საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ზუსტად იმავეს ფიქრობს, რასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს თქვა, რომ საჭიროა "ცოტა სხვანაირად გავაანალიზოთ მოვლენები".
"ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს და მე ვფიქრობ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ჩვენი ოპოზიცია უნდა გადადგეს, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, როცა იყო ხელისუფლებაში, მაშინ ტაშ-ფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს. ზეიმობდა მაშინ, როცა ჩვენი ზოგიერთი გმირი ჯერ კიდევ ბოლო წამებს ითვლიდა და სულს ღაფავდა...
ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება სწორ გზაზე და არა პირიქით. ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, ზედაპირულობას. ვხედავთ, რომ თითქოსდა ამ ადამიანებს ერთი სული აქვთ, ამ ქვეყანაში ტყვია გავარდეს - მინდა გავუცრუო მათ იმედები და ვთქვა, ამ კონკრეტული პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ დაცულები", - თქვა თეა წულუკიანმა.
მან ჟურნალისტი გააკრიტიკა იმის გამო, რომ იკითხა, ზუსტად ისევე ფიქრობდა თუ არა ისიც, როგორც პრემიერ-მინისტრი:
"რას ნიშნავს "მეც", მე ვარ ამ მთავრობის წევრი, ამ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულია ამ მთავრობაში ვიცე-პრემიერი და, რა თქმა უნდა, მე არ ვარ "ც". მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ, 28 თებერვლის, მთავრობის სხდომაზე გაიმეორა, რომ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების გამო, არ აპირებს უკრაინაში ომის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთსმეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.