უკრაინული დელეგაცია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად ჩაფრინდა. პროცესი უკრაინა-ბელარუსის საზღვართან შედგება.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მოლაპარაკების საკვანძო საკითხებია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა.
უკრაინული მხარის დელეგაციას წარმოადგენენ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი, უკრაინის სამმხრივი კონტაქტების ჯგუფის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდერეი კოსტინი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში შედიან რუსეთის ელჩი ბალარუსში ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.
მისი თქმით, უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის „რუსეთის პოზიცია ჩამოყალიბებულია“ და რუსული მხარე მზადაა იმდენ ხანს აწარმოოს მოლაპარაკებები, სანამ შეთანხმება არ მიიღწევა.
შეთანხმება მხარეებს შორის მოლაპარაკების გამართვაზე 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში შედგა. უკრაინა დათანხმდა შეხვედრას ბელარუსის ტერიტორიაზე, თუმცა არა ქალაქ გომელში, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვდა, არამედ საზღვართან, მდინარე პრიპიატის სიახლოვეს.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ერთმანეთს წინაპირობების გარეშე ხვდებიან და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ბელარუსის პრეზიდენტი იღებს.
რუსეთი მეხუთე დღეა განაგრძობს საომარ მოქმედებებს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი). უკრაინის შეიარაღებული ძალების და მოხალისეების წინააღმდეგობის შედეგად, რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ვერცერთ დიდ ქალაქზე კონტროლის დამყარებას.