რუსეთი აცხადებს, რომ მისი ავიაცია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე "ბატონობს"

რუსეთის მიერ დაბომბილი სახლი კიევში. 2022 წლის 25 თებერვალი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა დღეს, 28 თებერვალს, მოსკოვში განაცხადა, რომ „რუსეთის ავიაციამ ბატონობა მოიპოვა ჰაერში, უკრაინის მთელი ტერიტორიის თავზე“.

კონაშენკოვის თანახმად, ოპერაციის დაწყების დღიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებულია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1114 ობიექტი, მათ შორის, მართვის 31 პუნქტი, 314 ტანკი და ჯავშანმანქანა და ზალპური ცეცხლის 57 რეაქტიული სისტემა.

კონაშენკოვის განცხადებითვე, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ხმელეთზე გაანადგურეს, 1 კი - ჰაერში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მტკიცებით, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ქალაქები ბერდიანსკი და ენერგოდარი და აკონტროლებენ ტერიტორიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო.

ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩერნობილს საჰაერო-სადესანტო ძალები აკონტროლებენ

რუსეთი არაფერს იუწყება საკუთარი დანაკარგების შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ პირველად 27 თებერვალს აღიარა, უკრაინაში რუსი სამხედროების დაღუპვის ფაქტი, თუმცა რაოდენობა არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, 4 დღეში რუსეთმა 5000-ზე მეტი სამხედრო დაკარგა

როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 14 ბავშვის სიცოცხლე.

ასევე ნახეთ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკების ადგილზე იმყოფებიან

პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი). უკრაინის შეიარაღებული ძალების და მოხალისეების წინააღმდეგობის შედეგად რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ვერცერთ დიდ ქალაქზე კონტროლის დამყარებას.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.