ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე საქართველო ფრთხილობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობაში ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ამ შემთხვევაში, როდესაც დაკეტილია მთლიანად ევროპის მიმართულებები, ჩვენი მეზობელი, ასევე მეგობარი ქვეყნებისთვის საქართველოს გავლით ფრენა იყოს ერთადერთი კავშირი რუსეთთან... ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფრთხილი ვართ და მათ შორის რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ", - თქვა დავითაშვილმა.

უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ საჰაერო სივრცე ჩაუკეტა.

„ისინი ვერ შეძლებენ ვერც დაშვებას, ვერც აფრენას და ვერც EU-ს თავზე გადაფრენას", - ასეთია ევროკავშირის პოზიცია.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს. რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.