობს, რომ 28 თებერვალს, სასამართლოს დარბაზში მან ტყუილი მოისმინა:

გია შაიშმელაშვილი

„საქმის მტკიცებულებების მიხედვით, დღეს მოტივთან და ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში მოვისმინეთ ტყუილი. რაც შეეხება სომხეთში ჩასვლას, მან დაადასტურა, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა სომხეთში. რა მიზნით და რისთვის, ამაზე მომავალი დაკითხვის პირობებში ვისაუბრებთ“.

22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ათზე მეტი გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მისი მკვლელობა დეტალურად აღწერა ქუჩის სათვალთვალო კამერამ.

ნიკო კვარაცხელია

მკვლელობაში ბრალდებულები, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სამართალდამცავებმა 7 ოქტომბერს, წყნეთში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები, კვალის არევის მიზნით, იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს, რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და დაკავებას. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის არევის მიზნით 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს.

ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) ჩადენილ დანაშაულს ედავება.

ბრალდებულები თავს მხოლოდ ნაწილობრივ ცნობენ დამნაშავედ. ისინი გამორიცხავენ ჯგუფურ მკვლელობას. ალეკო ჭელიძე ამბობს, რომ დანაშაული მხოლოდ მისი ჩადენილია და მას თანამზრახველი არ ჰყოლია. გიორგი კავილაძესთვის მიუღებელია მეორე ბრალდებაც, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაც.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, 1996 წელს დაბადებული ი.ბ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს დააკავა. ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებითაა დაკავებული.

გამოძიების ვერსიით, ი.ბ. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კავილაძესთან მეგობრობდა, შესაბამისად, მან იცოდა მეგობრის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ი.ბ.-მ საკუთარ სახლში ღამე გაათევინა გიორგი კავილაძესა და ალეკო ჭელიძეს, ხოლო მეორე დღეს მათ მიმალვაში დაეხმარა.

დანაშაული დადასტურების შემთხვევაში 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით.